ორი ახალი მწვრთნელი "ბორჯღალოსნებში"

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში მატებაა. ავსტრალიელმა ჯულიან სალვიმ და კანადელმა დენ ბომ, ზაფხულის ტესტ-მატჩებში უკვე იმუშავეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან.

ჯულიან სალვი

38 წლის ჯულიან სალვი დაცვის მწვრთნელია. ის ავსტრალიაში დაიბადა და შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. ფლანკერის პოზიციაზე მოთამაშე სალვი ავსტრალიის სკოლებისა და 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო, ავსტრალიის ა ნაკრებში კი 8 თამაში ჩაატარა.

მისი საკლუბო კარიერა "ბრამბისში" დაიწყო, სადაც 2003-2011 წლებში, ორ ეტაპად 63 თამაში ჩაატარა. 2009-2010 წლებში ჯულიანი ინგლისის პრემიერშიფის ‘ბათში’ თამაშობდა, სამშობლოში ხანმოკლე დაბრუნების შემდეგ კი კვლავ ინგლისს მიაშურა, ამჯერად
"ლესთერ თაიგერსს" და მასთან ერთად პრემიერშიფის ჩემპიონი გახდა. ამასთან, ავსტრალიელი "თაიგერსის" გულშემატკივრებმა წლის მოთამაშედ დაასახელეს.

2011-2015 წლებში, სალვიმ "ლესთერის" კვართით 113 თამაში ჩაატარა და 11 ლელო გაიტანა.

2015 წელს ის "ექსეთერ ჩიფსში" გადავიდა, იქ სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 2017 წელს პრემიერშიფის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.

2018 წლის ზაფხულიდან ჯულიან სალვი "ექსეთერის" დაცვის მწვრთნელი გახდა და აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წელი გაატარა. 2020 წელს მან ჩემპიონის ტიტული კლუბთან ერთად დაცვის მწვრთნელის რანგშიც მოიპოვა. იმავე წელს ‘ჩიფსი’ ჩემპიონთა თასის გამარჯვებულიც გახდა.

2022 წელს სალვი იტალიურ ‘ბენეტონში’ გადავიდა, ახლა კი "ბორჯღალოსნების" დაცვის მწვრთნელია.

დენ ბო

49 წლის დენ ბო კანადაში დაიბადა და ქვეყნის უპირველეს გუნდში ჩატარებულ 27 მატჩში 5 ლელო გაიტანა (1998-2002 წლები).

1998 წელს ის უელსში, "კარდიფ ბლუში" გადავიდა. თავისი გარღვევებითა და მომაკვდინებელი ბოჭვებით, მან მალევე მოიპოვა გულშემატკივრის სიყვარული. მაგრამ ის ხშირად იღებდა ტრავმებს, ბოლოს ფეხი მოიტეხა და 2005 წელს მოთამაშის კარიერა ნაადრევად დაასრულა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ბო "კარდიფში" დარჩა და ჯერ ფიზ. მომზადების მწვრთნელი იყო, მერე კი ფორვარდების მწვრთნელი გახდა. 2014 წელს კანადელი სპეციალისტი ინგლისში გადაბარგდა და "უესპსის" ფიზ. მომზადების მწვრთნელი გახდა, თუმცა მალევე უელსში დაბრუნდა "დრაგონსს" ავარჯიშებდა. ამჟამად ის "ბორჯღალოსნების" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი, უკეთესი მწვრთნელები მოდიან, წინსვლაც იქნება.
ნიკო
19:04 03-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული