ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში

AutoSharing Option
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-5 ტურში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა. მათგან ორის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ერთი კი ამ ლელოს წყალობით ნუგეშ-ქულას გამორჩა.

"ბრივმა" მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება "ბეიონთან" იზეიმა – 25:22. მასპინძელთა შემადგენლობაში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. პირველი ტაიმის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ოვალი აიტაცა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. "ბრივმა" მისი წყალობით ტაიმი 18:3 მოიგო. გამარჯვებულთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა ვანო კარკაძემ. სტუმართა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს კოტე მიქაუტაძე.

"ტულონმა"
სტუმრად "პოს" საწყის 30 წუთში 4 ლელო გაუტანა და 31:10 დაწინაურდა, საბოლოოდ კი 34:17 მოიგო. სტუმართა ფორვარდები საწყის წუთებში დომინირებდნენ და 18 წუთში სამი ლელო გაიტანეს. მესამე ლელო ბექა გიგაშვილის ანგარიშზეა. მან 51-ე წუთამდე ითამაშა, მე-18-ზე მოლს მოსწყდა და ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა. მასპინძელთა ძირითადში იყვნენ ბექა გორგაძე (50-ე წუთზე შეცვალეს) და გურამ პაპიძე (51).

"სტად ფრანსემ" გიორგი მელიქიძის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ბორდოში ნუგეშ-ქულა მოიპოვა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთით შევიდა, გაწითლებულ დროზე კარის წინ რაქიდან შეუტია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 10:15. პარიზელთა პირველ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა 18 წლის ბურჯმა სერგი აბრამიშვილმა. ის შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა. "ბორდოს" განაცხადში იყო და ასევე 66-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

"კლერმონმა" "ლიონს" უმასპინძლა და ბონუსით, 43:20 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 71-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ძმანაშვილმა. სტუმართა რიგებში 51-ე წუთზე გამოჩნდა ბექა საღინაძე.

"პერპინიანმა", რომლის შემადგენლობაში 48-ე წუთიდან გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა, "კასტრი" 14:10 დაამარცხა.

"ლა როშელთან" სტუმრად 19:24 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა "რასინგ 92", რომლის შემადგენლობაში 51-ე წუთზე ორი ქართველი ბურჯი – გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი გამოჩნდნენ.

ლიდერ "ტულუზთან" საკუთარ მოედანზე 17:19 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა "მონპელიე". მასპინძელთა შორის 61-ე წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული