საქმე სახუმაროდ არ გვაქვს - რას წერს რუსეთის რაგბის ფედერაცია "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ru

რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ, რომელიც 17 მარტს კრასნოდარში გაიმართება, რუსეთის რაგბის ფედერაცია საკუთარ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების შესახებ უყვება. მეტოქის შესახებ მასალა "დათვების" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

"უკვე 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრები რუსი მორაგბეებისთვის უნიკალურ გამღიზიანებლად რჩება. საქმე სახუმაროდ არ გვაქვს - ქართველებზე ერთადერთი გამარჯვება 26 წლის წინ, 1993 წლის მაისში მოვიპოვეთ, ერთადერთი ფრე კი 2002 წელს დაფიქსირდა.

რუსეთის ნაკრებში ახლა არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბეები, რომელთა დაბადების დღიდან ჩვენ საქართველოს ნაკრებთან არ მოგვიგია. "ბორჯღალოსნებმა" კი დიდი გზა გაიარეს,
მსოფლიოს ოთხ თასზე მოხვდნენ (2003, 2007, 2011, 2015) და აშკარა პროგრესი განიცადეს. თუკი მსოფლიოს თასზე პირველად ქართველებმა ვერც ერთი თამაში ვერ მოიგეს, შემდეგ ორ თასზე უკვე თითო გამარჯვება მოიპოვეს, 2015 წელს კი ორი გამარჯვებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და იაპონიის საგზურიც გაინაღდეს. ასე რომ, 17 მარტს კრასნოდარში ერთმანეთს იაპონიაში მიმავალი ორი გუნდი შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებმა შთამბეჭდავი ტესტ-მატჩები ჩაატარა ძლიერ მეტოქეებთან - ფლორენციაში იტალიასთან ღირსეულად დამარცხდა (17:28) და დამაჯერებლად სძლია შინ ტონგას (20:9). მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მილტონ ჰეიგის შეგირდები, ჩვეულებისამებრ, სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან: გამარჯვება სტუმრად რუმინეთთან (18:9), ესპანეთთან თბილისში (24:10) და ბელგიასთან ბრიუსელში (46:6). სერიოზული წინააღმდეგობა ქართველებს ვერც გერმანიის ნაკრებმა გაუწია, რასაც მატჩის ანგარიშიც (52:3) ადასტურებს. რაგბის სპეციალისტების აზრით, ამ შეხვედრაში ქართველებმა მეტოქის სისუსტე გამოიყენეს და სათამაშო ელემენტებზე იმუშავეს. რაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" შეკრება ინგლისელებთან გაიარეს? ეს სულ სხვა დონეა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილიდან მომდინარეობს.

საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვში ევროპული კლუბების წარმომადგენლები შედიან. ლეგიონერთა უმეტესობა ფრანგულ კლუბებში ასპარეზობს - ლევან ჩილაჩავა, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე "მონპელიეს", ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ჯავახია, ვანო ქარქაძე, მერაბ შარიქაძე - "ორილიაკის", გურამ გოგიჩაშვილი "რასინგ 92"-ის, გიორგი მელიქიძე "სტად ფრანსეს", ბექა გორგაძე "ბორდოს", ვასილ ლობჟანიძე "ბრაივის", შალვა სუთიაშვილი "ანგულემის", ბექა გიგაშვილი კი "გრენობლის" ღირსებას იცავენ.

არიან სხვა ქვეყნებში მოთამაშე მორაგბეებიც - ზურაბ ჟვანია ("უოსპსი", ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი ("კორნიშ პირატსი", ინგლისი), გიორგი ნემსაძე ("ოსფრიზი", უელსი), დავით გიგაური ("ბუქარესტი", რუმინეთი).

თუმცა, საკმარისი მორაგბეა ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან: გიორგი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ძნელაძე, გიორგი კვესელაძე, ალექსანდრე თოდუა, სოსო მათიაშვილი, გიორგი აფციაური და ლაშა ხმალაძე.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთთან მატჩში მაქსიმალურად მოტივირებული და კონცენტრირებული იქნება. თუმცა, ჩვენს მორაგბეებს სხვა არაფერი დარჩენიათ - მსოფლიოს თასზე მოხვედრას დიდი ფასი ადევს, მაგრამ "ბორჯღალოსნებზე" გამარჯვება ნამდვილად შევა ისტორიაში", - წერს რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტი.

მომზადებულია rugby.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
გამოვდივარ ინიციატივით, რომ მორაგბეებმა შავი სამკლაური გაიკეთონ და რუსების მიერ წამებით მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას მიაგონ პატივი და გამარჯვება!!!
გიორგი მამუკაშვილი
17:09 14-03-2019
4
რუმინეთსთან რუსებმა 3 გარდასახვა გააცუდეს და რუმინელების ერთი ლელო მაგარი საეჭვო იყო, მოკლედ რუმინეთზე კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენთან თავს მოიკლავენ მაგრამ მაინც ვერ მოგვიგებენ!!!!ეს 25 წლიანი ტრადიცია კიდევ დიდხანს უნდა გავაგრძელოთ!!!
პაატა
16:16 14-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული