"ასე იქნებ საქართველოს ფეხი დაუცდესო - ყველა დაინახავს, სად არის საქართველო და სად პორტუგალია" - მაისაშვილის და შარიქაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ნახევარფინალში რუმინეთის 31:7 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ლევან მაისაშვილი: "შარშან მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ და ერთგვარი მოულოდნელობა იყო მათი მხრიდან შეჯგუფებებში: რაქში, მოლსა და შერკინებაში თამაში. რუმინეთი ძალისმიერი რაგბის მიმდევარია და ცდილობს, სწორედ აქ მოიპოვოს უპირატესობა. ვფიქრობ, ამჯერად მათ სრულად გავეცით პასუხი და სხვა დანარჩენებთან ერთად, ამ კომპონენტებშიც სრულად ვდომინირებდით. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ დასახულ გეგმას მივყევით, წელს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და
დაგვიფასდა ვარჯიშებზე გაწეული შრომა.

გიორგი კვესელაძემ ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა. ტრავმის სიმძიმე დაახლოებით 2 დღის შემდეგ გვეცოდინება, როდესაც ზუსტი დიაგნოზი დადგინდება. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერი იქნება. პორტუგალიასთან მატჩის კვირაში ველოდებით ბექა გორგაძის დაბრუნებას, რომელიც რეაბილიტაციას ასრულებს და მომავალ კვირაში ვარჯიშს განაახლებს.

ფინალში პორტუგალიას ვეთამაშებით, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ შემდეგ უდავოდ საუკეთესო გუნდია. ის ესპანეთზეც ძლიერია და რუმინეთზეც, რაც დაამტკიცეს კიდეც. შარშან მათ ორჯერ შევხვდით და არცერთხელ დავრჩით ბოლომდე კმაყოფილი. იყო მიზეზები – კოვიდ-პანდემია თებერვალში და ენტერო-ვირუსი ზაფხულში. ამიტომ მათთვისაც პასუხი გვაქვს გასაცემი. გარდა ამისა, ეს არის ფინალი, რაც მოტივაციას ასმაგად ზრდის. იმედი მაქვს, ფინალისთვის კარგად მოვემზადებით და მსოფლიო თასამდე ყველა დაინახავს, სად არის საქართველო და სად პორტუგალია".

მერაბ შარიქაძე: "რაგბი ზედმეტად გუნდური თამაშია იმისთვის, რომ ვინმეს თავი ყველაზე მაგარი ეგონოს. თუ ზურგს 14 მოთამაშე არ გიმაგრებს, კაპიკია შენი ფასი. არ არსებობს საუკეთესო მოთამაშე, არსებობს საუკეთესო გუნდი. რაც შეეხება ნახევარფინალს და ანთიმოზ ივერიელის თასს, ძალიან მოტივირებული ვიყავით, გვსურდა თასი საქართველოში დარჩენილიყო. ამავდროულად, სასწორზე იდო ფინალის საგზური. წინ საინტერესო ფინალი გველის, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ის ესპანეთში, პორტუგალიის საზღვარზე, ფაქტობრივად, პორტუგალიაში იმართება.

რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თქვა – ასე იქნებ საქართველოს სადმე ფეხი დაუცდესო, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. როდესაც "ექვს ერში" არაფერი იცვლება, მე ასეთი ცვლილება უსამართლობად მიმაჩნია, თუმცა ტიტული ასეც უნდა მოვიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენი ნაკრები,უკვე იმდენად სჯობია სხვებს,რომ მსაჯის არაობიექტურობა,სასურველიც კია მათთვის.რაც უფრო მძიმე მატჩები მოუწევთ,მით უკეთ მოემზადებიან მსოფლიოს თასისათვის.აქაც ხომ ვნახეთ,კაცნაკლულებისაგან გავუშვით ის ერთადერთი ლელო.იმ მომენტში,მოტივაცია აღარ გვქონდა და იმიტომ.ესპანელები კი,რა დღეში ჩავყარეთ,ორკაცნაკლულებმა...
სოსო
01:05 07-03-2023
0
ნამეტანი არ მოგივიდეთ. სქემები შედარებით ამუშავდა და უფრო თვალსაჩინო გახდა მაგრამ ჯარიმები და განსაკუთრებულად უნებლიე შეცდომები ისევ მოუშორებელი ჭირია და სამი ლელოთი ნაკლები დავდეთ ამ მიზეზით, სერიოზული ქულები გვაკლდება. კლასზე თუ მიდგა ჯერი საკუთარ თავს არ უნდა ვაკადროთ პირველ რიგში და არა მეტოქეს, რუმინეთი იქნება თუ პირველი ეშელონის რომელიმე გუნდი.
გიორგი
21:38 06-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული