"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს

AutoSharing Option
17 მარტს "ბორჯღალოსნები" 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას საფრანგეთში, პარიზში, „სტად ჟან ბუინზე“ ერკინებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს მე-16-ედ მოიპოვებენ. თამაში საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ფინალურ მატჩამდე 48 საათით ადრე სათამაშო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ორი კვირის წინ რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ მასში სამი ცვლილებაა – ერთი ხაზში და ორი მარქაფაში.

ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად ფულბეკად დავით ნინიაშვილი გადაინაცვლებს, რომელიც „მუხებთან“ გარემარბი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გარემარბად გამოცდილი ალექსანდრე თოდუა ბრუნდება, რომელსაც
აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული.

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თასი 11-ჯერ შემართა. ცენტრში მას გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. მეორე გარემარბი "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძეა, ღერძზე კი ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ.

უცვლელია შერკინება. პირველ ხაზში თამაშს გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური იწყებენ; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს გიორგი ჯავახია შეუწყვილდება; მესამეში თამაშს ილია სპანდერაშვილი, ბექა გორგაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.

მარქაფაში გამოჩნდა "ნევერის" მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით 15-ჯერ უთამაშია, კოკერილის რაზმში კი პირველადაა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და შეცვლაზეა ბურჯი ბექა გიგაშვილი.

წინა თამაშის შემდეგ მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა ნიორაძემ, ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა, 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ, მგეზავმა თედო აბჟანდაძემ და ცენტრმა დემურ თაფლაძემ.

ახალი რეკორდისთვის

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური მატჩები 2023 წლიდან ტარდება და გადამწყვეტ მატჩში საქართველო პორტუგალიას ზედიზედ მეორედ ერკინება. შარშან "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ესპანეთში, ბადახოსში 38:11 დაამარცხა.

20-ათასიან "ჟან ბუინზე" ეს გუნდები მეორედ ითამაშებენ. 2020 წელს, "ლობუშმა" პარიზში გვიმასპინძლა, სადაც დიდი პორტუგალიური დიასპორაა და საქართველომ 39:24 გაიმარჯვა.

პორტუგალია ერთადერთი გუნდია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის (მისი წინამორბედი ერთა თასის) დაარსებიდან საქართველოსა და რუმინეთის საჩემპიონო დავაში ჩაერია. "ლობუშმა" ჩემპიონობა ერთადერთხელ, 2003-2004 წლების სეზონში მოიპოვა. მისი და საქართველოს გარდა პირველობა 5-ჯერ იზეიმა რუმინეთმა.

2018 წლიდან დღემდე, "ბორჯღალოსნებმა" ტიტული ზედიზედ 6-ჯერ მოიგეს, რითაც წინა რეკორდი გაიმეორეს (2011-2016) და თუ 17 მარტს გაიმარჯვეს, საკუთარ მიღწევას გააუმჯობესებენ.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია დესაუში 28:17 დაამარცხა; ნიდერლანდებს "ავჭალაზე" 31:10, ხოლო ესპანეთს 38:3 სძლია. პორტუგალია პირველ ტურში ბელგიასთან 6:10 დამარცხდა, თუმცა მერე პოლონეთს 54:7, ხოლო რუმინეთს ბუქარესტში 49:24 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თასის ნახევარფინალში საქართველომ რუმინეთი "მიხეილ მესხზე" 43:5 დაამარცხა, პორტუგალიამ კი ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 33:30 აჯობა.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ფინალი

17 მარტი. პარიზი. ჟან ბუინი. 23:55

საქართველო – პორტუგალია

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
კოკერილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ყოველ მომდევნო მატჩში,საქართველოს ნაკრებიმსულ უფრო დიდი ანგარიშით იმარჯვებდა.არადა ყოველი მომდევნო მ,ეტოქე,წესით წინაზე ძლიერი იყო.გამოდის რომ ნაკრების და რიჩარდ კოკერილის ურთიერთ შეგუება,სულ უფრო უმჯობესდება და თვალსაჩინო ძედეგებიც მოაქვს.რა თქმა უნდა ამ ტენდენციის გაგრძელებას ველი და იმედი მაქვს.პორტუგალიაც ყველანაირად შეეცდება,მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება და ავტორიტეტი,კიდევ უფრო გაზარდოს,მაგრამ არა მგონია ჩვენმა ბიჭებმა,ორჯერ ზედიზედ დაანებონ გამწარება,არა მხოლოდ პორტუგალიას,არამედ მასზე გაცილებით მძლავრ გუნდებსაც კი.
ვხედავთ საქართველოსთან წაგებამ.,როგორ შეაფუცხუნა იტალიის ნაკრები,საკუთარ თავს,მაქსიმალური მობილიზაცია გაუკეთეს და 6 ერის ტურნირზეც კი დაიწყეს გამარჯვებების მოპოვება.სავარაუდოდ,ჩვენც იგივეს გავიმეორებთ და გაცილებით უკეთესად ავთამაშდებით.
სოსო
02:07 16-03-2024
0
მიდით ბიჭებო, გენაცვალეთ ჯიგარში!
ქორ-პარიკმახერი
01:58 16-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული