გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია

AutoSharing Option
მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" დაუბრუნდა და "ლე ბლესთან" მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს.

მორაგბემ, რომელსაც 15 ნოემბერს 27 წელი უსრულდება, 2020 წლის "შემოდგომის ერთა თასის" შემდეგ ორი ოპერაცია გაიკეთა - მუხლზე და მხარზე. მიუხედავად ამისა, ოპერაციიდან 5 კვირაში მაშინ ჯერ კიდევ ტოპ 14-ის "აჟენმა" მასთან კონტრაქტი გააფორმა, რაც ერთის მხრივ უჩვეულო, ხოლო მეორეს მხრივ სასიამოვნო ფაქტია.

"გუნდში რომ ჩავედი, რეაბილიტაცია ჯერ დასრულებული არ მქონდა. ის "აჟენთან" ერთად გავიარე, რომელიც, სამწუხაროდ, გასული სეზონის შემდეგ პრო დე2-ში დაქვეითდა. პროცესი
დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და მოედანს სექტემბრის შუაში დავუბრუნდი. მას შემდეგ 7-დან ხუთ თამაშში მივიღე მონაწილეობა და ასეთ დონეზე თანმიმდევრულმა თამაშმა თავდაჯერებულობა დამიბრუნა. როდესაც ამერიკაში ვთამაშობდი, პროფესიონალური ლიგა ახალი შექმნილი იყო. გუნდებს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდა, მაგრამ მათ დონეებს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო, პრო დე2-ში ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. საკლუბო დონეზე ასეთ პროფესიონალურ გარემოში პირველად ვარ და ახლა მხოლოდ თამაშზე კი არა, მატჩიდან მატჩამდე განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ასეთ გარემოში ყოფნა და ხშირი თამაში, დროთა განმავლობაში მეტი დეტალის დახვეწაში დამეხმარება", - გვიყვება ახალ კლუბში გატარებულ პერიოდზე ქერდიყოშვილი.

მეტოქისგან დაფასებას ვგრძნობთ

გრიგორი თვლის, რომ გუნდი "შემოდგომის ერთა სერიებს" კარგ ფორმაში ხვდება და მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

"ახლა გაცილებით დახვეწილი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, ვიდრე წინა წლებში, რადგან პატარ-პატარა დეტალებზე აღარ გვიწევს ყურადღების გამახვილება. ადრე მოთამაშეთა უმეტესობა შეუთამაშებელი იყო, ნაკრებში კი მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ვარჯიშის დონის ამაღლებაში დიდი როლი მიუძღვის "შავ ლომს", რადგან ბიჭები თვეების განმავლობაში ერთად არიან, ვარჯიშობენ, თამაშობენ და ბევრი დეტალი გავლილი და დახვეწილი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ გუნდში ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მუშაობს და ნერგავს იმ სათამაშო სისტემას, რასაც ნაკრები თამაშობს. გარდა ამისა, ლეგიონერებს საფრანგეთში თანმიმდევრული თამაშის შესაძლებლობა გვაქვს და კარგ ფორმაში ვართ. ეს ყველაფერი კი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფოკუსირებული ვიყოთ კონკრეტულად თამაშის გეგმაზე და არა იმ დეტალებზე, რაზეც ადრე დიდი დრო მიგვდიოდა".

ქერდიყოშვილი ბედნიერია, რომ ამ ისტორიულ მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს და მიუთმენლად ელოდება შეხვედრის დაწყებას:

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ტოპ 14-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის მაისურით ვითამაშებთ. ფრანგებს 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვხვდებით და სასიამოვნოა, როდესაც ისტორიის ნაწილი ხარ. მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, რათა ჩვენი შესაფერისი თამაში ვაჩვენოთ და თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. მეტოქე დიდი პოტენციის მქონე გუნდია, თუმცა თუ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ და გეგმას მივყვებით, დარწმუნებული ვარ, მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას და პრობლემების შექმნას მოვახერხებთ".

მეორეხაზელისთვის ასევე სასიამოვნოა, რომ საფრანგეთმა "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ უძლიერესი შემადგენლობა დააყენა:

"იყო მოლოდინი, რომ არგენტინასთან მატჩის შემდეგ საფრანგეთი ლიდერებს ახალი ზელანდიისთვის დაასვენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტოქემ უძლიერესი შემადგენლობა დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან საფრთხეს ელიან და ეს დასაფასებელია. მეტოქე ყველა კომპონენტში ძლიერია, თუმცა არის კომპონენტები, სადაც მათთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია და მათ გამოყენებას ვეცდებით".

"ბორჯღალოსნებისა" და "ლე ბლეს" შეხვედრა კვირას, 14 ნოემბერს ბოროდში, საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრანგების დამარცხებაზე ლაპარაკი,ალბათ უადგილოა,ისინი,დღეს მსოფლიოში საუკეთესო თუ არა,მეორე გუნდი მაინც არიან,მაგრამ ჩვენი ბიჭები ყველაფერს რომ გააკეთებენ,რაც შესაძლებელია და კიდევ რაც შეუძლებელიცაა,მაგაში დარწმუნებული ვარ.კარგ და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.დავამტკიცოთ,რომ ადვილად ვერავინ გადაგვირბენს.ფრანგები საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს თასისათვის ემზადებიან და აუცილებლად ჩემპიონობას აპირებენ.ამიტომაა რომ ცდილობენ, ყოველ თამაშში,უძლიერესი შემადგენლობით,უდიდესი ინტენსივობით ითამაშონ.ეს ჩვენგანაც უდიდეს მობილიზებას მოითხოვს და ბევრსაც ვისწავლით.
სოსო
01:38 14-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული