ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში

AutoSharing Option
გასული უიქენდი ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩელენჯ თასზე ორმა ჩვენებურმა სამი ლელო გაიტანა, ერთმა 9 ქულა მოიხვეჭა, ერთი ლელო კი პრო დე2-ში გავიდა.

ჩემპიონთა თასზე სამმა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 15-მა ქართველმა ითამაშა.

ლობჟანიძის დუბლი და გორგაძის ლელო

ჩემპიონთა თასის პირველ ჯგუფში "ლიონი" "ბენეტონს" იტალიაში ეწვია და 22:25 დამარცხდა. ფრანგთა განაცხადში იყო კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, თუმცა მას თამაშში ჩართვა არ მოუწია.

მესამე ჯგუფში "კლერმონმა" ინგლისურ "ბათს" უმასპინძლა, 52:26 დაამარცხა და 16 ქულით მეორე ადგილზეა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48 წუთი
ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა. მისი შეცვლისას ანგარიში 45:14 იყო. "კლერმონი" 11 იანვარს "ალსთერს" მასპინძლობს, რომელიც მას 1 ქულით უსწრებს.

მეხუთე ჯგუფში "მონპელიემ" "ტულუზი" მიიღო და ფრანგულ დერბიში 18:26 დამარცხდა. სრულად ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ და ბურთით ხელში 7 შეტევით ჯამში 16 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 14 ბოჭვა შეასრულა. თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო მიხეილ ნარიაშვილი.

ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში "ენისეი" "კასტრს" საფრანგეთში მედგრად ეომა და 63-ე წუთისთვის ანგარიში 10:10 იყო, თუმცა მერე ორი ლელო გაუშვა. სტუმართა ძირითადში ხუთი ჩვენებური იყო. მიხეილ გაჩეჩილაძემ სრულად ითამაშა და დაცვაში ყველაზე ბევრი, 18 ბოჭვა შეასრულა, 8 შეტევით კი 7 მეტრი მოიგო. შეუცვლელად ითამაშა დავით მესხმაც და 3 შეტევით 12 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა.

დავით კაჭარავამ მოედანზე 70 წუთი გაატარა და დაცვაში 7 ბოჭვა მოაგროვა, შეტევაში ბურთი ორჯერ წაიღო და 6 მეტრი მოიგო. 63 წუთი ითამაშა ნიკოლოზ ხატიაშვილმა და 5 შეტევით 5 მეტრი მოიგო. მის ანგარიშზე 11 ბოჭვაა. 63 წუთი ითამაშა და ასევე 11 ბოჭვა შეასრულა ნიკოლოზ სუხაშვილმა. მას "ენისეის" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჰქონდა და აქტიურობდა შეტევაშიც. სუხაშვილმა ბურთი 11-ჯერ წაიღო და 16 მეტრი მოიგო. მან ასევე 5 თერნოვერი შეასრულა.

"ტულონმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 17 ქულით მეორე ჯგუფს ლიდერობს. ამჯერად ფრანგები "ლონდონ აირიშს" ინგლისში ეწვივნენ და 26:20 დაამარცხეს. ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი აქტიური იყო ბექა გიგაშვილი. მან 10 შეტევით ჯამში 23 მეტრი მოიგო და დაცვაში 12 ბოჭვა შეასრულა.

ამავე ჯგუფში "ბეიონი" "სკარლეტს" უელსში ეწვია და 5:46 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა იოანე იაშაღაშვილმა. ის შეუცვლელად გაისარჯა და 10 შეტევით 20 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 11 ბოჭვა შეასრულა.

მესამე ჯგუფს 17 ქულით ქართველების "ბორდო" ლიდერობს, რომელმაც მეოთხე ტურში "აჟენი" ბონუსით, 33:6 დაამარცხა. "ბორდოს" სასტარტო შემადგენლობაში სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ და 63-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო სწორედ მან გაიტანა. ბექამ ბურთით ხელში 12-ჯერ შეუტია და 27 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 10 ბოჭვა შეასრულა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლაშა ტაბიძემ. მან 6-ჯერ მიიღო ბურთი და ის 2 მეტრით წინ წასწია, ხოლო დაცვაში 5 ბოჭვა შეასრულა. "აჟენის" ძირითადში იყო და 53 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა. მის ანგარიშზე 6 ბოჭვაა.

"ბრივმა" მეოთხე ჯგუფში იტალიურ "ძებრეს" უმასპინძლა და ქართველების 19 ქულით 24:10 დაამარცხა. ვასილ ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 58 წუთი ითამაშა და ორი ლელო გაიტანა. მე-17 წუთზე მან მოლიდან გადმოვარდნილი ბურთი აიტაცა და ლელოში მოკლე ფრთაზე შეხტა, ხოლო 43-ე წუთზე შეტევას კარგად მიჰყვა და ლელოთი დააგვირგვინა. სულ მან ბურთით 5-ჯერ შეუტია და 30 მეტრი მოიგო, 38 პასი გასცა, დაცვაში კი 4 ბოჭვა შეასრულა.

სრულად ითამაშა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ და სამივე გარდასახვა გაიტანა, ასევე, ერთი ჯარიმა. მან 5-ჯერ შეუტია და 9 მეტრი მოიგო, 12 პასი გააკეთა და 7 ბოჭვა შეასრულა. ძირითად შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა ახალგაზრდა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე. მან 7 შეტევით 8 მეტრი მოიგო და 5 ბოჭვა შეასრულა. თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო ოთარ გიორგაძე, რომლის ანგარიშზე 10 შეტევით მოგებული 19 მეტრი, 3 პასი და 4 ბოჭვაა.

ამავე ჯგუფში "სტად ფრანსემ" ინგლისურ "ბრისტოლს" უმასპინძლა და 77-ე წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვით 16:18 დამარცხდა. პარიზელთა ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ. მან 4 შეტევით 15 მეტრი მოიგო და 3 ბოჭვა შეასრულა.

სუთიაშვილის ერთადერთი ლელო

პრო დე2-ის მე-14 ტურში "ბიარიცმა" "გრენობლს" უმასპინძლა და 33:7 დაამარცხა. პირველ ტაიმში შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ ქართველი ბურჯები იდგნენ. დავით ქუბრიაშვილი მე-40 წუთზე სინბინით დასაჯეს და მას შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. "ბიარიცის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა გიორგი ნუცუბიძემ.

"ანგულემმა" "პროვანსს" უმასპინძლა და 19:15 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი ლელო ძალისმიერ სტილში შალვა სუთიაშვილმა 64-ე წუთზე გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა ლუკა გოგინავა. სტუმართა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს სტუმართა ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი.

"ორიაკმა" ლიდერი "ოიონა" მიიღო და 15:12 დაამარცხა. მასპინძელთა შორის სამმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ლუკა ნიორაძე, გიორგი ჯავახია და გიორგი ქართველიშვილი შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდნენ. ნიორაძისთვის ეს პრო დე2-ში სადებიუტო შეხვედრა იყო.

"ნევერი" "მონ-დე-მარსანს" ეწვია და 11:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის თორნიკე მატარაძემ და ილია კაიკაციშვილმა 52-ე წუთიდან ითამაშეს. სტუმრებმა გამარჯვების ორი ჯარიმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს.

"რუენმა" "ვანს" უმასპინძლა და 29:15 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შუამარბად სრულად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ. ის მე-17 წუთზე სინბინით დაისაჯა. მჭედლიძემ ახალი გუნდის რიგებში მესამედ ითამაშა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

"ვალანსმა" "პერპინიანს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 28:29 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 54 წუთი ითამაშა ბურჯმა მირიან ბურდულმა.

ინგლისურ "ლონდონ სქოთიშში" მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილის დებიუტი შედგა. მისი გუნდი ჩემპიონშიფის თასზე სტუმრად "პაირეტს" ეთამაშა და "ბორჯღალოსანი" სასტარტო შემადგენლობაში იყო. პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა 29:14 იმარჯვეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული