ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში

AutoSharing Option
გასულ კვირაში საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე2-ში სამი ქართული ლელო გავიდა. პირველ ელიტარულ დივიზიონში წლევანდელი სეზონის ანგარიში ბექა გიგაშვილმა გახსნა, მეორეში კი ლელოები გიორგი ჯავახიამ და ბექა შვანგირაძემ გახსნეს.

ზედიზედ მესამე მატჩია ბექა გიგაშვილი თამაშს "ტულონის" ძირითადში იწყებს. ამჯერად მან "კლერმონის" წინააღმდეგ 56 წუთი ითამაშა და 35-ე წუთზე თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. მან რაქიდან შუტია და "ტულონი" 11:8 დააწინაურა. მისმა გუნდმა მეტოქე 30:29 დაამარცხა. სტუმართა შორის დებიუტი ჰქონდა 20 წლის ბურჯ გიორგი ძმანაშვილს. ის გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე
პირველი ტაიმის მიწურულს გამოჩნდა და მოედანზე 8 წუთი გაატარა, 73-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

ქართველი 9 ნომრების დაპირისპირება შედგა "ბრივისა" და "მონპელიეს" შეხვედრაში. "ბრივის" შემადგენლობაში პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. სტუმართა რიგებში მოედანზე 52 წუთი გაატარა გელა აფრასიძემ. "მონპელიემ" თამაში 31:26 მოიგო. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდა ვანო კარკაძე (48-ე წუთი) და 63-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბორდოში 12:33 დამარცხდა "კასტრი", რომლის რიგებში შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

"რასინგ 92"-მა ‘ლიონი’ მიიღო და 32:19 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში დასკვნითი 25 წუთი ითამაშა გია ხარაიშვილმა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად გაისარჯნენ ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი.

"სტად ფრანსემ" "ბეიონს" დასკვნით 12 წუთში ორი ლელო გაუტანა, ჯამში 17 ქულა აიღო და 26:16 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა ძირითადში იყო და პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. მან პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.

"პომ" "ტულუზს" უმასპინძლა და 26:16 დაამარცხა. "პოს" კაპიტანმა ბექა გორგაძემ შეუცვლელად ითამაშა, გურამ პაპიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა.

"ორიაკი" ქართველების ლელოებით იგებს

"ორიაკმა" სეზონის სტარტზე მესამე თამაში ქართველი ლეგიონერების ლელოებით მოიგო. მან პრო დე2-ის მეოთხე ტურში "მასის" ოთხის წილ 5 ლელო გაუტანა და 36:29 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი ქართველი ლეგიონერი იყო და ორმა მათგანმა ლელო გაიტანა. მეორეხაზელი გიორგი ჯავახია 50-ე წუთზე ხელდახელ შეტევას მიყვა, ბურთი ფრთაზე მიიღო, დაახლოებით 15 მეტრი ირბინა, ბოლო მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. ამ დროს "ორიაკი" 22:17 დაწინაურდა.

67-ე წუთზე მასპინძლებმა მოლით შეუტიეს, ის ბექა შვანგირაძის ლელოთი დასრულდა და ანგარიში 34:22 გახდა. ჯავახიამ და შვანგირაძემ, ასევე ფრთა გიორგი გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშეს, მოედანზე 58 წუთი გაატარა გიორგი ქართველიშვილმა, ხოლო მიხეილ ალანია თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. "ორიაკს" ოთხი თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.

ფრედ, 22:22 დასრულდა "ნევერისა" და "ბიარიცის" შეხვედრა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა ლაშა ჯაიანმა. სტუმართა შორის სასტარტოში ლუკა ჭელიძე ვიხილეთ და ის შესვენებისას ლაშა ტაბიძემ შეცვალა, თორნიკე ჯალაღონია კი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

"კარკასონი" "ვანს" ეწვია და 21:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო სოსო ბეკოშვილი და ის 53-ე წუთზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

"ბეზიემ" "მონტობანს" უხვქულიან მატჩში 43:33 სძლია. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა გიორგი ახალაძე. სტუმართა ძირითადში იყო და 46 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა.

"რუანი" 6:20 დაამარცხა, ბონუსიც აიღო და ჯამში 13 ქულით მეორე ადგილზეა "გრენობლი". გამარჯვებულთა რიგებში პორველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.

სტუმრად "პროვანსთან" 15:35 დამარცხდა "ანგულემი", რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 56 წუთი გაატარა ომარ ოდიშვილმა.

დაძაბულ მატჩში სტუმრად "აჟენთან" 22:21 იმარჯვა "კოლომიემ". მათ რიგებში პირველ ტაიმში ბექა შეყლაშვილი თამაშობდა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული