ამაშუკელი "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე

AutoSharing Option
საქართველოს წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 31 იანვრიდან "ბორჯღალოსნებთან" ერთად შეკრებაზე შევიდა და 7 თებერვლის მატჩამდე გუნდთან ერთად იქნება.

იმისათვის, რომ გუნდმა წესების სრული დაცვით, დეტალურად დახვეწოს ესა თუ ის სათამაშო ელემენტი, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ამაშუკელი შეკრებაზე მიიწვია და მსაჯიც მიწვევას დიდი სიხარულით დათანხმდა.

მსგავს პრაქტიკას წამყვანი გუნდები ხშირად იყენებენ და მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს გუნდის დისციპლინას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს:

"დიდი ხანია მსურდა ამ პროექტის ამუშავება და ახლა ამის შესაძლებლობა მოგვეცა. ოთხი წლის განმავლობაში ნაკრებს სხვადასხვა აქტივობისას ახალზელანდიელი მსაჯი
პოლაკი ეხმარებოდა, მაგრამ ჩვენ გვყავს არანაკლები დონის და ხარისხის მსაჯი, რომელიც მზადაა გუნდთან ერთად იყოს შეკრებაზე და ამ შესაძლებლობას ვიყენებთ.

„ნიკა ამაშუკელი თავისი კვალიფიკაციით არა მხოლოდ დაეწია, არამედ გაასწრო კიდეც წამყვან მსაჯებს. მე მისი განვითარების დინამიკას ვაკვირდები და არანორმალური პროგრესი აქვს. ის მუდმივად ტრიალებს მსოფლიოს 25 საუკეთესო მსაჯს შორის და საერთაშორისო სარბიელზე მაღალი ნდობით სარგებლობს. მისი კუთხით დანახული სუსტი და ძლიერი მხარეები საინტერესო იქნება; ასევე, ხედვა ამა თუ იმ მსაჯზე, რომლებთანაც მოგვიწევს შეხება. ის დაგვეხმარება როგორც ვარჯიშების პროცესში, ასევე ამომწურავ პასუხებს გაგვცემს ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომლებიც ვარჯიშის პროცესში გაგვიჩნდება".

ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულის შეკრებაზე

ნიკა ამაშუკელისთვის სანაკრებო შეკრებაზე ყოფნა უცხო ხილი სულაც არაა. სანამ მსაჯობას დაიწყებდა, ის წარმატებული მორაგბე იყო და საქართველოს სახელით 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, მაგრამ მისი კარიერა ტრავმამ შეაჩერა.

რაგბიზე შეყვარებულმა ახალგაზრდამ საყვარელ საქმიანობას თავი არ დაანება, ერთი შეხედვით არაპოპულარული პროფესია აირჩია, რეალურად კი, ქვეყანა რაგბის მეშვეობით კიდევ უფრო ასახელა. მან საერთაშორისო ასპარეზზე უდიდეს პროგრესს მიაღწია და გახდა პირველი ქართველი მსაჯი, რომელმაც ექვს ერზე და ზოგადად, პირველი დონის ნაკრებების მატჩზე იმსაჯა.

26 წლის რეფერი ბედნიერია, რომ შეუძლია თავისი ცოდნით საქართველოს ნაკრებს განვითარებასა და წინსვლაში დაეხმაროს:

"ლევან მაისაშვილი დამიკავშირდა და შემომთავაზა, ნაკრების მზადებაში სათამაში კვირაში ჩავრთულიყავი. პირველად ვიღებ მონაწილეობას ასეთ აქტივობაში და ეს ჩემთვის დიდი პატივია. მაქვს შესაძლებლობა, საკუთარი მცირედი წვლილი შევიტანო ნაკრების წარმატებაში. ჩართული ვიქნები სავარჯიშო პროცესში და ვიმედოვნებ, რომ ეს აამაღლებს დისციპლინას, რაც შემდგომში აისახება თამაშის ხარისხზე.

ბოლო წლებში რაგბი ისე განვითარდა, რომ დეტალებს დიდი ყურადღება ექცევა და ნაკრების მზადებაში მსაჯის ჩართვა საინტერესო იდეაა. წამყვან სარაგბო ქვეყნებში ეს აპრობირებული მეთოდია. მსაჯის და მწვრთნელის ხედვა განსხვავებულია, მათი ნაზავი კი კარგ ხარისხს იძლევა. მოთამაშეებმა ზუსტად იციან, კონკრეტულ მომენტში როგორ უნდა იმოქმედონ. შესაბამისად, ნაკლებია ჯარიმა და მეტოქე მეტ წნეხში ექცევა.

„ასევე გუნდს გავაცნობ უახლეს ინფორმაციას, რომელსაც მსაჯები ვიღებთ მსოფლიო რაგბისგან. რაგბი სულ უფრო ვითარდება, იხვეწება დეტალები და გვაქვს გარკვეული სურათი, საით მიდის რაგბი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის. ამ ინფორმაციას მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან გავივლი, პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და მოთამაშეებს ზუსტად ეცოდინებათ, კონკრეტულ მომენტში როგორ უნდა იმოქმედონ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული