"ბორჯღალოსნები" - შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

AutoSharing Option
10 ივლისს "ბორჯღალოსნები" ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავენ - პირველად ითამაშებენ აჭარის რეგიონში, ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" და პირველად უმასპინძლებენ იტალიას.

შოტლანდიის შემდეგ, იტალია ექვსი ერის და ზოგადად ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა და ეს საკურორტო სეზონზე ბათუმის მაცხოვრებლებისა და მისი სტუმრებისთვის დიდი ზეიმია.

რაგბის კავშირი და ბათუმის მთავრობა განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად მატჩის დღეს ქალაქში არაერთ ღონისძიებას გეგმავს, თავად შეხვედრა კი 20:00 საათზე დაიწყება.

საბრძოლო რაზმი


"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა. სასტარტო შემადგენლობა გამოცდილი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მათი
კეპების ჯამური რაოდენობა 648-ს შადგენს, საიდანაც 353 ხაზის, ხოლო 295 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

გასულ კვირას არგენტინა XV-თან ნათამაშებ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა და სამივე შერკინებაზე მოდის. პირველ ხაზში გამოჩნდა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელსაც სამხრეთამერიკელების წინააღმდეგ არ უთამაშია. მარქაფიდან დაწინაურდნენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა მარცხენა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, მეორე ხაზში კი ლაშა ჯაიანმა. უცვლელია მესამე ხაზი - ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.

უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი; ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება; ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

დებიუტანტები მარქაფაში

მარქაფაში ორი დებიუტანტია - ბურჯი ნიკა აბულაძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. არგენტინასთან არ უთამაშიათ და ამჯერად გუნდს შეცვლიდან გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. მარქაფაში გადაინაცვლა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ.

თადარიგშია ტოპ 14-ის ჩემპიონი, 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელსაც გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ხაზში შეცვლაზე შევლენ ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

"ბექა გიგაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა, ახლა ჯანმრთელადაა და მზად არის თამაშისთვის. გუნდში სამი მაღალი გამოცდილი კვაჭი გვყავს, ხშირად მივმართავთ როტაციას და ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი ამ ორ მოთამაშეზე შევაჩერეთ. სამწუხაროდ, ვარჯიშზე დაშავდა კოტე მიქაუტაძე და მეორე ხაზში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ამავდროულად, ვთვლი, რომ დებიუტანტმა ლადო ჩაჩანიძემ კარგად ჩაატარა მოსამზადებელი პერიოდი და მზად არის თამაშისთვის.

ნიკა აბულაძეც დებიუტანტია, თუმცა დიდი ხანია სანაკრებო სივრცეშია და აქამდე მისი თამაშის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ნიკამ აფრიკის ტურნე კარგად ჩაატარა და ამ კვირაშიც ნაყოფიერად ივარჯიშა. გელა აფრასიძე ტოპ 14-ის ფინალის გამო გვიან შემოგვიერთდა, ახლა კი მზად არის სათამაშოდ. სანდრო მამამთავრიშვილს წელს კარგი სეზონი ქონდა და ვთვლით, რომ მან ეს ადგილი მოიპოვა. დიდი იმედი მაქვს, ეს მორაგბეები მარქაფადან გაგვაძლიერებენ", - განაცხადა შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

10 ივლისი. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. 20:00

საქართველო – იტალია

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 12 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 20 კეპი, 90 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 40 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 85 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 98 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 33 კეპი, 246 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 65 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 30 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი89 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 28 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 37 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 16 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 33 კეპი, 50 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 27 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 35 კეპი, 40 ქულა).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 21 კეპი, 20 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი, უკეპო), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 39 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან სუსტი მწვრთელი ყავს ჩვენს გუნდს და დასანანია ამდენ დროს და ასეთ ძლიერ თაობას რო ვკარგავთ, რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი ნუთუ ვერ ხვდებით რომ სასწრაფოდ შესაცვლელია
Vakho
21:03 09-07-2022
2
მარქაფაში უნფა გადავიდეს მაისაშვილი, თუ გვინდა რომ ოდესმე ტიერ-1 გუნდს თანაბრად ვეთამაშოთ. წადი-წადი!
გიორგი
14:51 09-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული