ლეგიონერები - გოგიჩაშვილისა და ნიორაძის ლელოები

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანმა" ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა ჩემპიონთა თასის მერვედფინალში შოტლანდიურ "ედინბურგს" ლელო გაუტანა.

22 წლის მორაგბისთვის, რომელიც "რასინგ 92"-ში მესამე სეზონს ატარებს, ეს კლუბის მაისურით გატანილი პირველი ლელოა. გოგიჩაშვილმა "ბორჯღალოსნების" შეკრება რუმინეთთან მატჩამდე სწორედ იმის გამო დატოვა, რომ შოტლანდიელთა წინააღმდეგ ეთამაშა. ის შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და ლელო 66-ეზე გაიტანა. მან ბურთით 6-ჯერ შეუტია და ჯამში 16 მეტრი მოიგო. "რასინგმა" მეტოქე 56:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში "ბორდოს", 11 აპრილს სტუმრად ეთამაშება.

"ბორდომ" ინგლისურ "ბრისტოლს" უმასპინძლა და 36:17 სძლია. ფრანგთა რიგებში შეცვლაზე 52-ე წუთიდან
ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. ამ პერიოდში მან 4-ჯერ შეუტია და ბურთი 16 მეტრით წასწია წინ, დაცვაში კი 4 ბოჭვა შეასრულა.

ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში "აჟენი" "ბენეტონს" იტალიაში ეწვია და 16:29 დამარცხდა. სტუმართა შორის 56-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა.

"ლონდონ აირიშისა" და "კარდიფის" შეხვედრას საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გაუძღვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროთასების პლეი-ოფში ქართველმა იმსაჯა. ინგლისელებმა სტუმრები 41:35 დაამარცხეს.

პრო დე2

პრო დე2-ის 25-ე ტურში "ორიაკმა" ლიდერ "პერპინიანს" უმასპინძლა და გამარჯვება არ დაანება - 27:27. უფრო მეტიც, სტუმრებმა მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით შეძლეს 2 ქულის აღება. მასპინძელთა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-11 წუთზე "ორიაკის" მეორე ლელო გაიტანა. ეს მისი მესამე ლელოა მიმდინარე სეზონში.

ნიორაძე 67-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა შორის 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქართველიშვილმაც. სტუმართა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომლის ნაცვლად 34-ე წუთზე შეცვლაზე ვახტანგ ჯინჭარაძე შევიდა.

"გრენობლმა" "ოიონა" მიიღო და 33:26 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და 61-ე წუთზე შეცვალეს. 61-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ნიკა ნეფარიძე. სტუმართა განაცხადშიც ორი ქართველი იყო - ბექა კაკაბაძე შეცვლაზე 71-ე, ხოლო ალექსი სვანაძე 79-ე წუთზე შევიდა.

"ბეზიე" "რუანს" კაცნაკლული ეთამაშა და 23:25 დამარცხდა. მასპინძელთა ბურჯმა ჟორჟ სალდაძემ წითელი ბარათი პირველსავე წუთზე მიიღო. სტუმართა შორის სრულად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ, ხოლო კახა ასიეშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს.

"კოლომიემ" "პროვანსს" დაძაბულ ბრძოლაში 30:28 სძლია. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა. მას დასკვნითი ოთხი წუთით კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. სტუმართა ძირითადში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს ზაზა ნავროზაშვილი.

სტუმრად "მონ-დე-მარსანს" 18:14 სძლია "ანგულემმა", რომლის ძირითად შემადგენლობაში ლუკა გოგინავა იყო. ის 29-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 54-ე წუთზე შეცვალეს, 73-ეზე კი თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე მეორე ტაიმი სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა.

"ვალანსმა" "ვანს" მინიმალური სხვაობით, 32:31 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში შეცვლაზე მეორე ტაიმი ითამაშა მირიან ბურდულმა.

"ბიარიცმა" "ნევერს" 23:12 მოუგო. გამარჯვებულთა შორის 50-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ნუცუბიძემ, ხოლო ვახტანგ ახობაძე თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა ძირითადში იყო და 70 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიორაძე და ალხაზაშვილი ნაკრებში! არც მამუკაშვილი და არც ბრეგვაძე ფორმაში არ არიან და დაეტყოთ უთამაშებლობა, ესენი კი პირიქით მაგარ ფორმაში ჩადგნენ, სანამ ჩვენი ორი ვეტერანი არ დაიბრუნებს ფორმას სჯობს ამათ მივცეთ შანსი
123122
22:43 06-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული