ლეგიონერები - საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი

AutoSharing Option
ორმა ახალგაზრდა "ბორჯღალოსანმა" - ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა, ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყო. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ "ლიონის" ნაწილად.

ეს არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს "ლიონის" მომავლად მიიჩნევს:

„ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი "ლიონს" ზაფხულში შეუერთდნენ და მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ამდენი სათამაშო დრო ექნებოდათ, მაგრამ თვითნაბადი ნიჭით დაჯილდოებულმა ქართველებმა, დაუღალავი შრომითა და უდიდესი პოტენციალით, მალევე შეძლეს გუნდის ძირითად ჯგუფში დამკვიდრება. 22 წლის მესამეხაზელი და 19 წლის უკანახაზელი
ნამდვილ აღმოჩენად იქცნენ.

სასიამოვნო ღიმილით, უბრალოებითა და მიზანსწრაფულობით, საღინაძე და ნინიაშვილი ახალი გარემოს სრულფასოვან წევრებად იქცნენ. ქართული რაგბის ორი იმედის ასეთი დებიუტის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ლიონს" საინტერესო ისტორია ელის ქართული აქცენტით. უკანასკნელი 10-წლეულის განმავლობაში კლუბის შემადგენლობაში არაერთი "ბორჯღალოსანი" გამოჩნდა, მაგრამ ადგილი მხოლოდ რამდენიმემ დაიმკვიდრა.

ვფიქრობთ, ასეთი იყო მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი, რომელიც "ლიონს" 2014 წელს "კლერმონიდან" განათხოვრების წესით შეუერთდა და გუნდს ტოპ 14-ის მოგებაში დაეხმარა. ან გურამ კავთიძე, რომელმაც 2009-14 წლებში 51 თამაში ჩაატარა.

"ეს ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. არ ველოდით, ამდენი სათამაშო დრო თუ მოგვეცემოდა" - ერთხმად ამბობენ ბექა და დათო. საღინაძემ მიმდინარე სეზონში "ლიონის" კვართით უკვე ჩაატარა 5 შეხვედრა, 4-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და ერთი ლელოც გაიტანა. ნინიაშვილი 4-ჯერ მოხვდა შემადგენლობაში და აქედან ორჯერ ძირითადში. პირველი გუნდს "ორიაკიდან" შეუერთდა და უკვე ჰქონდა ძლიერი მოთამაშის რეპუტაცია პრო დე2-ში; ნინიაშვილი კი პირდაპირ საქართველოდან, "ხვამლიდან" ჩამოვიდა.

მათი "ლიონის" შემადგენლობაში ხშირი მოხვედრა შემთხვევითობა არ არის. ისინი დაუღალავად შრომობენ, რათა ძლიერ კონკურენციაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.

"ტულუზთან" მოგებული მატჩის შემდეგ საღინაძესთან დაკავშირებით პიერ მინიონიმ თქვა:

"ის არაა მხოლოდ აგრესიული მოთამაშე ბურთით ხელში. ბექა ბევრს ფიქრობს საკუთარი როლის და თამაშის შესახებ. არადა, ჯერ საკუთარი რესურსის მხოლოდ 80%-ს თუ იყენებს და განვითარებისთვის საკმაოდ დიდი თამასა აქვს".

საღინაძემ რაგბის თამაში 12 წლის ასაკში, "ლელოში" დაიწყო. ნინიაშვილი, რომელმაც უკვე დაგვარწმუნა ფეთქებადობასა და მაღალ სისწრაფეში, რაგბის 8 წლიდან თამაშობს. გარკვეული დროით სხვა სპორტზე დადიოდა, ბოლოს კი "ხვამლს" დაუბრუნდა და რამდენიმე თვის წინ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობდა.

ახალ გარემოსთან ადაპტირების მათი უნარი შთამბეჭდავია. საღინაძე ამბობს:

"ტოპ 14-ში ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც "ტულუზაა", ჩემი ოცნება და მიზანი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შევძლებდი და ახლა, როდესაც უკვე აქ ვარ, გაჩერებას არ ვაპირებ. მსურს გავაგრძელო პროგრესი. გუნდის სტილი ძალიან მომწონს, რადგან სულ ბურთით მიწევს თამაში, "ორიაკსა" და საქართველოს ნაკრებში კი უმეტესად დაცვა მიწევდა. თამაშის დახვეწა სასარგებლოა როგორც მოთამაშისთვის, ასევე ნაკრებისთვის. ჩვენ აქ ვსწავლობთ, ვიზრდებით და მერე საკუთარ ცოდნას ნაკრებს ვუზიარებთ".

"აქ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. არ ვართ წნეხის ქვეშ, რაც გვეხმარება ადაპტირებასა და განვითარებაში" - დაამატა საღინაძემ. მას ნინიაშვილიც ეთანხმება:

"ეს გამოწვევა ძალიან მომწონს. ბევრს ვვარჯიშობ, ვშრომობ და თავსაც კარგად ვგრძნობ. ნელ-ნელა ენასაც ვსწავლობ, ფრანგული მესმის და ცოტას ვსაუბრობ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ამ მაგარ ბიჭებს!
შოთა
09:31 27-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული