მაისაშვილი: თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება

AutoSharing Option
დუბლინში, "ავივაზე" ირლანდიასთან ნაბრძოლმა "ბორჯღალოსნებმა" ორშაბათს დაისვენა, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშა და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო.

საქართველო 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის, "შემოდგომის ერთა თასზე" მე-7 ადგილისთვის ერკინება.

"რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. ვინაიდან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებულნი და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები", - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ნაცნობი ფიჯი

საქართველო ფიჯის ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ ეთამაშა და ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა, მაგრამ
წელს სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და მას შემდეგ გუნდს ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია.

კოვიდ-ინფექციის გამო ფიჯიმ "შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფურ ეტაპზე ვერც ერთი მატჩი ვერ ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის არქონა ერთი მხრივ პრობლემაა, თუმცა მას მეორე მხარეც აქვს:

"სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია, მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან.

მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით, რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად.

მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ.

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონო მაისაშვილო, წელიწადზე მეტია გეუბნებით ასეიშვილი, ჟვანია გამოიძახეთ მეთქი.... არც ჩილაჩავა ჩანს... ალბათ, დავალება გაქვს... არ მინდა დავიჯერო...როგორც მსოფლიოზე, ალბათ, ისევ შევრცხვებით ფიჯისთან.....
გიორგი 50
21:49 03-12-2020
4
ტარდება თუ ეს მატჩი არ იცით რომ დაწეროთ?
ბათუმი
15:07 03-12-2020
0

სიახლეები პოპულარული