შარიქაძე: კარგი იქნებოდა მსაჯიანად მოგვეგო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში სამოასთან დამარცხების შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მეტოქე გუნდის თავკაცმა სეილალა მაპასუამ გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: "თამაშის განმავლობაში მსაჯმა რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. იმედია, ნახავენ ამ შეხვედრის ჩანაწერს სადაც საჭიროა. წესებში წერია, რომ შემტევის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დამცველზე მოდის და რაც არ უნდა მოხდეს, კისერში ბოჭვა არ უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის ეს წესი რატომღაც არ მოქმედებდა. ეს ის მსაჯია, რომელმაც საფრანგეთთან მატჩი იმსაჯა. კარგი იქნებოდა, ისეთი მაგრები ვყოფილიყავით, მსაჯიანად მოგვეგო, მაგრამ ასეთი მაგრები ვერ აღმოვჩნდით"

ლევან
მაისაშვილი: "მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა. სამწუხაროდ წესები ისე იცვლება, რომ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბევრია და მსაჯზე ვერც აქცენტს გავაკეთებთ და ვერც ანალიზს. მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად მოვიგებდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ახლა ერთმანეთთან გვაქვს სასაუბრო, რომ საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ. რამდენჯერმე შეგვეძლო ეპიზოდის უკეთ დასრულება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგი სახეზეა. გუშინაც აღვნიშნე, რომ იტალიასთან მარცხის მიუხედავად, სამოა ძალიან ძლიერი გუნდია და დღეს ეს ყველამ დაინახა.

კარგი სასწავლი თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე საჩუქარი მივეცით და მათ ეს გამოიყენეს. ჩვენ ორჯერ ვიყავით მეტოქის 22-ში და იქიდან უქულოდ გამოვედით. მეორე ტაიმში დავლაგდით და დომინაციაც გვქონდა. რაგბი არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის შანსები და როდესაც ქულების აღების შანსი გაქვს, ის უნდა გამოიყენო. თუმცა, თუ არ თამაშობ, შეცდომებს არ უშვებ და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

ქუნთელიას ვულოცავ დებიუტს. ის ძალიან კარგად შემოვიდა, სტატიკურ ფაზებში კარგად იდგა და ლელოც გაიტანა. ის ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი ელოდება.

უელსი რა გუნდია, ყველამ იცის. საინტერესოა ჩვენთან თამაშისთვის შემადგენლობაში როტაციას თუ განახორციელებენ. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სამოა ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებდა. უელსს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია შეცდომების გამოყენება".

სეილალა მაპუსუა: "უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან მძიმე და რთული მატჩი. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი ჯარიმა მივეცით მეტოქეს, მათ კი ჩვენი შეცდომების შედეგად, თავიანთი თამაშის შექმნა შეძლეს. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში დავბრუნდით მატჩში და გავიმარჯვეთ. ბევრი სირთულე იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. შეცდომები და ჯარიმები მეტოქის წნეხის დამსახურებაა. საქართველოში პირველად გავიმარჯვეთ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. ვეთამაშეთ ძალიან მაღალი დონის ნაკრებს. ისინი ყოველწლიურად უფრო იზრდებიან და ასეთ გუნდთან გამარჯვება, ასეთ შესანიშნავ ატმოსფეროში, განსაკუთრებულია".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 45 /
კარგი იქნებოდა რომ ახალი მწვრთნელი გყავდეს.
ლომი
03:39 13-11-2022
2
ჯვრის ფორმაზე რომ განლაგდით, მაშინ მივხვდი რომ მარტო ღვთის იმედად იყავით დარჩენილები. მამაო გყავთ გამოსაცვლელი :)
Semi
11:15 13-11-2022
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული