"ტულუზას" მორაგბეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს.
მორაგბეები ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში "ლენსტერთან" შეხვედრისას ნოტრ-დამის გამოსახულების მქონე მაისურებს ჩაიცვამენ.
მატჩის შემდეგ კი მაისურებს აუქციონზე გაიტანენ იმისთვის, რომ 850 წლის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაში საკუთარი წვლილი შეიტანონ, რომლის დიდი ნაწილი ორშაბათს ხანძრის შედეგად განადგურდა.
ტაძრის დასავლეთის ფასადის ორი კოშკი გადარჩა, თუმცა შპილი ჩამოინგრა და მის ირგვლივ არსებული სახურავი, რომელიც დიდწილად მუხის ხისგან იყო გაკეთებული, განადგურდა.
"ის, რაც კვირის დასაწყისში მოხდა, მხოლოდ ფრანგ ხალხს არ შეეხო: ეს გულზე მოხვდა
პლანეტის ყველა მცხოვრებს, რომელიც დაზარალდა ამ უნივერსალური და უნიკალური სიმბოლოს ტრაგედიით, - განაცხადა "ტულუზას" პრეზიდენტმა. - ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია, რომ კვირას ჩანიშნული მატჩით "ტულუზა" თავის როლს ითამაშებს სოლიდარობის ამ მოძრაობაში მონაწილეობით, რომელიც კატასტროფის შემდეგ დაიბადა და რეკონსტრუქციამდე დაიწყო".
ნოტრ-დამის აღსადგენად უკვე 700 მილიონი დოლარის ოდენობის დონაცია გაკეთდა. მათ შორის არის ფრანგი მილიარდერი ბიზნესმენის ოჯახის მიერ შეწირული თანხა, რომელიც 226 მილიონ დოლარს შეადგენს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა: "ჩვენ ამ ტაძარს ერთად აღვადგენთ, სავარაუდოდ, ეს საფრანგეთის ბედის ნაწილია".
ოთხგზის ჩემპიონი "ტულუზა", პირველად 2010 წლის შემდეგ, ფინალში მოხვედრას ცდილობს.
ავტორი: სალომე აბულაშვილი