"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის" - "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" ღია ვარჯიში ჩაატარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
© გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნებმა", რომელიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადება, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის "შევარდენზე" ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა.

მიუხედავად სიცხისა, თითქმის 2-საათიანი ვარჯიში ინტენსიური იყო და მორაგბეები სათამაშო სიტუაციებიდან კომბინაციების დახვეწაზე იმუშავეს.

ჩვენი გუნდის ვარჯიშს ტრიბუნებიდან 300-მდე ქომაგმა უყურა, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა და მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს.

ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე 27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" "საუზერნ კინგსთან", 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან და 6 სექტემბერს სტუმრად, იმავე შოტლანდიასთან "მარიფილდზე" გასამართ მატჩებზე არიან კონცენტრირებულნი.

მილტონ ჰეიგი:
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მოთამაშეების ამჟამინდელი ფიზიკური კონდიციებით. მათ ძალიან რთული 7-8 კვირა გაიარეს, განსაკუთრებით კი, თურქეთის შეკრების ბლოკი, სადაც ბიჭებმა საკმაოდ მძიმე ვარჯიშები ჩაატარეს. ახლა კი გადავდივართ მომზადების იმ ნაწილზე, რომელშიც თამაშის ტაქტიკურ მხარეზე ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მზადებით კმაყოფილი ვარ".

მერაბ შარიქაძე: "სამი მნიშვნელოვანი თამაში გველის, სამივე ძალიან ძლიერ გუნდებთან - "საუზერნ კინგსთან", რომელიც სწრაფი, მოხერხებული თამაშით გამოირჩევა და შოტლანდიასთან, რომელსაც დიდი დახასიათება არ სჭირდება. ეს თამაშები კარგი გასახურებელი პლაცდარმი იქნება მსოფლიო თასის წინ. უკეთესს ვერც ვინატრებდით, რადგან შოტლანდია რეგულარულად ეთამაშება ექვსი ერის გუნდებს, უელსს, რომელთანაც იაპონიაში გვაქვს პირველი შეხვედრა. შოტლანდია ტიერ1-ის პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოდის. ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ ასეთი კარგი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან და მოვიდნენ სტადიონზე. მათ ვპირდები, რომ 27-შიც და 31-შიც ძალიან კარგ თამაშებს იხილავენ.

ბოლოდროინდელმა შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენი ჯგუფი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე თავიდან ჩანდა. ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით, მაგრამ ყველას აქვს სუსტი წერტილი და შევეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ.

2015 წელს ძალიან რთული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და იმ ეტაპისთვის, რა შესაძლებლობებიც გვქონდა, მაქსიმუმზე ვიყავით. ახლა ჩვენი შესაძლებლობებიც გაიზარდა, მოსამზადებელ პერიოდს უკეთეს ფორმაში შევხვდით და გვქონდა იმის შესაძლებლობა, მეტი გაგვეკეთებინა".

ლევან ჩილაჩავა: "თურქეთში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული, ძალიან კარგი შეკრება გვქონდა. რთული სამი კვირა გავიარეთ და ნელ-ნელა შევდივართ მსოფლიო თასისთვის საჭირო ფორმაში. ძალიან კარგი მოსამზადებელი თამაშები გველის, განსაკუთრებით, შოტლანდიასთან თბილისში. გვაქვს იმედი, რომ მაყურებლები სტადიონს გაავსებენ და ეგებ ერთად გამარჯვებაც მოვახერხოთ".

გიორგი ბეგაძე: "მოგეხსენებათ, აფრიკელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ამავდროულად, დინამიკურ, სწრაფ რაგბის თამაშობენ. გამონაკლისი არც "საუზერნ კინგსია" და ეს ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი შოტლანდიასთან მატჩის წინ. მინდი ვთხოვო გულშემატკივარს, რომ 27 და 31 აგვისტოს მოვიდნენ სტადიონზე და ერთად მოვემზადოთ მსოფლიო თასისთვის".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული