უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ შემოდგომის სერიას 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის მეორე გუნდთან, "ოლ ბლექსი XV"-თან რკენით გავხსნით, 17 ნოემბერს იტალიას, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას შევხვდებით.
ნოემბერს მონპელიეში ვიწყებთ
ახალზელანდიურ "ოლ ბლექსი XV"-ს საფრანგეთში, მონპელიეში ვეთამაშებით. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული რაგბის 35-წლიან ისტორიაში ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო თასს მიღმა აქამდე არასდროს გვითამაშია. მსოფლიო თასზე კი "ოლ ბლექსს" 2015 წელს შევხვდით და მომავალმა ჩემპიონმა 43:10 იმარჯვა, თუმცა ქართველების თამაშმა საერთო მოწონება
რაც შეეხება "ოლ ბლექსი XV"-ს, ის 2022 წელს შეიქმნა და მასში მთავარი გუნდის უახლოესი რეზერვი თამაშობს, მიზნად კი ყველა თამაშში გამარჯვება აქვს დასახული. "ოლ ბლექსი XV" ყოველ წელს ორ-ორ თამაშს მართავს და აქამდე ჩატარებული 4 შეხვედრიდან სამი აქვს მოგებული. 2022 წელს, სადებიუტო მატჩში, მან "ირლანდია ა" 47:19 დაამარცხა, ერთი კვირის თავზე კი "ბარბაროსებთან" 31:35 დამარცხდა.
შარშან ზელანდიელები იაპონიას ეწვივნენ და ჯერ მისი მეორე გუნდი დაამარცხეს 38:6, მერე კი ეროვნულ ნაკრებს სძლიეს 41:27. "ბორჯღალოსნებთან" თამაშამდე "ოლ ბლექსი" XV 2 ნოემბერს ირლანდიურ "მანსთერს" შეხვდება.
ნოემბრის ტესტ-მატჩებიდან ყველაზე ადრე იტალიასთან თამაში დადასტურდა და ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა. შეგახსენებთ, რომ თამაში 17 ნოემბერს გენუაში, საქართველოს დროით 17:40 საათზე დაიწყება.
ტონგასთან თბილისში
წლის დასკვნით თამაშს "ბორჯღალოსნები" თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავს და 24 ნოემბერს ტონგას უმასპინძლებს. ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იქნება და კუნძულელები მეოთხედ ეწვევიან საქართველოს.
ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ჯერ კიდევ 1999 წელს შედგა. მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ტონგელებმა საკუთარ მოედანზე 37:6 მოიგეს. სამი კვირის თავზე "ეროვნულ სტადიონზე" რევანში შედგა – 28:27, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში მაშინ მსოფლიო თასზე მეტოქე გავიდა.
2014 წელს ტონგა საქართველოს მეორედ ეწვია, ამჯერად ტესტ-მატჩის გასამართად და 23:9 იმარჯვა. მას შემდეგ კიდევ ოთხი თამაში შედგა და ყველა მათგანში გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩა.
ერთ-ერთი მთავარი ჯახი 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. "ბორჯღალოსნებმა" ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში ტონგას დაძაბულ ბრძოლაში 17:10 მოუგო, იმ წელს მსოფლიო თასზე მეორე გამარჯვებაც მოიპოვა და ჯერჯერობით საუკეთესო ტურნირი ჩაატარა.
2016 და 2018 წლებში ტონგელებს ორჯერ ვეთამაშეთ ფიჯიზე, სუვაში და ორივეში მცირედი სხვაობით მოვუგეთ – 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა ერთხელაც გვეწვია თბილისში და "მიხეილ მესხზე" ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით, 20:9 დავამარცხეთ.
ამრიგად, ტონგასთან გამართული 7 შეხვედრიდან მოვიგეთ 5 და დავთმეთ 2. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს გაუტანა 119 ქულა და 11 ლელო, თავად კი 141 ქულა და 17 ლელო მიიღო.
"საინტერესო და დაძაბული ზაფხულის შემდეგ ქართული რაგბის გულშემატკივარს არანაკლებ სანახაობრივი ნოემბერი ელის. შემოდგომის სერიას "ოლ ბლექსი XV"-თან თამაშით ვიწყებთ. ყველამ კარგად იცის, თუ რა დონეზეა რაგბი ახალ ზელანდიაში და მის მეორე გუნდთან თამაში დიდ ინტერესს იწვევს. ეს შეხვედრა მონპელიეში იმართება და რადგან საფრანგეთში ქართველები მრავლად ცხოვრობენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს გულშემატკივრობა არ მოაკლდება.
მნიშვნელოვანია, რომ "ოლ ბლექსი XV"-თან თამაშის შემდეგ "ბორჯღალოსნები" პრინციპულ მეტოქე იტალიას გენუაში ეწვევა. ყველას კარგად გვახსოვს 2022 წლის ზაფხული და იტალიასთან ბათუმში გამარჯვება, რის შემდეგაც მეტოქეს რევანში სწყურია, მით უმეტეს, რომ ახლა იტალია შესანიშნავ ფორმაშია. ეს გამოჩნდა როგორც წლევანდელ ექვს ერზე, ასევე ზაფხულის ტესტ-მატჩებში. სასიხარულოა, რომ ასეთ ფორმაში მყოფმა იტალიამ თავისთან სათამაშოდ მიგვიწვია“. „დარწმუნებული ვარ "ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრის დიდი არმია გენუაშიც გაყვება. ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, მათ შორის, იტალიაში მყოფ ემიგრანტებს, მოვუწოდებ, რომ მოვბილიზდეთ და ერთად შევიკრიბოთ გენუაში, რათა გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები. ეს არის ექვსი ერის, ტიერ1 ქვეყნის გუნდის კიდევ ერთხელ დამარცხების საწინდარი, ჩვენს ბიჭებს კი ნოემბერში საუკეთესო ფორმაში ყოფნას ვუსურვებ.
დაბოლოს, ზაფხულის ტესტ-სერიას თბილისში, საკუთარი ქომაგის წინაშე კიდევ ერთი პრინციპული მეტოქის, ტონგასთან თამაშით დავასრულებთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტრიბუნები ბოლომდე შეივსება და მაყურებელს ძალიან კარგი თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ზაფხულის ტესტ-მატჩებთან ერთად, ნოემბრის თამაშები სწორედ ისაა, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართულ რაგბის შემდგომი განვითარებისთვის და მოუთმენლად ველით ნოემბრის დადგომას. ეს შეხვედრები ჩვენი მთავარი მწვრთნელისთვის, რიჩარდ კოკერილისთვის, დიდი გამოწვევაა და მწამს, ქომაგი კიდევ უფრო ძლიერ და მობურთალ საქართველოს ნაკრებს იხილავს", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
Rugby.ge
წინ,საქართველო!