"ბორჯღალოსნები" | მზადება წლის პირველი საშინაო მატჩისთვის

AutoSharing Option
გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება.

საქართველო წლის პირველ საშინაო შეხვედრას 10 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე", ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 14 საათზე დაიწყება.

მერვედ ნიდერლანდებთან

"ბორჯღალოსნებს" ნიდერლანდების წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია. პირველად მათ ფირას ეგიდით, 1995 წელს გადავეყარეთ. ეს იყო გუნდის ერთ-ერთი პირველი გასვლა ევროპაში და საქართველო 30-ე წუთისთვის 3:0 იგებდა, თუმცა მერე 9 უპასუხო ლელო გაუშვა – 3:55. ეს იყო ერთადერთი მარცხი ნიდერლანდებთან, მას შემდეგ კი მეტოქეს მუდამ უშანსოდ
ვამარცხებდით.

2000-2002 წლებში ნიდერლანდებს ერთა თასზე სამჯერ ვერკინეთ და სამივეჯერ ისე მოვიგეთ, ლელო არ გაგვიშვია (41:6, 32:3 და 88:0). ამის შემდეგ მეტოქე დაქვეითდა და რაგბი ევროპის ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა. ბოლო სამ თამაშში ის ახერხებდა ლელოს გატანას, მაგრამ გამარჯვებული მუდამ საქართველო რჩებოდა (48:15, 72:10 და 40:8).

ჯამში ნიდერლანდებთან მოვიგეთ 6 და დავთმეთ ერთი შეხვედრა. გავიტანეთ 51 ლელო და 324 ქულა, მეტოქემ კი 13 ლელო და 97 ქულა მოიხვეჭა.

ცვლილებები გაფართოებულ რაზმში

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ნიდერლანდები პროგრესირებს, 2023 წელს სამი თამაში მოიგო (ორი გერმანიასთან, ერთი ბელგიასთან) და ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა.

2024 წლის პირველ მატჩში მან ამსტერდამში ესპანეთს უმასპინძლა და ერთი გარდასახვით ჩამორჩა – 18:20.

დესაუში გერმანიასთან 28:17 გამარჯვების შემდეგ, ცვლილებებია "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ რაზმში. შეკრება დატოვეს ბურჯებმა გიორგი ქართველიშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა, ასევე 9 ნომერმა გიორგი მარგალიტაძემ.

გუნდს დაემატნენ ბურჯები ბექა გიგაშვილი და სანდრო ქუნთელია, მესამეხაზელი ბექა გორგაძე, 9 ნომერი თენგიზ პერანიძე და ფრთა ლუკა ხორბალაძე. ხუთი მოთამაშიდან ორი გამოცდილია – გიგაშვილი (40 კეპი) და გორგაძე (42), ორს მწირი გამოცდილება აქვს – ქუნთელია (2) და პერანიძე (1), ხორბალაძე კი დებიუტანტია.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება:
დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი), ბექა გორგაძე (პო).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), დავით ხუროშვილი (კლერმონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
ვისაც რაგბი არ გაინტერესებთ უყურეთ თქვენ ნაპოლის, მეტის ღირსი არა ხართ!!!
S.K.
21:38 06-02-2024
14
ფეხბურთია შენი თამაში? მანდაც რო ვაგებთ რა ვქნათ აღარ ვითამაშოთ?
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული