რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში

AutoSharing Option
28 მარტს „მიხეილ მესხზე“ რუმინეთთან გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" „შევარდენზე“ ღია ვარჯიში გამართა.

საშუალო ინტენსივობის ვარჯიში მაქსიმალურად იყო მიახლოებული თამაშთან. პროცესში ჩართული იყო საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ორი დღის წინ შევიდა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ასევე, "ბორჯღალოსნებმა" – შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ჯაიანმა, მზადებისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: „თამაშისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა და შესაბამისად მოვემზადეთ. გასული კვირა დატვირთული იყო მგზავრობით, რის შემდეგაც მოთამაშეები სრულფასოვნად დავასვენეთ და სამი
სრულფასოვანი ვარჯიშიც გვქონდა. სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები. კვლავ ვერ ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე, მცირე ტრავმა აქვს დავით ნინიაშვილს, წელი აწუხებს მირიან მოდებაძეს“.

„თუ რუმინეთმა მოწინააღმდეგეს თავისი თამაში მოახვია, რაც კარგად გამოსდის ხოლმე, შეუძლია პრობლემების შექმნა. მაგრამ თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, არა მგონია, რთული თამაში გამოგვივიდეს. სწორედ აქაა გასაღები მოსაძებნი, უნდა ვმართოთ თამაში. იმისათვის, რომ ღია და გაშლილი თამაში ვაჩვენოთ, აუცილებელია ორთაბრძოლების მოგება. მე მესმის, რომ ასეთ დროს თამაშის ხარისხი მაღალია და გულშემატკივარიც კმაყოფილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც ამას ხელს უშლის და ყველაფერი ყოველთვის ისე არ გამოგვდის, როგორც ჩვენ გვინდა“.

„ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის ფაქტორი, რომ ტრიბუნებზე მაყურებლები იქნებიან. არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, მაყურებელი ალამაზებს თამაშს, ჩვენთან განსაკუთრებით! გულშემატკივარი არის მე-16 მოთამაშე. ამ თანადგომას გრძნობს თითოეული მოთამაშე და სამწვრთნელო შტაბის წევრი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოგვეცემა ამის შანსი და გპირდებით – გულშემატკივარს არ გავაწბილებთ“.

შალვა მამუკაშვილი: „სამივე გასვლითი შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ და ამ ეტაპზე, ბოლო თამაშს საკუთარ კედლებში გავმართავთ. ძალიან კარგია, რომ პირველად უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მაყურებლის წინაშე მოგვიწევს თამაში, რაც ჩვენთვის დიდი ენთუზიაზმია. მატჩიდან მატჩამდე გვქონდა პროგრესი, როგორც სათამაშო ხარისხში, ასევე ტემპში და ვეცდებით, ეს ეტაპი სასიამოვნო ნოტზე დავასრულოთ. რაც შეეხება გუნდს, მრავლად არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, დებიუტანტები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი ძალიან კარგად ინტეგრირდნენ გუნდში, ლიდერებად ჩამოყალიბდნენ და ეს ჩვენთან ერთად მაყურებელსაც უნდა ახარებდეს“.

ლაშა ჯაიანი: „მაყურებლის თანადგომა ძალიან დიდ მუხტს და ენერგიას გვაძლევს. მათი მხარდაჭერა მოედანზე რეალურად გვეხმარება. ცარიელ სტადიონზე ვერ იღებ საჭირო ემოციას, სულ სხვა გრძნობაა. როდესაც მოედანზე ხარ, მე-16 მოთამაშე ფიზიკურადაც კი გეხმარება და მაყურებელს ლაღ, სანახაობრივ თამაშს ვპირდებით. რუმინეთი კარგი გუნდია, ძალისმიერ რაგბის თამაშობს. ვეცდებით, მეტოქე ამ ფაზებში გავანეიტრალოთ. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ“.

საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრა კვირას, 15 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
მაპატიეთ ბიჭებო, მაგრამ ერთადერთს, რასაც ვერ გპატიობთ და ხასიათს მიფუჭებს ხოლმე, ეს არის საკუთარი შერკინების წაგება...ჩვენ ხომ ყველანი ვამაყობთ მსოფლიოში უძლიერესი ქართველებით ლაშა ტალახაძეთი და ლევან საგინაშვილით და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ... დამაჯერებელ გამარჯვებას გისურვებთ რუმინელების წინააღმდეგ...
გიორგი 50
14:09 26-03-2021
0
წარატებები ბიჭებო. ორ დღეში შევხვდებით :)
ქომაგი
09:25 26-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული