ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი

AutoSharing Option
19 წლის ქართველი უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის "ხვამლიდან" ტოპ 14-ის "ლიონში" ზაფხულში გადავიდა, ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

2021/22 წლების ევროტურნირების პირველ ტურში მისმა "ლიონმა" ინგლისურ "გლოსთერს" უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. ნინიაშვილმა, რომელიც ფრანგულ კლუბს ზაფხულში შეუერთდა, სრულად ითამაშა და 9 შეტევით ჯამში 53 მეტრი მოიგო, რაც მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზეა 9 პასი, 6 ოფლოუდი და 3 ბოჭვა.

"ლიონის" რიგებში სრულად ითამაშა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ და 12 შეტევით 30 მეტრი
მოიგო, გააკეთა 3 პასი და 8 ბოჭვა. "გლოსთერის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ, ბურთი 4-ჯერ წაიღო და 15 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 8 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა.

"ბიარიცმა" "ძებრეს" იტალიაში 4 ლელო გაუტანა და ბონუსით, 26:13 დაამარცხა, რაშიც წვლილი უშანგი ჭეიშვილსაც მიუძღვის. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, 47-ეზე კი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. მან ბურთი 10-ჯერ წიღო და ამდენივე მეტრი მოიგო, დაცვაში კი 7 ბოჭვა შეასრულა. შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა ვახტანგ ახობაძე და 7 მიძალებით 9 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 4 მეტოქე შეაჩერა.

ტურნირი გამარჯვებით დაიწყო "პერპინიანმა", რომელმაც უელსურ "ნიუპორტს" 22:16 სძლია. ფრანგთა შორის მეორე ტაიმი შეცვლაზე ითამაშა ვახტანგ ჯინჭარაძემ (5 შეტევით 5 მეტრი და 4 ბოჭვა), რომელიც ტრავმის შემდეგ გუნდს ახლახან დაუბრუნდა და კლუბთან ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

სამმა ქართველმა ითამაშა ჩემპიონთა თასის პირველ ტურში.

"რასინგ 92" ინგლისში "ნორთჰემპტონს" ეწვია და ბონუსით, 45:14 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი.

ინგლისში "ექსეთერის" წინააღმდეგ ითამაშა და 6:42 დამარცხდა "მონპელიე". სტუმართა შორის პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა გელა აფრასიძემ.

"ბორდომ", რომლის რიგებში შეცვლაზე 48-ე წუთიდან ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ინგლისური "ლესთერ თაიგერსი" მიიღო და 13:16 დამარცხდა.

ფრანგული "კასტრისა" და ინგლისური "ჰარლიქუინსის" შეხვედრაში ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. შეხვედრაზე სრულად ქართულ ბრიგადას უნდა ემუშავა, თუმცა, სამწუხაროდ, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო საფრანგეთში მხოლოდ ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე გაემგზავრნენ. დაძაბულ მატჩში ინგლისელებმა 20:18 მოიგეს. ამაშუკელი მოედნის მსაჯი იყო, თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული