კლოდ სორელი: გაუმარჯოს ჩემს საყვარელ საქართველოს - ქართულ რაგბის უნდა ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული იდენტობა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის ინიციატივით, პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელიც ვეტერანი მორაგბეებითა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტდება.

საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე პრეზიდენტისთვის რეკომენდაციებს მოამზადებს.

პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში იქნება ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი, რომელიც საქართველოში 1996 წელს ჩამოვიდა, ქართველ სპეციალისტებს და მორაგბეებს რაგბის ანი-ბანი შეასწავლა, გზა გაუხსნა ქართველ ლეგიონერებს ფრანგული კლუბებისკენ და საქართველო გაიყვანა პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე.

სწორედ ამ დამსახურებებისთვის და ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კლოდ სორელს
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლესი ჯილდო – „ბრწყინვალების ორდენის კავალერის წოდება“ უბოძა და ქართული პასპორტიც გადასცა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა იმ პატივისთვის, რომელიც თქვენ მე დამდეთ, მიბოძეთ რა ბრწყინვალების ორდენის კავალერის წოდება.

მინდა დავაზუსტო, რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება, უპირველეს ყოვლისა, კოლექტიური შრომის შედეგია.

ჩემთვის პატივის მოგებით თქვენ მთელ ქართულ რაგბის მიაგეთ პატივი. მე სხვა ქვეყნების ნაკრებებსაც ვავარჯიშებდი და შემიძლია შევაფასო აღზრდის ღირებულებათა ქართული სისტემის მნიშვნელობა, რომელსაც მეც მთლიანად ვიზიარებ. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის „ლელოების“ წარმატების ძირითადი მიზეზი.

საქართველოს რაგბის კავშირმა მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში მიმიწვია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეთიკა ყოველთვის იქნება ქართული რაგბის მარეგულირებელი, წესებისა და მოვალეობების საფუძველი.

ქალბატონო პრეზიდენტო, მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ პატივისთვის და თქვენ მიმართ ჩემი აღტაცების გარდა, გთხოვთ მიიღოთ ჩემი უღრმესი პატივისცემა“ – წერია კლოდ სორელის სამადლობელ წერილში.

71 წლის სპეციალისტი რამდენიმე დღის წინ თავად ეწვია საქართველოს და ვეტერან მორაგბეებთან ერთად, იოსებ ტყემალაძეს მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში პირველად შეხვდა.

„გაუმარჯოს საქართველოს! ძალიან მიყვარს საქართველო!“ – ამ სიტყვებით მოგვესალმა კლოდი, როდესაც მას ქართული რაგბის განვლილ წლებსა და სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ ვეწვიეთ:

- მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 1996 წელი. რატომ გადაწყვიტეთ იმ რთულ პერიოდში საქართველოში ჩამოსვლა?
- საქართველოში 1996 წელს ზაზა ქასაშვილისა და ბიძინა გეგიძის თხოვნით ჩამოვედი, რათა ჩამეტარებინა ქართული რაგბის აუდიტი. აქ ვნახე უდიდესი ენთუზიაზმი იმ ადამიანებში, რომლებიც რაგბიში იყვნენ ჩართულნი და მაშინვე ვთქვი, რომ ამ საქმის მიტოვება არ შეიძლებოდა. ერთი მხრივ, იყო სურვილი და მისწრაფება და მეორე მხრივ, დავინახე მოთამაშეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით.

- რა უფრო მეტად დაგხვდათ საქართველოში, რამაც აქ დარჩენა და მუშაობა გადაგაწყვეტინათ – ზოგადად ნიჭი თუ განსაკუთრებული თაობა?

- მოთამაშეთა პოტენციალი და ფიზიკური შესაძლებლობები. ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან ცუდი სიტუაცია იყო და მოთამაშეები ფიზიკურადაც არ იყვნენ სასურველ ფორმაში, მაგრამ ჰქონდათ კარგი მორაგბისთვის საჭირო ყველა მონაცემი.

- რა იყო პირველი, რისი გამოსწორებაც დაიწყეთ?
- რომ ჩამოვედი, გამთენიის 4 საათი იყო და უკვე 10 საათზე რაგბის კავშირში ვიყავი. იქ 10 თუ 12 მწვრთნელი დამხვდა. თარჯიმნობას გია ჭუმბურიძე მიწევდა და დაფაზე დავწერეთ – რაგბის გაკვეთილი #1. დავიწყეთ საუბარი თანამედროვე რაგბიზე; ნაშუადღევს გავედით მოედანზე, სადაც პირველად შევხვდი მოთამაშეებს და იქ შემექმნა ის შთაბეჭდილება, რომელზეც ზევით მოგახსენეთ. მათ ჰქონდათ შესანიშნავი მონაცემები, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან სუსტები იყვნენ.

მწვრთნელებთან მეორე დღესაც გავაგრძელეთ საუბარი. ისინი აქტუალურ კითხვებს მისვამდნენ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გონიერ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც ძალიან სწრაფად აითვისებდნენ თანამედროვე რაგბის საფუძვლებს. ჩვენი გაკვეთილები გაგრძელდა და მასზე დასწრების მსურველთა რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. ერთი კვირის თავზე იძულებულნი გავხდით, რომ „ლოკომოტივის“ სტადიონზე გადაგვენაცვლა, რადგან სივრცე არ გვყოფნიდა. მახსოვს, ბოლო შეხვედრას ტრიბუნებზე უკვე 70-80 კაცი ესწრებოდა და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ფული არ ჰქონდათ. ჩემი პასუხი იყო – არა უშავს, მოდით, ეს ფული ერთად ვიშოვოთ. წინსვლის უმოკლესი გზა იყო, რომ დავწინაურებულიყავით საერთაშორისო რეიტინგში და მსოფლიო რაგბისგან მეტ დაფინანსებას მივიღებდით. სწორედ ამ დახმარებამ მოგვცა საშუალება, რომ განვითარების კუთხით პირველი ნაბიჯები გადაგვედგა.

- ქართული რაგბის და საქართველოს ნაკრების წინსვლა მაშინ დაიწყო, როდესაც თქვენი ხელშეწყობით ქართველ მორაგბეებს ფრანგული კლუბებისკენ გაეხსნათ გზა. მაშინ თუ ფიქრობდით, რომ ეს ასეთი შედეგის მომტანი იქნებოდა?

- კიპლინგის სიტყვებს გავიხსენებ – ეს გავაკეთე იმიტომ, რომ მეგონა, შეუძლებელი იყო. ეს გამოწვეული იყო აუცილებლობით, რადგან სავარჯიშოდ არანაირი პირობები არ გვქონდა. ვვარჯიშობდით პარკებში, ავტოსადგომებზე; მოთამაშეთა ეკიპირება იყო საშინელი და ზოგიერთი მათგანი საკმარისი რაოდენობით საკვებსაც ვერ იღებდა. მათი სურვილი, რომ დიდი რაგბი ეთამაშათ, ძალიან სცილდებოდა მათსავე შესაძლებლობას და გადაწყდა, რომ ისინი საფრანგეთში გაგვეგზავნა. თავიდან ცაბაძე, რუსკინი და რაფავა გავუშვით. მთლიანობაში ფრანგულ კლუბებში 80-მდე მოთამაშე გავუშვით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ესენი არ იყო წამყვანი კლუბები.

- ბევრ ქვეყანაში გიმუშავიათ – ტუნისი, მაროკო, რუსეთი, მაგრამ ვერსად მიაღწიეთ ისეთ წარმატებას, როგორსაც საქართველოში. რა იყო ამის მიზეზი?
- ამის მიზეზი ქართველების შინაგანი კულტურა, სარაგბო ღირებულებების და ტრადიციების პატივისცემა და გათავისებაა. ქართველ მოთამაშეებს, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატებში ჩაერთნენ, არასდროს შეუქმნიათ კლუბებისთვის პრობლემები. მათ აფასებდნენ თავგანწირვისა და თავდადებისთვის და ჩემი აზრით, სწორედ აქედან დაიწყო წარმატება. ყველა ის წარმატება, რომლებსაც საქართველოს ნაკრებმა და მასთან ერთად მეც მივაღწიე, არის მოთამაშეების დამსახურება. ეს ყველაფერი მათმა სწორმა მიდგომამ განაპირობა. მათ მოუწიათ სამშობლოს, საკუთარი ოჯახების დატოვება, უამრავი მსხვერპლის გაღება, რათა ქართულ რაგბის ამ წარმატებისთვის მიეღწია.

- ცოტა ხნის წინ ბორდოში დაესწარით ისტორიულ თამაშს, რომელშიც საფრანგეთმა პირველად უმასპინძლა საქართველოს მსოფლიო თასს მიღმა. ამ დროს ფრანგი უფრო იყავით თუ ქართველი?
- შეუძლებელია ჩემს სამშობლოს დავშორდე. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამაყი ვიყავი იმ თამაშით, რაც ქართველებმა აჩვენეს.

- საფრანგეთში საქართველო წარმომადგენლობითი დელეგაციით იყო წარმოდგენილი – ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. თქვენი აზრით, რას მოუტანს ქართულ რაგბის სახელმწიფოს ასეთი ჩართულობა?
- მათი იქ ყოფნა იყო გადამწყვეტი. დღეს რაგბი არის ერთ-ერთი ის სფერო, რითაც საქართველოს მთელი მსოფლიო იცნობს. რაგბი ქმნის საქართველოს პოზიტიურ იმიჯს, როგორც მინიმუმ, საფრანგეთში. იქ ქართველი მორაგბეები ცნობილები არიან, როგორც წესიერი, მებრძოლი ადამიანები. ქალბატონი პრეზიდენტის და მინისტრის იქ ყოფნა დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობას კარგად ესმის რაგბის როლი ქვეყნის მსოფლიოსთვის გაცნობისა და დასავლურ სამყაროსთან ინტეგრირების საქმეში.

- თქვენი მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ლუქსემბურგთან, ბულგარეთთან, შვეიცარიასთან და მსგავსი დონის გუნდებთან უწევდა თამაში. მაშინ თუ ფიქრობდით, რომ დადგებოდა დრო და საფრანგეთი ტესტ-მატჩის გასამართად მიგვიწვევდა?
- გულახდილად რომ გითხრათ, დიახ, მქონდა ასეთი გიჟური ფიქრები. სანამ საქართველოს ნაკრებს ჩავიბარებდი, კლუბთან ერთად ორჯერ ვიყავი საფრანგეთის ჩემპიონი და კარგად ვიცოდი, რას წარმოადგენდა უმაღლესი დონე. ჩემთვის მალევე გახდა ნათელი, რომ ქართველ მორაგბეებს შეეძლოთ ამ დონეზე ასვლა. მაგრამ განვითარება არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინსვლა კიდევ იქნება.

- როგორ ფიქრობთ, კიდევ რა დრო სჭირდება ქართულ რაგბის იმისათვის, რომ ტიერ1 დონის სარაგბო ქვეყანა გახდეს?
- ეს დამოკიდებულია იმ სამუშაოზე, რომლის ჩატარებასაც მოახერხებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 5 წელიწადში, 2027 წლის მსოფლიო თასზე, შეგიძლიათ ტოლ-სწორად ეთამაშოთ ნებისმიერ მეტოქეს და საუკეთესო 8-10 გუნდს შორის მოხვდეთ.

- იოსებ ტყემალაძემ სხვა ვეტერან მორაგბეებთან ერთად პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში მიგიწვიათ. რას ფიქრობთ ამ ფორმატზე, რამდენად წაადგება ქართული რაგბის მომავალს და როგორი იქნება თქვენი პირველი რჩევა?
- ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ცნობილ ქართველ ვეტერან მორაგბეებთან ერთად ამ საბჭოში მიმიწვიეს. რადგან უკვე ქართული პასპორტიც მაქვს, იმედია, იქ ისე მიყურებენ, როგორც ნამდვილ ქართველს! პირველ შეხვედრაზე ყველანი შევთანხმდით მთავარ პრიორიტეტზე – მთავარი არის ეთიკური მხარე. აუცილებელია, რომ სარაგბო ღირებულებები განვრცობილ და მიღებულ იქნეს მთელ საქართველოში. მშობლები უნდა დავარწმუნოთ, რომ შვილის რაგბიზე მიყვანით ისინი ხვდებიან მზრუნველ გარემოში, სადაც ზრუნავენ ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე. როდესაც მორაგბე კარიერას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ მასზე იზრუნებენ და მარტო არ დარჩება ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ რაგბიზე შვილის მიყვანით, ის ღირსეულ ადამიანად აღიზრდება. ბავშვთა რაგბის განვითარება მთავარი პრიორიტეტია.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პროფესიონალურ რელსებზე გადასვლით რაგბის ღირებულებებმა გარკვეულწილად მნიშვნელობა დაკარგა და უკანა პლანზე გადაინაცვლა?
- საკითხს ცოტა სხვანაირად შემოვაბრუნებდი. პროფესიონალიზმი არის დღევანდელი სპორტის აუცილებლობა. სპორტსმენი ვერ მიაღწევს უმაღლეს მწვერვალებს, თუ საქმეს პროფესიონალურად არ მიუდგება. რაგბი მოითხოვს დიდ სოლიდარობის გრძნობას. ამ სპორტში დევს ის ღირებულებები, რომლებსაც ვერ გაექცევი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაგბის ღირებულებები არ გაქრება თვით პროფესიული რაგბის წიაღშიც.

- უკვე გაეცანით იმ რეფორმებს, რომლებიც დაწყებულია ან იგეგმება ქართული რაგბის მომავალი განვითარებისთვის. რას ფიქრობთ მათ შესახებ და რომელ რეფორმას გამოარჩევდით განსაკუთრებულად?
- პირველი, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, არის ის, რომ პრეზიდენტს აინტერესებს ყველას აზრი, ყველას უსმენს. ჯერჯერობით მის მიერ წამოყენებული ინიციატივები სწორი მიმართულებით ვითარდება.

- როდესაც საქართველოში მუშაობდით, სავარჯიშოდ ერთი მოედანიც არ გვქონდა, ახლა კი უკვე გვაქვს 27 მოედანი და დაანონსებულია 100 მოედნის მშენებლობის პროექტი...
- მოედანი ზედმეტი არასდროსაა. ესაა ხანგრძლივი პროექტი და ძალიან მომწონს, რომ ის მთელ საქართველოზეა გათვლილი. შედეგად, დიდი ქალაქებიდან მოშორებით მცხოვრებ ადამიანებსაც ექნებათ რაგბის თამაშის შესაძლებლობა და ეს აუცილებლად გახდება შედეგის მომტანი.

- თქვენ საქართველოს 7-კაცა ნაკრებსაც ავარჯიშებდით და წარმატებებიც გვქონდა – 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დავიკავეთ. რამდენად მნიშვნელოვანია 7-კაცა რაგბის განვითარება?
- 7-კაცა რაგბის განვითარებაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, იყო დროში განგრძობადი შეცდომა რაგბის კავშირის წინა რამდენიმე ხელმძღვანელობის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახლანდელ პრეზიდენტს კარგად ესმის 7-კაცას განვითარების აუცილებლობა. ყველა დიდ სარაგბო ქვეყანას ჰყავს მოთამაშეები, რომლებიც 7-კაცას მეშვეობით განვითარდნენ. დღეს ისეთი ნაკრებები, როგორებიც ესპანეთი და პორტუგალია არიან, 7-კაცაში საქართველოზე გაცილებით ძლიერები არიან და ეს არანორმალურია. ამან შესაძლოა 15-კაცა ნაკრებსაც შეუქმნას პრობლემები. 7-კაცა ოლიმპიური სახეობაა და საქართველომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ოლიმპიადაზე ითამაშოს. ვიცი, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრების ბედი ახლა ორი ყოფილი უძლიერესი მოთამაშის – გია ლაბაძისა და ბესიკ ხამაშურიძის ხელშია. მათ ყველანაირად დავეხმარები, თუმცა 7-კაცას მთავარი პრობლემა ის არის, რომ საუკეთესო მოთამაშეებს არ აგზავნიან ამ გუნდში. აუცილებელია, რომ მწვრთნელებს გუნდში საუკეთესო მოთამაშეების აყვანის შესაძლებლობა ჰქონდეთ და რა თქმა უნდა, ეს სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს 15-კაცა თუ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთან. რაგბი7 და მისი განვითარება უნდა იქცეს ერთ-ერთ პრიორიტეტად.

- ბევრი ფიქრობს, რომ 7-კაცას, სპეციფიკური მომზადებიდან გამომდინარე, მოთამაშეთა სხვა კონტინგენტი სჭირდება...
- ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ერთ მაგალითს მოვიყვან – ყველა უკანახაზელს, რომლებიც ამჟამად საფრანგეთის ნაკრებში არიან, ზურგს 7-კაცას გამოცდილება უმაგრებს. კოვიდ-პანდემიის გამო 7-კაცას ტურნირები გაუქმდა, რის გამოც ფრანგმა მოშვიდკაცეებმა 15-კაცა რაგბიში გადაინაცვლეს და ისინი თავ-თავიანთ კლუბებში გამორჩეულად კარგები არიან. არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა 15-კაცა და 7-კაცა რაგბის შორის.

- საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და მის პერსპექტივებზე რას იტყვით?
- ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შესანიშნავად მუშაობს და ის თამაშის დონე, რომელსაც მაყურებელს სთავაზობენ, ძალიან მაღალი დონისაა. ასევე მიმაჩნია, რომ იმ მოთამაშეებს, რომლებმაც უკვე დაამთავრეს კარიერა, მიიღეს მაღალო დონის განათლება და აიღეს შესაბამისი დიპლომები. მაგალითად, დავით ზირაქაშვილს, აქვსენტი გიორგაძეს, გოდერძი შველიძეს, დავით ბოლღაშვილს და ა.შ. შეუძლიათ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის კიდევ უფრო გაძლიერება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ წარმატებული უცხოელი მწვრთნელის მოწვევით თამაშის ხარისხი კიდევ უფრო უკეთესი გახდება?
- რა თქმა უნდა საქართველოს ვერავინ აუკრძალავს ამა თუ იმ მიმართულების გასაძლიერებლად უცხოელი სპეციალისტის აყვანას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აღარაა აუცილებელი საქართველოს ჰყავდეს სრულად უცხოელებით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი, როგორც ჩემი, ან მილტონ ჰეიგის მწვრთნელობისას იყო. ქართველმა მწვრთნელებმა სადავეები საკუთარ ხელში აიღეს და ეს ძალიან კარგია, რადგან ქართულ რაგბის უნდა ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული იდენტობა. დღეს საქართველოს ნაკრები განვითარების იმ წერტილზეა მისული, რომ მეტი განვითარებისთვის არ უნდა მოახდინოს სხვა გუნდების სათამაშო სტილის კოპირება. დღეს საქართველო ჩამორჩება დიდ სარაგბო ქვეყნებს, მაგრამ თუ გაიმეორებს იმას, რასაც სხვები აკეთებენ, მათ ვერასდროს დაეწევა. მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე სხვებმა და ჩამოაყალიბოს ქართული რაგბის იდენტობა, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს ხასიათთან და ბუნებრივ თვისებებთან. აუცილებელია გვქონდეს განვითარების საკუთარი გზა და დღეს ამის საშუალება გვაქვს.

- ბოლო პერიოდის ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა "შავი ლომია", რომელიც უკვე ჩაერთო რაგბი ევროპის სუპერთასში. როგორ ხედავთ მის პერსპექტივებს?
- გულახდილად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, ესაა საუკეთესო ინიციატივა, რომელიც უკანასკნელ 10-წლეულში განხორციელდა. მეტსაც გეტყვით, კარგი იქნება, თუ უახლოეს პერიოდში მეორე ფრენჩაიზიც გაკეთდება, რომელსაც ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების მიღების შესაძლებლობა ექნება. ამით სწრაფად მოხდება ქართული შიდა რაგბის დონის აწევა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რაგბი ევროპამ ამ გუნდებს გაუხსნას გზა უფრო ძლიერი ევროპის საკლუბო ტურნირებისკენ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსეტს როგორ ცოლი რუსი ყავს
pepe
20:33 06-01-2022
4
ძალზედ ღირსეულია როგორც პროფესიონალი, მწვრთნელი და როგორც ადამიანი, გაიხსენეთ როგორ მოიქცა 2008 წლის ომის დროს და რა თქვა (ადრეც დავწერე და არ გამოაქვეყნეთ) სხვა რატომღაც არ მახსენდება.
მადლობა ბატონო სორელი.
BUXO
15:13 06-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული