ტოპ 14 - ქართველების ორი ლელო ერთ მატჩში

AutoSharing Option
საფრანგეთის ტოპ 14-ის მეორე ტურის ერთ შეხვედრაში ორი ქართული ლელო გავიდა. ანგარიში გელა აფრასიძემ გახსნა, ბოლო შედეგიანი შეტევა კი ვანო კარკაძის ანგარიშზეა.

"მონპელიე" "ბრივს" მასპინძლობდა და ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მოლს კვაჭი მოწყდა, აფრასიძეს ოფლოუდი ამოუგდო, ქართველმა 9 ნომერმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიშორა და ლელო ძელებს უკან გაიტანა. გელასთვის ეს საფრანგეთში გატანილი მესამე ლელოა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.

ერთბაშად 5 ჩვენებური იყო "ბრივის" მარქაფაში. ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 36-ე წუთზე შევიდა, კარკაძე 45-ეზე, ლუკა ჯაფარიძე 48-ეზე, ხოლო
თედო აბჟანდაძე და ოთარ გიორგაძე 49-ეზე. 68-ე წუთზე ვანომ სტუმართა მოლი ლელოთი დააგვირგვინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 39:17 "მონპელიეს" სასარგებლოდ. კარკაძესთვის ეს პირველი გატანილი ლელოა ტოპ 14-ში.

"კასტრი" "კლერმონს" ეწვია და 77-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 34:30 იმარჯვა. სტუმართა შორის 61-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

26-ე წუთიდან კაცნაკლულად მოთამაშე "პომ", შინ 21:17 სძლია "ლიონს". მასპინძელთა რიგებში თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო ბექა გორგაძე, ხოლო სტუმართა რიგებში ბექა საღინაძე შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა.

ორი ქართველი ბურჯი გავიდა მოედანზე "პერპინიანისა" და "ბიარიცის" შეხვედრაში. მასპინძელმა "პერპინიანმა" 33:20 მოიგო და მათ რიგებში 51-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი თეთრაშვილი. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს უშანგი ჭეიშვილი.

"ბორდომ" "სტად ფრანსე" მიიღო, ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 37:10 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი, ხოლო გიორგი მელიქიძე შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. მელიქიძისთვის ეს პირველი მატჩი იყო მიმდინარე სეზონში.

"რასინგ 92"-მა "ლა როშელი" მიიღო და 23:10 დაამარცხა. პარიზელთა შორის მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა გურამ გოგიჩაშვილმა. ის შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა. "ლა როშელში" და ზოგადად ტოპ 14-ში გურამ პაპიძის დებიუტი შედგა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 71-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება.

ბექა გიგაშვილის "ტულონი" "ტულუზს" ეწვია და 10:41 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სტუმართა ძირითადში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული