შეხვედრა "შევარდენზე"

AutoSharing Option
2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ეტაპის დასრულებამდე, "ბორჯღალოსნებს" საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი და გამგეობის თავმჯდომარე, ცენტურიონი "ბორჯღალოსანი" დავით კაჭარავა ეწვივნენ.
რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა უშუალოდ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბის წევრებისა და მოთამაშეებისგან მიიღეს ინფორმაცია მზადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მასში ყველა აქტიურად იყო ჩართული.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა 2022 წლის ნოემბერში, უელსთან კარდიფში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (13:12) სამახსოვროდ, "ბორჯღალოსნებს" სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მომავალი თამაშების წინ წარმატებები უსურვეს.

შეგახსენებთ, მსოფლიო
თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, საქართველო რუმინეთს 12 აგვისტოს, ხოლო აშშ-ს 19 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ 19 საათზე უმასპინძლებს, 26 აგვისტოს კი ედინბურგში შოტლანდიას ეთამაშება, რის შემდეგაც საფრანგეთში გაემგზავრება.

2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს იწყება და "ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული