რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ დივიზიონში უკვე სამი ტური ჩატარდა. ქართველი მორაგბეები აქაც საკმარისად ბევრნი არიან, თუმცა, ამჯერად, მხოლოდ იმათზე გიამბობთ, რომელთა გუნდებიც სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ და, სავარაუდოდ, მეორე დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებენ.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ფედერალ 1 დივიზიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი A ჯგუფში მოასპარეზე ნოდარ ჭეიშვილის, გიო სორდიას, ვაჟა კაპანაძისა და საბა მეუნარგიას "შამბერის" აქვს, რომელმაც სამი თამაშიდან სამივე მოიგო და 13 ქულით ლიდერობს გათამაშებას.

მესამე ტურის მატჩში, რომელშიც "შამბერიმ" შინ მოუგო "ობენას" 26:7, სორდიამ ლელო მეორე წუთზე გაიტანა. თამაშში
ოთხივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ჭეიშვილი მეორეხაზელია, სორდია მესამე ხაზში თამაშობს, კაპანაძე და მეუნარგია კი, შერკინების ბურჯები არიან.

C ჯგუფში ლიდერთა შორის არიან დავით ოქრიაშვილის "როდეზი" და გალაქტიონ გაგნიძისა და გიორგი გოგოლაძის "კასტანე". მესამე ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები იდგნენ. "როდეზი" მასპინძელი იყო და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა სტუმარს დაუთმო - 33:36.

გაგნიძე და ოქრიაშვილი შერკინების ბურჯები არიან. გოგოლაძემ კი, ამ შეხვედრაში ფულბეკის პოზიციაზე ითამაშა. "როდეზი" და "კასტანე" კი, რვა-რვა ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. მათ ლიდერი "ბაგნერე" მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

მესამე ტურში პირველად წააგო D ჯგუფში მოასპარეზე სიმონ მაისურაძის "მაკონმა". შერკინების ქართველი კვაჭის გუნდი ახლა 8 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერებს, "ნიმსა" და "კარკუირანს" სამი ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ცნობისტვის გალა გაგნიძე ანდორის ნაკრებში თამაშობს.
iverieli
09:26 05-10-2017
0

სიახლეები პოპულარული