მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი წარედგინა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

ადვოკატის განმარტებით, კვირიკაშვილს ამ ეტაპზე 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული.

მისივე თქმით, კვირიკაშვილი არ არის
დამნაშავე.

"საქმის მასალებში არსად ფიგურირებს, რომ მერაბ კვირიკაშვილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. პირველივე ჩვენებაში კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 90-100 კმ/სთ სიჩქარით. საქმის მასალების მიხედვით, მას 30-40 მეტრით უკან მოჰყვებოდა ავტომობილი. მისი მძღოლიც ამბობს, რომ მივყვებოდი BMW X5-ს 30-40 მეტრის მოშორებით და ვმოძრაობდი იმავე სიჩქარითო (90-100 კმ/სთ). იგი წინა მანქანის სიჩქარეს აფიქსირებს იმით, რომ ჩვენ შორის მანძილი არ იცვლებოდაო. ის ინფორმაცია, რაც არის საქმის მასალებში, რაც არის შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული, ადასტურებს, რომ მერაბი არ არის დამნაშავე. ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორეა მორალური. მერაბ კვირიკაშვილი ყველას შეურიგდა, თუმცა პაპასკირის ოჯახი არ ურიგდება. მას არ უცდია, თავი აარიდოს სასამართლოს, გამოძიებას და ცდილობს, ადვოკატთან ერთად საქმეზე დადგინდეს ობიექტური გარემოება", - განაცხადა კვინიკაძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზას, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დგინდება, რომ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ ყოფილა.

"გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა. ჩვენც ჩავატარეთ ექსპერტიზა და სასამართლომ მისი დასკვნა დასაშვებად ცნო. ამის შემდეგ ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ თვითონ მოითხოვა ჩატარებულიყო კომისიური ექსპერტიზა. ექსპერტიზა დაინიშნა შსს-ში და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. თავდაპირველ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ კვირიკაშვილს არანაირი ხელისშემშლელი პირობები არ ჰქონდა გზაზე, გადავიდა საპირისპირო მხარეს და დაეჯახა, რასაც არ დავეთანხმეთ. თუმცა, რეალურად, ეს ავტომობილი მეორე მხარეს გადავიდა მოცურებით და ამას ადასტურებს ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა. არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალება მერაბის წინ არ მოძრაობდა და შესაბამისად, გასწრების მანევრს არ აკეთებდა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ თითქოს მერაბის ბრალეულობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, არის თუ არა საქმეში არსებული მასალებით მერაბის ბრალეულობა და ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ მერაბის ბრალეულობა არ არის", - განაცხადა კვინიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს.

როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მისივე თქმით, კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი განმეორებითი ექსპერტიზებით ცდილობენ კვირიკაშვილის გამართლებას, ხოლო ერთ-ერთ მოწმეს მხოლოდ თვეების შემდეგ "გაახსენდა", რომ კვირიკაშვილი არა 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, არამედ - 90-100-ით.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნებისმიერი ჩვენგანი რომ ყოფილიყო კვირიკაშვილის ადგილას, იმ დღესვე დაგვიჭერდნენ და რა გირაო, რის გირაო მინიმუმ 10 წლით ჩაგვაყუდებდნენ ვირის აბანოში. ეს არის შერჩევითი სამართალი. შემთხვევა 2 წლის წინ მოხდა და ტიპი დღესაც გარეთ არის. შვილებით მანიპულირება კიდევ არის უმსგავსო საქციელი, ძალიან ბევრი შვილიანი ადამიანი ზის ციხეში, მაგრამ თუ იმსახურებ უნდა მოიხადო კიდევაც სასჯელი, გინდა რაგბისტი კვირიკაშვილი იყავი და გინდა პრემიერი კვირიკაშვილი. ერთხელ და სამუდამოდ დროა საქართველოში შერჩევითი სამართალი დასრულდეს!
ზურა
08 თებერვალი 2018 02:02
2
არ ვიცი მანდ რა მოხდა რეალურად, მაგრამ ის კი ვიცი რომ ვინ ეგ გზა გახსნა ისაა დასაჭერი. ძალიან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო რომ გაგერკვია გზა რომ ორმხრივი იყო. პოპულისტები არიან და მაგის ბრალია. დაასხამენ 15 კილომეტს ერთ ზოლს გახსნიან, მერე ისევ 15ს და გახსნიან დ აასე შემდეგ.
გიორგი
07 თებერვალი 2018 21:16
5
რა შუაშია აქ მერაბის შვილები? დააშავა,პასუხი უნდა აგოს თუნდაც 40 შვილი ჰყავდეს.მხოლოდ ასე ავაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს.აბა თქვენი ოჯახის წევრები ჩაეხოცა ავტოავარიაში (წარმოიდგინეთ 1 წამით)მერე თუ დაიწყებდით მერაბის გამართლებას 4შვილი ჰყავსო და ამის მსგავსი ზღაპრებით.ისე მე უფრო ვაშკაცი მეგონა,არ ყოფილა სამწუხაროდ.ამდენი ხალხი დაიხოცა და ეს ურცხვად გაიძახის ჩემი ბრალი არ იყოო,ე.ი.დაღუპულების ბრალი იყო?საპირისპირო მხარეს მიმავალ ხალხს დაეჯახე და მათი ბრალი იყო?რომ არ გადასულიყავი საპირისპირო მხარეს,ხომ არ დაეტაკებოდი?(მოგიცურდა თუ რაც მოხდა ეს თავის გამართლების მცდელობაა).რომც გაგამაეთლონ ქართულ ვაი სასამართლოში,მაინტერესებს ასე დაუსჯელად როგორ ივლი ქვეყანაზე?სინდისი არ შეგაწუხებს?უფალს რას ეტყვი,როცა მის წინაშე წარდგები?
mamulo
07 თებერვალი 2018 16:23
3
კანონი უზენაესია!!! მეკოს და ყველა რაგბისტს მე საზოგადო მოღვაწეებს გავუთანაბრებ... მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობას გაურბიხარ (ვგულისხმობ ადვოკატის მიერ მეკოს გამამართლებელი ფრაზებს...) ეს უფრო დიდი დანაშაულია, მითუმეტეს ცნობადი ფიგურისგან, თვითონ ხო იცის რაც მოხდა?! თუ სენი ბრალია აღიარე შე დალოცვილო, იმ ოჯახსაც ხო ორმაგად ტკივა მის მიცვალებულს რო ახოცავ ხელს ან არ ახოცავ მარა ირიბად აღიარებ მის ბრალეულობას რაღაცნაირად. ჩემი აზრით უფრო ვაჟკაცური ჟესტია თუნდაც ასეთ რთულ მდგომარეობაში აღიაროს თუ მართლა მისი ბრალია და მერე იმ ოჯხნაც უნდა გამოიჩინოს გულისხმიერება-ქართველობა-ადამიანობა და დათმოს პოზიციები მორიგების მიზნით ცოცხალს ნუღარ დაღუპავს, ახალგაზრდა კაცია, ისედაც მძიმე ტვირთად დააწვება მისი წარსული მთელი ცხოვრების მანძილზე...
ტორინო
07 თებერვალი 2018 15:28
3
მერაბის ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ, ღმერთმა ქნას მისი ბრალეულობა გამოირიცხოს, მაგრამ თუ დადგინდა მისი ბრალეულობა მაშინ ჯობია არც ეცადოს სასჯელის შემსუბუქებას. ღირსება ისედაც არ აკლია, მაგრამ სასჯელის "მიღებით" კიდევ უფრო ღირესული პიროვნება იქნება.
Lagashi
07 თებერვალი 2018 14:05
1
ძალიან რთული მომენტია რა. ჩემი აზრით მეკო დამნაშავეა მაგრამ მისი დაჭერით ვის რა ემატება? მით უმეტეს უპატრონოდ დარჩება დედით დაობლებული 3 ბავშვი. მეორეს მხრივ კი სავსებით მესმის მეორე მხარის ტკივილი, ამოწყდა ახალგაზრდა ოჯახი და მათი მეგობარი. ჯობია მხარეები მორიგდნენ და მეკომ იშრომოს თავისი და მეორე მხარის ოჯახის სარჩენად
eldari
07 თებერვალი 2018 13:58
6
ელდარ გეთანხმები, ძალიან რთულია მაგ დროს ადამიანი ციხეში ჩასვა როდესაც თავისი დაუდევრობით ამხელა ტრაგედია შეემთხვა, 3 შვილის დედა და მეუღლე დაკარგა. მაგრამ როგორც მეორე მხარის გამწარებული მშობლის პოსტიდან ჩანს მეკოს არც მოუბოდიშებია ოჯახისთვის, პატიება არ უთხოვია და როცა ესეთ გამწარებულ ხალხს კიდევ ბოდიშსაც არ უხდი და ელემენტარულად თავს დამნაშავედ არ თვლი ძალიან რთულია მეორე მხარეს გაჩუმება და პატიება მოსთხოვო.
eldars
08 თებერვალი 2018 11:09
0
ელდარ, პრეცედენტია მთავარი, რომ დამნაშავე დაუსჯელი ვერ გადარჩება და რომ სხვებმაც ასე მარტივად არ დაარღვიონ წესები დაუსჯელობის მოლოდინით. სულ არ მიხარია არც ამ კაცის და არც არავის დასჯა, მაგრამ როცა ასეთი საშინელი მსხვერპლი გვაქვს შედეგად, საქმე უნდა იქნას გამოძიებული.
odala
07 თებერვალი 2018 17:53
1
BMW X5-ის მარკის ჯიპი ანუ "ჟიგულის მერსედესი" ...
ავტორ ასე ცუდად როგორაა შენი განათლების საქმე რომ ვერ გაარჩიო ჯიპი სხვა ავტომწარმოებელია ხოლო ბმვ სხვა? ვინ დაგიქირავა ასეთი "მცოდნე" ამ რედაქციაში ა? საერთოდ ყველაფერზე ხელი როგორ გაქვთ აღებული?
Guadua
07 თებერვალი 2018 13:18
13
ასეც მოიხსენიებენ ხოლმე ამ ტიპის ავტომობილებს. კი ბატონო ჯიპი ცალკე ბრენდია, მაგრამ SUV-ს (sports utility vehicle) ტიპის მანქანებს ხშირად ჯიპსაც ეძახიან.
odala
07 თებერვალი 2018 17:47
1
არ ვიცი 100-ით თუ 200-ით მიდიოდა, მაგრამ მერაბის შვილებს რატო ვსჯით?
ანდრი
07 თებერვალი 2018 12:19
26
სხვა დაღუპულებსაც ყავდა შვილი და ობლად დარჩა. და დაისაჯა ვიღაცის გაუბრთხილებლობის გამო.
დათ
07 თებერვალი 2018 12:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული