"მსოფლიო რაგბმა" ოთარ გიორგაძე გაიცნო

AutoSharing Option
ფოტო: Hagiwara Yasuo

მსოფლიო თასის დაწყების წინ, "მსოფლიო რაგბი" კიდევ ერთ ბორჯღალოსანს, 23 წლის მესამეხაზელ ოთარ გიორგაძეს ესაუბრა, რომელსაც უდიდეს სარაგბო ფორუმზე დებიუტი ექნება.

გიორგაძემ განვლილი გზა გაიხსენა - რაგბის ბურთთან პირველი შეხებიდან, იაპონიის მსოფლიო თასამდე:

"რაგბის თამაში 8 წლის ასაკში, საქართველოში დავიწყე. ჩემი პირველი კლუბი ქუთაისის "აია" იყო, სადაც 10 წელი გავატარე. ვითამაშე საქართველოს 18 და 20-წლამდე ნაკრებებში, სადაც შემამჩნიეს კიდეც "კლერმონის" მწვრთნელებმა და საფრანგეთში წამიყვანეს".

"კლერმონი ჩემი პირველი უცხოური კლუბი იყო და იქ სამი
წელი გავატარე. პირველი ორი წელი ესპუარი ვიყავი, ბოლო წელი კი უფროსთა გუნდში გავატარე. მაგრამ ტრავმა მივიღე და 2018 წელს ბევრი თამაშის ჩატარება არ მომიწია. მსოფლიო თასი მოდიოდა და მსურდა რაც შეიძლება მეტი მეთამაშა. ვესაუბრე ჩემს აგენტს და "ბრივთან" კონტრაქტი გავაფორმე, რომლის შემადგენლობაშიც ბევრი მატჩი ჩავატარე და უდიდესი გამოცდილება შევიძინე. ამან თავდაჯერებულობა შემმატა და ვირწმუნე, რომ მსოფლიო თასზე წავიდოდი".
Sportall.Ge
გიორგაძისთვის ერთ-ერთი რთული პერიოდი მამის გარდაცვალება იყო, რის გადატანაშიც მას ოჯახის წევრები დაეხმარნენ:

"მამა ცოტა ხნის წინ გარდამეცვალა. "კლერმონის" შემადგენლობაში, უმაღლეს დონეზე პირველი თამაში ახალი ჩატარებული მქონდა, როდესაც ოჯახმა დამირეკა და ეს სამწუხარო ამბავი გამაგებინა. ეს ჩემთვის უმძიმესი პერიოდი იყო. ოჯახთან ახლო ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით დედასთან და ბებიასთან, რომლებიც სირთულეების გადალახვაში დამეხმარნენ. ასევე მყავს და, რომელიც პროფესიონალი ქართულის მოცეკვავეა".

ვასილ ლობჟანიძის მსგავსად, გიორგაძისთვის საკლუბო რაგბში დასამახსოვრებელი თამაში ტოპ 14-ში ასასვლელი ფლეი ოფია, რომელშიც "ბრივმა" "გრენობლი" დაამარცხა:

"ეს დღე საუკეთესოდ მახსენდება. მანამდე "ბეიონთან" პრო დე2-ის ფინალი წავაგეთ და უდიდეს წნეხს განვიცდიდით. მთელი სეზონის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, რათა ტოპ 14-ში დავბრუნებულიყავით და გადათამაშების მოგება უდიდესი შვება იყო. ყველანი 100%-ით დავიხარჯეთ და ტოპ 14-ში დავბრუნდით. საკლუბო რაგბში ეს თამაში გამორჩეულია ჩემს კარიერაში, ხოლო სანაკრებო დონეზე საქართველოს ნაკრებში დებიუტს გამოვყოფ" - ამბობს ოთია, რომელსაც ნაკრების კვართით 21-ჯერ უთამაშია.
გიორგაძეს, ძალისმიერი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ხშირად ადარებენ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძეს, რომელიც ნაკრებს დაუბრუნდა, ახლა იაპონიაში ბორჯღალოსნებთან ერთადაა და მსოფლიო თასისთვის ემზადება. ახალგაზრდა მორაგბისთვის ასეთი პარალელი სასიამოვნოა, თუმცა ამბობს:

"ძალიან რთულია მამუკას შეედარო, რადგან ის ნამდვილი გმირი და უდიდესი ქართველი მორაგბეა. ვნახოთ გამომივა თუ არა მის დონეზე თამაში".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული