"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილებით ავსტრალიასთან

AutoSharing Option
20 ივლისს "ბორჯღალოსნები" 2024 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს სიდნეიში, მასპინძელ ავსტრალიასთან გამართავენ. "ალიანს სთედიუმზე" შეხვედრა ჩვენი დროით 09:45 საათზე დაიწყება.

სენდაიში იაპონიასთან 25:23 მოგების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 23-კაციან განაცხადში ექვსი ცვლილება განახორციელა – ოთხი სასტარტო 15-ში და ორიც მარქაფაში.

შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს გიორგი მამაიაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია იწყებენ, კვაჭი კი კვლავ ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ამჯერად მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურდა შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია, გუნდის კაპიტანმა ბექა
გორგაძემ ფლანკერად გადაინაცვლა, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა.

უცვლელი დარჩა ხაზი, სადაც ღერძზე მიხეილ ალანიასა და ლუკა მატკავას ვიხილავთ, ცენტრში გიორგი კვესელაძეს და დემე თაფლაძეს, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ხოლო ფულბეკი დავით ნინიაშვილია.

მარქაფაში დაბრუნდა კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი, რომელსაც ორი კვირის წინ ფიჯისთან სანაკრებო დებიუტი ქონდა, მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი კი მიმდინარე ზაფხულში პირველ თამაშს ჩაატარებს. ბურჯმა ირაკლი აფციაურმა და მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. ამჯერადაც შეცვლაზე არიან ბურჯი ლუკა გოგინავა, მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი, 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე.

„ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ჩემი სურვილია გავზარდო კონკურენცია თითოეული პოზიციაზე და ამავდროულად, გუნდი გადავახალისო. გვყავს კარგი დამწყებები და ძლიერი შემცვლელები. მოუთმენლად ველით ამ გამოწვევას“.

„ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, კარგი სამწვრთნელო შტაბით. ჯო შმიდტის გარშემო ძლიერი გუნდი შეიკრიბა. ჩვენ მათთან არასდროს გვითამაშია მსოფლიო თასს მიღმა, არასდროს გვითამაშია ავსტრალიაში მათ წინააღმდეგ და არასდროს დაგვიმარცხებია ისინი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი“ – განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა.

თოდუას 115!

ავსტრალიასთან თავის 115-ე კეპს მოიხვეჭს და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება 36 წლის ფრთა სანდრო თოდუა. მან ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2008 წელს, ჩეხეთთან მოირგო და აქამდე ჩატარებულ 114 თამაშში 19 ლელო გაიტანა. 35 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების რიგებში ყველაზე მეტი, 122 თამაში დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული, კვირიკაშვილი კი მეორე ადგილზეა.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 7 უკანახაზელის კეპების ჯამი 339-ია, მაშინ, როდესაც 8 მორკინალის კეპების ჯამი თითქმის ორჯერ ნაკლებია და 173-ს შეადგენს.

ჩვენ და ავსტრალია

20 ივლისს "ბორჯღალოსნები" "ვოლაბებთან" ისტორიაში მესამედ ითამაშებენ – პირველად მსოფლიო თასს მიღმა.

საქართველო ავსტრალიას პირველად 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შეხვდა და 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ეთამაშა, თუმცა დასკვნით წუთებში ორი ლელო გაუშვა და საბოლოოდ მეტოქემ ბონუსით, 27:8 იმარჯვა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში „ვოლაბები“ ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და სამი ჯარიმით 21:3 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას საქართველო დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ორიც თავად გაუშვა და მეტოქემ 35:15 იმარჯვა.

წელს ეს გუნდები პირველად ითამაშებენ მსოფლიო თასს მიღმა და ტიერ1-ის გუნდებიდან მხოლოდ ახალი ზელანდია დარჩება, ვისთანაც ტესტ-მატჩი ჯერ არ ჩაგვიტარებია.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია (09:45 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო, კაპ.), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაპიტანი სად არის როდის გვეტყვით.
თემო
19:09 18-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული