მაისაშვილი: გრანდებთან 11 დებიუტანტით - ჩვენი შერკინება და მოლი ისევ იქნება დომინანტი

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც "შემოდგომის ერთა თასმა" ქართულ რაგბს მისცა.

ისტორიული ტურნირი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და საქართველომ ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. მანამდე სამი კვირით ადრე, შოტლანდიასთან გასახურებელი ტესტ-მატჩი ვეთამაშეთ.

მსგავსი გამოცდილება "ბორჯღალოსნებს" აქამდე არასდროს ჰქონიათ. უფრო კონკრეტულად, დამოუკიდებლობის პირველ 10-წლეულში ვთამაშობდით ყაზახეთთან, ლატვიასთან, შვეიცარიასთან, ბულგარეთთან, მოლდოვასთან, ხორვატიასთან, დანიასთან. ფრედ ვითამაშეთ ლუქსემბურგთან და დავთმეთ მატჩი პოლონეთთან.

მეორე ათწლეულში ჩეხეთი, უკრაინა და ჰოლანდია საქართველოს კონკურენციას ვეღარ უწევდა, მაგრამ გვიწევდა ბრძოლა რუმინეთთან,
რუსეთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ურუგვაისთან და ჩილესთან. პრაქტიკულად უშანსოდ ვიყავით აშშ-სთან და კანადასთან.

ბოლო ათწლეულში სიტუაცია აქაც რადიკალურად შეიცვალა. "ბორჯღალოსნები" პრაქტიკულად უკონკურენტონი არიან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და რუმინეთთან ბუქარესტში წარუმატებელი შეხვედრაც კი, მტკივნეულად აღიქმეოდა. პირველად ისტორიაში სტუმრად და სარეკორდო სხვაობებით დავამარცხეთ აშშ და კანადა. გავუშინაურდით კუნძულელებს - ფიჯის, სამოას და ტონგას. გვქონდა წარმატებული ტურნე კუნძულებზე და მეორე დონის ყველა ქვეყანასთან, გარდა იაპონიისა (2020 წლიდან იაპონია ოფიციალურად პირველი დონის სარაგბო ქვეყნად მიიჩნევა) და ფიჯისა, მოგება-წაგებთა დადებითი ბალანსი გვაქვს,

ბოლო ათწლეულში დავიწყეთ ტესტ-მატჩების გამართვა ტიერ1-ის ქვეყნებთან, მაგრამ მსოფლიო თასს მიღმა მხოლოდ წელიწადში ერთხელ, საუკეთესო შემთხვევაში ორჯერ გვიწევდა უმაღლესი დონის გამოცდილების მიღება, "შემოდგომის ერთა თასზე" კი, მსოფლიო რაგბის ბობოლებთან მიჯრით იმდენი შეხვედრა ჩავატარეთ, რამდენსაც ერთად აღებულად ვატარებდით ოთხი წლის განმავლობაში, ოღონდ მსოფლიო თასს მიღმა.

პანდემია – შანსი და პრობლემები

2020 წელს "ბორჯღალოსნებს" ტესტ-მატჩები უნდა გაემართა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან (ზაფხულში) და საფრანგეთთან (შემოდგომას), მაგრამ კოვიდ 19-ის პანდემიამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. საერთო კრიზისის ფონზე, მსოფლიო რაგბისა და ექვსი ერის მმართველებმა ერთჯერადი ტურნირის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, სადაც ფიჯისთან ერთად, იაპონიის უარის შემდეგ, საქართველო მიიწვიეს.

როგორ ემზადებოდა საქართველო ამ ტურნირისთვის? ამის შესახებ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თავად ისაუბრებს:

"თბილისში მყოფმა ჯგუფმა, მათ შორის ლეგიონერთა ნაწილმა, მზადება მაისის ბოლოდან, შეზღუდვების ფონზე დავიწყეთ. ამ დროს არც ვიცოდით რისთვის ვემზადებოდით. გვქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა რუსეთთან გვეთამაშა, მაგრამ სრული გაურკვევლობის ფონზე, ფაქტობრივად უმიზნოდ ვემზადებოდით, რაც ძალიან რთულია.

მერე გაჩნდა მიზანი, რადგან ჩაინიშნა ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან, მოგვიანებით კი გაჩნდა უფრო დიდი მიზანი - "შემოდგომის ერთა თასი".

არასწორი მოლოდინები აჩენს დიდ იმედგაცრუებას. ჩვენ კარგად გვესმოდა, რა დონის გუნდებთან მოგვიწევდა თამაში, თანაც მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ახალ გუნდს ვაშენებთ და თავიდანვე განისაზღვრა მიზანი - თამაშიდან თამაშამდე გავზრდილიყავით, უკეთესი რაგბი გვეთამაშა და გვქონოდა პროგრესი. პირადად მე ვთვლი, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა და ახლა თვისობრივად სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით".

განახლებული მეორე ხაზით

ჯერ კიდევ შოტლანდიასთან მატჩამდე "ბორჯღალოსნებს" მოსამზადებელ ეტაპზე პრობლემები შეექმნათ. საფრანგეთში, სამდღიან შეკრებაზე, მორაგბეთა ნაწილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ნაწილი გვიან ჩავიდა შეკრებაზე და ფაქტობრივად გუნდური ვარჯიშის ჩატარება ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, პრობლემა იყო უთამაშებლობა, როგორც ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებისთვის, ასევე ლეგიონერთა დიდი ნაწილისთვის:

"შოტლანდიასთან მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ, მორაგბეთა დიდი ნაწილი დიდი ხნის უთამაშებელი იყო და შედეგიც სახეზეა. განსაკუთრებით დავიჩაგრეთ შეჯგუფებებში, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს, რომელსაც შეთამაშება სჭირდება და დარწმუნებული ვიყავით, თამაშიდან თამაშამდე უკეთესობა იქნებოდა.

მეორე ხაზს თუ შევხედავთ, ბოლო პერიოდში გუნდი დატოვეს ამ პოზიციის მორაგბეებმა - გიორგი ჩხაიძემ, ლევან დათუნაშვილმა, შალვა სუთიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და მამუკა გორგოძემ. იმ შემადგენლობიდან დაგვრჩა მხოლოდ კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნაოპერაციები იყო, დიდი ხანი გაუცდა და არ იყო საუკეთესო ფორმაში.

ჩვენ დავუძახეთ ყველას, ვისი ნახვაც მეორე ხაზში შიძლებოდა. გიორგი ჯავახია, გრიგორ ქერდიყოშვილი და ლაშა ჯაიანი, ფაქტობრივად დებიუტანტები იყვნენ, ნაკრებში თითო-ოროლა თამაში ჰქონდათ ჩატარებული და უცებ ამ დონის მოწინააღმდეგეებთან მოუწიათ თამაში. ჩატარდა უდიდესი სამუშაო და ამ ახალგაზრდა ბიჭებმა მოკლე პერიოდში არანორმალური პროგრესი განიცადეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ამ პოზიციაზე გამოუვალი მდგომარეობა აღარ გვაქვს და ეს ბიჭები ერთმანეთთან კონკურენციით კიდევ უფრო გაიზრდებიან.

ყოველ მომდევნო თამაშში უკეთესი იყო ჩვენი მოლი. თუ არ ჩავთვლით ირლანდიასთან მატჩს, დერეფანში პრაქტიკულად ყველა ჩვენი ბურთი წავიღეთ. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ამ ბიჭებს მოუვათ ჯანი, შეთამაშდებიან, მოერგებიან პირველ ხაზს და მომავალში ჩვენი შერკინება და მოლი ისევ იქნება დომინანტი".

ახალგაზრდული შემადგენლობით

"შემოდგომის ერთა თასზე" ნათამაშებ გაფართოებულ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, გუნდის ნახევარი - 18 მორაგბე 24 და უფრო პატარა ასაკის მორაგბეა, რომელთა დიდმა ნაწილმა პირველი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო რაგბში:

"ტურნირზე ფაქტობრივად 11 დებიუტანტი გვყავდა, რომელთა ნაწილს ნაკრებში თითო-ოროლა თამაში ჰქონდა ჩატარებული, ნაწილი კი დებიუტანტი იყო. ასევე გვყავდა ლუკა მატკავა, რომელსაც თამაში არ მოუწია, მაგრამ ის პერსპექტიული ბიჭია, ამ ეტაპზე გამოცდილება მხოლოდ შეკრებაზე მიიღო და მომავალში აუცილებლად მოუწევს თამაში.

კვესელაძე ნაკრებში ფრთაზე თამაშობდა, ახლა კი ცენტრში დაიმკვიდრა ადგილი, რაც ნდობის და მუშაობის შედეგია. წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე უცვლელად თამაშობდა დავით კაჭარავა და მარტივი არაა მისი ჩანაცვლება. მას ჰქონდა შეცდომები და შეცდომას ყველა მოთამაშე უშვებს, მაგრამ სწორედ ამ შეცდომებით ვიზრდებით და ვითარდებით", - ამბობს მაისაშვილი და სელექციაზე განაგრძობს:

"ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნაკრებში ამა თუ იმ მორაგბის გამოძახებას მოითხოვენ. მე მაქვს ჩემი ხედვა და ამის მიხედვით ხდება სელექცია. ვითვალისწინებთ მოთამაშის საერთო უნარ-ჩვევებს, ფიზიკურ კონდიციებს, კონკრეტულ პოზიციაზე მის უნარებს. კონკრეტულ თამაშზე სელექცია ხდება ვარჯიშებზე აქტივობით.

ჩვენ ვიღებთ და ვარჩევთ ყველა ვარჯიშს. ვაკვირდებით როგორ ასრულებს მოთამაშე ვარჯიშებზე კონკრეტულ დავალებებს ტექნიკურად და როგორ ფიზიკურ კონდიციაშია. ჯიპიეს სისტემით ვამოწმებთ მოთამაშის ენერგიის საერთო მოცულობას, აჩქარებას, მაღალი სიჩქარით გადაადგილებას და ა.შ. ყველა მოთამაშეს თავისი კრიტერიუმი აქვს და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაეცნონ მონაცემებს, ვეუბნებით რაზე აქვთ სამუშაო.

არავისთან მაქვს ურთიერთობის პრობლემა, თუმცა გუნდში გვაქვს სამი ფასეულობა - შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და პატიოსნება. ყველა ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს საქმე ვარჯიშებზე. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა შეცდომებზე, მაგრამ თუ ერთიდაიგივე შეცდომა მეორდება, ეს უკვე დისციპლინის პრობლემაა. გარდა ამისა, რაგბი კოლექტიური სპორტია და მნიშვნელოვანია მოთამაშე ერგებოდეს გუნდის ფილოსოფიას. მოთამაშეთა გამოძახებასა თუ შემადგენლობაში დაყენებას ერთი კაცი არ წყვეტს. ეს პროცესია, რომელშიც მთელი სამწვრთნელო შტაბია ჩართული.

არის შემთხვევები, როდესაც მოთამაშეს აქვს ტრავმა, ან არაა სასურველ ფორმაში და ამის გამო ვერ მოხვდეს შემადგენლობაში. ძალიან ბევრი რამის აწონვა გვიწევს. ხშირი იყო საუბრები ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამ პოზიციაზე გვყავდა ორი მოთამაშე, რომლებიც ამოცანას თავს კარგად ართმევდნენ და მესამე ბურჯი, რომელიც ორვე პოზიციას ფარავს. მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მქონდა ზურასთან საუბარი და ძალიან ბევრი საკითხი გავიარეთ. მე მესმის გულშემატკივრის, როდესაც ამა თუ იმ მოთამაშის დაყენებას ითხოვს, მაგრამ ესაა ემოცია, შემადგენლობის შერჩევას კი წინ ძალიან დიდი სამუშაო უძღვის.

საუკეთესო თამაში

"შემოდგომის ერთა თასზე" "ბორჯღალოსნებმა" საუკეთესო თამაში ირლანდიასთან ჩაატარეს. "ავივაზე" მასპინძლებმა 23:10 მოიგეს, თუმცა "სამყურებმა" მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს:

"პროცესი თანმიმდევრულად წარიმართა, რისი შედეგიც ირლანდიასთან თამაში იყო. მანამდე კარგად ვითამაშეთ უელსთან, მაგრამ არაერთმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა აღნიშნა, რომ მსაჯმა შერკინებებში გაურკვეველი გადაწყვეტილებები მიიღო და ეს შედეგზე აისახა. არავის არაფერს ვაბრალებთ, მაგრამ ეს იყო ობიექტური ხელისშემშლელი. უელსელები შერკინებაში სიმძიმის ღერძს ცვლიდნენ და ამაზე მსაჯს რეაგირება არ ჰქონდა.

ირლანდიასთან მშრალი ამინდი იყო და ბურთის კონტროლი უკეთ შევძელით. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის პირველ შემადგენლობას ვეთამაშეთ და იყო შეცდომებიც, მაგრამ უფრო მეტი პოზიტივი - გავიტანეთ ტურის საუკეთესო ლელო, დამუშავებული კომბინაციის შემდეგ. კვესელაძემ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა, თუმცა იმუშავა მიყოლამ და მას გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. პოზიტიური იყო ისიც, რომ მეორე ტაიმში მხოლოდ 3 ქულა მივიღეთ.

მიუხედავად მარცხისა, პოზიტიური მომენტები ფიჯისთან მატჩშიც გვქონდა. ძალიან დიდი იყო ფსიქოლოგიური წნეხი, რასთან გამკლავებაც გაგვიჭირდა და დებიუტში 19 უპასუხო ქულა მივიღეთ, თუმცა შევძელით და თამაშში დავბრუნდით. პირველი ტაიმის ბოლოს კიდე 3 ქულის აღება შეიძლებოდა, მაგრამ ემოციამ იძალა და შერკინება ავირჩიეთ, სადაც გვქონდა დომინაცია, თუმცა მსაჯისგან ამას რეაქცია არ მოჰყოლია.

ჩვენ თავად დავუშვით შეცდომები, თამაში მოწინააღმდეგის მხარეს ვერ გადავიტანეთ, ინდივიდუალურად ვერ გავაჩერეთ ფიჯის მსოფლიო დონის უკანახაზელები და მივიღეთ ლელოები. მოწინააღმდეგის მოთამაშეებს ფიზიკურად ვერ მოვერიეთ და ფიქრია საჭირო, რათა სხვა დროს მსგავს სიტუაციებში მოვახდინოთ გადაზღვევა. ასევე ისე უნდა ვითამაშოთ შეტევაში, მსაჯს საკამათო გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი არ ჰქონდეს. და მაინც, მთავარი ისაა, რომ ბოლომდე დავრჩით ბრძოლაში, ფსიქოლოგიურად გარდატეხა მოვახერხეთ და ბოლოს ორი ლელოც გავიტანეთ".

გამოცდილება მწვრთნელებისთვის

თავიდანვე ვახსენეთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებმა უდიდესი პროგრესი განიცადა და პრაქტიკულად ფსკერიდან, უმაღლეს დონეს მიუახლოვდა.

განვითარების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდი და ზოგადად რაგბი განვითარდეს არა მხოლოდ მოთამაშეების, არამედ მენეჯმენტის კუთხით და "შემოდგომის ერთა თასზე" ამ კუთხითაც დიდი ნაბიჯი გადაიდგა:

"ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, სადაც არ გვქონდა მოდუნების დრო და საშუალება. ასეთ დონეზე და რეჟიმში მუშაობით, მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება და შევიძინეთ თავდაჯერებულობა. ახლა სულ სხვა დონეზე ვართ ყველა მიმართულებით. განვიცადეთ დიდი პროგრესი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და ჩემი შეფასებით, ესაა წინგადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის.

ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ ყველანი ვიყოთ თვითკრიტიკულები. არავინ გაურბის საქმიან კრიტიკას, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა იყოს დამსახურებელი და არა ცინიკური.

ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარეს, მწვრთნელებმა, ფიზმომზადების და ვიდეო-ანალიზის სპეციალისტებმა. ვცდილობდით დაგვებალანსებინა თამაში შეტევასა და დაცვაში. დიდი სამუშაო ჩაატარა შეტევის მწვრთნელმა ნილ დოკმა, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დრო, თუმცა ამ მოკლე პერიოდშიც, პროგრესი ნამდვილად გვქონდა. არის კიდევ ერთი მომენტი - აღარავისთვის ვართ სიურპრიზი და ჩვენთან თამაშისთვის ყველა შესაბამისად ემხადება. ერთია რას ვცდილობთ ჩვენ და მეორე, რის საშუალებას გვაძლევს მოწინააღმდეგე.

მიზანი – 2023 წლის მსოფლიო თასი

მაისაშვილი თვლის, რომ ახალგაზრდული შემადგენლობით დაკომპლექტებული საქართველო, რომელმაც ტურნირზე სერიოზული გამოცდილება შეიძინა, პირველ ხელშესახებ შედეგს 2023 წლის მსოფლიო თასზე, საფრანგეთში დადებს, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს განვითარება და გაიზარდოს კონკურენცია:

"2023 წლის მსოფლიო თასი არის პირველი პიკი, სადაც შედეგი უნდა მივიღოთ. გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზით, შესაძლებელია ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება.

ჩვენ არ გავჩერდებით და გავაგრელებთ ახალი მოთამაშეების ძებნას. ჯერ კიდევ გვაქვს პოზიციები, სადაც სიღრმეები პრობლემად რჩება. ასევე პრობლემაა ფეხით თამაში, რაც ტაქტიკური მონახაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“.

ასეთი დონის გუნდებთან მუდმივ რეჟიმში თამაშით, ვნახეთ, რომ აქ პატარა შეცდომასაც კი არავინ გპატიობს. ასე არ ხდება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და სანამ პირადად არ ნახავ რა და როგორ ხდება ტიერ1-ის ქვეყნებთან, ძნელია დაიჯერო. ამ ტურნირის წყალობით ბევრი უნარ-ჩვევა უკვე ინსტიქტის დონეზე გვაქვს, გავიზარდეთ დისციპლინის და შრომისმოყვარეობის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის დასახელება ადრე გვიხდებოდა, განაცხადს მიღმა დარჩენილი მორაგბეებიც სრულად იყვნენ ჩართულნი მზადების პროცესში, გაათმაგებული მონდომებით ვარჯიშობდნენ და ამით ხელს უწყობდნენ საერთო პროცესს, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია".

პროგრესის შესანარჩუნებლად

იმისათვის, რომ საქართველომ განვითარება განაგრძოს და პირველი დონის გუნდებს გაუთანაბრდეს, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი - ამ დონის გუნდებთან ხშირი თამაში და ნაკრების კანდიდატებისთვის მაღალი დონის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა.

მაისაშვილი გამოსავალს პროფესიონალური დიდი 10-ის და ფრანჩაიზის ჩამოყალიბებაში ხედავს:

"საქართველომ ამ ტურნირზე თავი კარგად წარმოაჩინა და ეს საერთაშორისო პრესამაც აღნიშნა, მაგრამ მიღწეულს შენარჩუნება უნდა, რაც ურთულესი პროცესია. აუცილებელია, რომ ნაკრების კანდიდატები კვირიდან კვირამდე თამაშობდნენ მაღალი ხარისხის თამაშს. სამწუხაროდ, დიდი 10-ის დონე ახლოსაც ვერ მივა იმ სტანდარტებთან, რისი სურვილიც გვაქვს და ლეგიონერებსაც სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო აქვთ კლუბებში.

ასეთ პირობებში აუცილებელია, რომ რაც შიძლება მალე ჩამოყალიბდეს ფრანჩაიზი, რომელიც ჩაერთვება მაღალი დონის ტურნირში და თუნდაც გუნდების შემცირების ხარჯზე, დიდი 10 გახდეს პროფესიონალური ტურნირი. შიდა ჩემპიონატის დონის აწევა შესაძლებელია და ამას ჭირდება ფიქრი, გადაწყვეტილების მიღება.

არის მეორე მომენტი. კვირის ბოლომდე სამწვრთნელო შტაბის ყველა დეპარტამენტისგან მექნება კონკრეტული ანგარიშები. მოხდება შეჯამება - რა დავგეგმეთ, რა გამოგვივიდა, რა ვერ შევასრულეთ. შეჯამებული ანგარიში გაეგზავნება ყველა მოთამაშეს და მათ ეცოდინებათ რაზე უნდა იმუშაონ უფრო მეტი, სად აქვთ მოსამატებელი.

ყველა მოთამაშე ვალდებულია, რომ კლუბში იბრძოლოს საკუთარი პოზიციისთვის და იყოს არა მესამე, არამედ მინიმუმ მეორე ნომერი. ეს მნიშვნელოვანია მენტალურად. ნაკრების მოთამაშეს რაც შეიძლება დიდი სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს, რადგან მესამე ნომრობა პრაქტიკულად უთამაშებლობას ნიშნავს, რაც სანაკრებო სივრცეზე უარყოფითად აისახება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 23 /
რაგბი ორთაბრძოლის მეტი არაფერია? მარტო ბოჭვაა თამაში? ნადოლოს გარდა არაფერი იყო ფიჯის ნაკრები? მოგვიგეს საფუძვლიანად, პირველივე თამაშში, უტამაშებლებმა, ჩვენს "მომზადბულ", ნატამაშებ ნაკრებთან და "მაღალკვალიფიციური" სამწვრთელო შტაბის პირობებში, მაისაშვილის ხელმძღვანელობით.
მეტი ფიზიკა, რომ დასჯირვებოდათ, იმასაც შეძლებდენ. სად იმათი გარღვევები (რა მანძილს იგებდნენ თითო შეტევაზე) და სად ჩვენი, ეს არის რეალური ფიზიკა და არა ადგილზე ჯახი.
თუ გიყვართ რაგბი მაშინ სიმართლე თქვით, თუ გიყვართ მაისაშივილი, მაშინ ეგრე გაგრძელეთ.
Maxo-ს
08:42 15-12-2020
0
ყველა დანარჩენ შეხვედრაში 8 ერზე გარდა ფიჯისთან თამაშისა,ერთი-ერთზე ფიზიკურ ორთაბრძოლებს პრაქტიკულად არ ვაგებდით და ძალიან მაგრად გამოვიყურებოდით ამ კუთხით.აი ფიჯის კი ამ კომპონენტში საკმაოდ დავიჩაგრეთ.როცა ნადოლოს ფიზიკური მონაცემების მქონე მორგბე გიტევს დაცვაში ისეთი მორაგბე უნდა დაახვედრო რომელიც ფიზიკურად მძლავრია,თორემ მისი შებოჭვა და შეჩერება ურთულესი საქმეა.მათიაშვილი და ტაბუცაძე რომ ვერ გააჩერებდა ამხელა გოლიათ შემტევს ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.შედეგად სამი ლელოც დაგვიდო.მათ ადგილას რომ მჭედლიძე და ვთქვათ კონკრეტულად ამ თამაშისთვის კვესელაძე რომ გადმოეწიათ ფრთაზე იმ ორი ბრწყინვალე მორაგბის ნაცვლად,ზემოთ რომ ვახსენე,ძალისმიერ ბრძოლაში ასე იოლად ვერ დაგვარბევდა ფიჯელი ნადოლო.ან მალაღურაძე თუნდაც რომ გვყოლოდა მე ფიზიკურ კონდიციებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.არ ვაკმინებ იმ ნახსენებ საამაყო ბიჭებს,მაგრამ ამხელა გოლიათთან მათ დაცვაში პრაქტიკულად შანსი არ ჰქონდათ.სამწვრთნელო შტაბმა ასეთი მომენტები უნდა გაითვალისწინოს,მიუხედავად სათამაშო მონახაზისა,რაც კარგად იყო წარმოდგენილი.
Maxo
00:12 15-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული