ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა

AutoSharing Option
"საქართველო XV"-ის კაპიტანი არგენტინულ ტურნეზე, ბორჯღალოსანი ანტონ ფეიქრიშვილი მიიჩნევს, რომ დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა საერთაშორისო მატჩები ხშირად უნდა გამართოს.

32 წლის მორაგბე 14 წლის განმავლობაში საფრანგეთში, ტოპ 14-სა და პრო დე2-ში, ასევე ბრიტანეთში, პრო 14-ში თამაშობდა, წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და ბოლნისის "ყოჩებს" შეუერთდა.

„ლექსოს ბილიკებიდან“ ტოპ 14-ის ჩემპიონობამდე

ანტონ ფეიქრიშვილმა თამაში გვიან, 2002 წელს, 15 წლისამ დაიწყო. „მოზრდილი ტანის, მოქნილი ბავშვი ვიყავი და მე ჩემმა მეგობარმა რაგბზე სიარული გადავწყვიტეთ“ – იხსენებს პირველ ნაბიჯებს მორაგბე, რომელიც მეგობართან ერთად ვაკეში,
ეგრეთწოდებულ „ლექსოს ბილიკებზე“ მივიდა, სადაც ქართველი მოთამაშეები ფიზ.მომზადებას გადიოდნენ და მოვარჯიშეებს კითხეს, სად შეიძლებოდა რაგბზე მისვლა.

იქ მათ ზურაბ დუგლაძის ტელეფონი მისცეს და მალე მომავალმა მორაგბემ ვარჯიში ‘ხულიგანაში’, დუგლაძესთან და მიხეილ ჩაჩუასთან დაიწყო:

„რაგბს ალღო ადვილად ავუღე. მომეწონა ბიჭებთან ურთიერთობა, ძალისმიერი ორთაბრძოლები და ენერგიის დახარჯვა“.

3 წლის შემდეგ ნიჭიერ ახალგაზრდას საქართველოს ახალგაზრდულ, 19-წლამდელთა ნაკრებში უხმეს და 2005 წელს მასთან ერთად ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში, დურბანში გაემგზავრა, მომდევნო წელს კი მსოფლიოზე არაბეთში, დუბაიში ითამაშა:

„დუბაიში უკვე გამოცდილი მოთამაშე ვიყავი, როგორც ჩანს, კარგი თამაშები ჩავატარე და თბილისში რომ დავბრუნდი საფრანგეთიდან, ‘აჟენიდან’ დარეკეს, რომელიც იმ სეზონში პრო დე2-ში დაქვეითდა და მომდევნო 3 წელი საფრანგეთის მეორე დივიზიონში გაატარა. ტესტების გავლის შემდეგ, 19 წლის მორაგბემ ‘აჟენთან’ კონტრაქტი გააფორმა და იქ 4 წელი გაატარა.

ახალგაზრდა ქართველის პროგრესი მოწინავე გუნდებს არ გამორჩენიათ და 2010 წელს ფეიქრიშვილი ‘კასტრში’ გადავიდა, სადაც 4 წელი ითამაშა და 2013 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ, ანტონს ‘კასტრში’ ტრავმები მოუმრავლდა და მომდევნო ორი წელი ჯერ ‘ბრივში’ , მერე კი ‘ბაიონში’ გაატარა, თუმცა საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა:

„ყველაზე კარგად თავს ‘კასტრში’ ვგრძნობდი. მეგობრული გუნდი იყო და მოედანს მიღმაც ერთად დიდ დროს ვატარებდით, ოჯახებით ვმეგობრობდით. სწორედ ეს ურთიერთობა იყო წარმატების საწინდარი. გუნდში ვარსკვლავები არ გვყავდა, მაგრამ გვქონდა შედეგები. პირველ წელს მეოთხედფინალში ვითამაშეთ, მერე ნახევარფინალში, 2013 წელს ჩემპიონები გავხდით, ხოლო 2014 წელს ფინალი ‘ტულონთან’ წავაგეთ“.

„‘აჟენში’ რომ ჩავედი თინეიჯერი ვიყავი და რაგბზე სხვა წარმოდგენა მქონდა. ‘კასტრში’ პროფესიონალი მწვრთნელები და მოთამაშეები იყვნენ, რომლებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე და ძლიერ მოთამაშედ ჩამოვყალიბდი. სამწუხაროდ, იქ თამაშისას ტრავმები მქონდა, მათ შორის კისრის. ოპერაცია გავიკეთე, იყო საშიშროება, რომ სერიოზული დაზიანება მიმეღო და ‘ბრივსა’ და ‘ბაიონში’ ისე ვეღარ ვითამაშე, როგორც მსურდა. ვფრთხილობდი და სასურველ ფორმაში დაბრუნება გამიჭირდა“.

ბრიტანული გამოცდილება

27 წლის მორაგბეს ახალი გამოწვევები სურდა და თვალი პრო 14-ისკენ ეჭირა. მისი სურვილი მალე რეალობად იქცა და პირველ ჯერზე იმედებმა ვერ გაუმართლა, თუმცა მერე ‘კარდიფში’ ჩაირიცხა და იქ ორი სეზონი გაატარა:

„მაინტერესებდა ბრიტანეთში რა ხდებოდა, კონტაქტებიც მქონდა და მალე ‘ალსთერში’ გადავედი, მაგრამ ისეთი კანონები ქონდათ, ჩემს იქ ყოფნას აზრი დაეკარგა. სულ რომ 18-19 წლის ბიჭი ყოფილიყო, უპირატესობა ირლანდიელ მორაგბეებს ენიჭებოდა და მე მხოლოდ მაშინ შევძლებდი თამაშს, თუ ყველა ბურჯი ტრავმირებული იქნებოდა. ამ წესის შესახებ გვიან გავიგე. მერე ‘კარდიფიდან’ დანი უილსონმა დამირეკა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე შოტლანდიის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო და ახლა ‘გლაზგო უორიორსის’ მთავარი მწვრთნელია“.

„ყველაფერი კარგად წამივიდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი. ძალიან ძლიერ ჩემპიონატში ბევრი თამაში ჩავატარე. პრო 14-ში მაღალი სათამაშო ტემპია. ‘მანსთერთან’ მატჩში იმდენი ვირბინე და იმდენი ბოჭვა გავაკეთე, ცხოვრებაში რომ არ გამიკეთებია. ბოლოს ისეთ ფორმაში ვეღარ ვიყავი, თან გული საქართველოსკენ მომიწევდა და დაბრუნება გადავწყვიტე“.

„ტოპ 14-სა და პრო 14-ს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ‘კარდიფში’ სულ 4-5 ლეგიონერი ვიყავით, გუნდის ბირთვს კი ახალგაზრდა ადგილობრივები წარმოადგენდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა მათ პროფესიონალ მორაგბეებად ჩამოყალიბებას. საფრანგეთში სხვაგვარი სიტუაციაა, ბევრი უცხოელი ვარსკვლავი თამაშობს“.

„ჩემი აზრით, ბრიტანეთში უფრო პროფესიონალურად უდგებიან საქმეს, ვიდრე საფრანგეთში, სადაც მეტი თავისუფლება და გართობაა. ბრიტანეთში ყოველი წამი და წუთი გათვლილია, ყველამ იცის რა დროს რა უნდა გააკეთოს და ტემპიც მაღალია. ბოლო წლებში საფრანგეთშიც იცვლება მიდგომა. მე რომ ვთამაშობდი მაშინ, შეიძლებოდა 20 წუთი ისე გასულიყო, პასი არ გაკეთებულიყო. იქ უფრო ძველ სტილს მისდევდნენ – დაჩეჩქვა, თავის თავში დარტყმა, უფრო ძალისმიერი რაგბს თამაშობენ“.

იდეებით საქართველოში

ფეიქრიშვილს 18 სექტემბერს 33 წელი შეუსრულდება და გადაწყვიტა, რომ კარიერის მიწურულს საკუთარი გამოცდილება საქართველოს ჩემპიონატს მოახმაროს. ის ბოლნისის ‘ყოჩებში’ ჩაირიცხა და დიდ 10-შიც მოასწრო რამდენიმე შეხვედრის ჩატარება. გარდა ამისა, ანტონს საკუთარი იდეები აქვს:

„მინდა შიდა ჩემპიონატს ჩემი გამოცდილება შევმატო. მაქვს იდეები სამწვრთნელო განხრით და რომ არა ვირუსი, ალბათ უკვე დავიწყებდი მის რეალიზებას, ჯერ ‘ყოჩებში’ და მერე მთელს ქვეყანაში. მინდა რაგბი საქართველოშიც ისე იყოს განვითარებული, როგორც საფრანგეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებშია. ჩვენ ვიმსახურებთ კარგ ჩემპიონატს კარგი პირობებით! სურვილი და მონდომება დიდია და ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა“.

„როცა რაგბის თამაში დავიწყე, გასახდელს ვინ ჩივის, სკამი არ გვქონდა, რომ დავმჯდარიყავით და გამოგვეცვალა. ახლა ინფრასტრუქტურა გამართულია, ბევრი რამ გაკეთდა და ვისაც რაგბის თამაში უნდა, უფლება არ აქვს თავი დაზოგოს. მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, რომელთაც გამოცდილება აკლიათ. სამწუხაროდ, ბევრი კარგი მოთამაშე უსახსრობის გამო სხვა ჩემპიონატში გადადის. ვისურვებდი, რომ ფინანსები გაზრდილიყოს და დარწმუნებული ვარ უკეთესი ჩემპიონატი გვექნება“.

„ნაკრებში ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით ვთამაშობდით“

ფეიქრიშვილს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა და 10 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების კვართი 27-ჯერ მოირგო. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და ამბობს, რომ ბორჯღალოსნების მხარდამხარ თამაში დიდი პატივია:

„21 წლის ვიყავი ნაკრებში დებიუტი რომ მქონდა და ჯერ კიდევ ვერ ვათვითცნობიერებდი რა ხდებოდა. ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპი გადავლახე, მერე და მერე კი მივხვდი, რას ნიშნავდა ნაკრების კვართის ჩაცმა და ჰიმნზე დგომა. საქართველოს ნაკრებში ყოფნა მამუკა გორგოძის, დავით ზირაქაშვილის, გოდერძი შველიძის, ირაკლი აბუსერიძის, ირაკლი მაჩხანელის, აქვსენტი და ირაკლი გიორგაძეების გვერდით, უკვე ბედნიერება იყო. შეიძლება ვარჯიშზე ბევრი არაფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სიყვარული და პატივისცემა, რომელიმე მათგანი ხაზს თუ გაჭრიდა ყველა უკან მივყვებოდით. სწორედ ნაკრებში ვიგრძენი, რომ სიყვარულმა და პატივისცემამ ბევრი რამ შეიძლება გაგაკეთებინოს“.

ანტონს სანაკრებო მატჩებში 7 ლელო აქვს გატანილი, აქედან ორი 2016 წლის მარტში რუმინეთთან და ბუნებრივია, ის ამ შეხვედრას კარიერის უმნიშვნელოვანეს თამაშად მიიჩნევს:

„რუმინეთს „დინამო არენაზე“ ორი ლელო გავუტანე და ეს გამორჩეული დღე იყო, იმიტომ, რომ წარმატებას მივაღწიე იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემს გვერდით იდგნენ. ზოგადად, ეს წელი ჩემთვის საუკეთსო იყო საქართველოს ნაკრებში. სწორედ ამ წელს ვიყავით კუნძულებზე ტურნეზე და იქიდან დაუმარცხებლები დავბრუნდით. წარმატება 2015 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი ეტაპის შედეგი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვიყავით და იმდენად დიდი პატივისცემა ჩამოგვიყალიბდა, რომ ერთმანეთის გულისთვის ყველაფერს გავიღებდით“.

„ყველას უნდა ქონდეს საერთაშორისო გამოცდილების მიღების შანსი“

2020 წლის იანვარში ანტონ ფეიქრიშვილს საქართველო XV-ში უხმეს. არგენტინულ ტურნეზე, სადაც დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ზე-რაგბის ფინალისტ ‘ხაგუარესთან’ ორი მატჩი გამართა, ის გუნდის კაპიტანი იყო:

„ასეთი გუნდის წინააღმდეგ გნებავთ სანაკრებო დონეზე და გნებავთ ჩემპიონთა თასზე, არასდროს მითამაშია. ჩვენ თამაში გვინდოდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ამის საშუალება არ მოგვცა. მოხარული ვარ, რომ ‘ხაგუარესთან’ შეხვედრის საშუალება მომეცა. მათ ზუსტად იცოდნენ რა დროს რა უნდა გაეკეთებინათ“.

„ანგარიში შესაძლოა ცუდად მოგვხვდეს თვალში, მაგრამ სპეციალურად ველოდებოდი სუპერ რაგბის სეზონის დაწყებას. მაინტერესებდა რას იზამდა ‘ხაგუარესი’ და მან სამხრეთ აფრიკულ ‘ლაიონსს’ 30 ქულით მოუგო. ვისურვებდი, რომ ამ დონის გუნდების წინააღმდეგ ხშირად გვეთამაშოს. თუ ბავშვს სკოლაში არ შეიყვან, წერა-კითხვას ვერ ისწავლის. ასეა რაგბშიც, თუ მორაგბეს მასზე ძლიერ გუნდებთან თამაშის საშუალებას არ მისცემ, ვერასდროს გაიზრდება. ვთვლი, რომ ყველა მორაგბეს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო თამაშების ჩატარების საშუალება, რათა დაფასდეს მისი შრომა, შეიგრძნოს რას ნიშნავს ნაკრები და კარგი იქნება, თუ საქართველო XV-ს თუნდაც ჰოლანდიის დონის ნაკრებებთან ხშირად ექნება შეხვედრები“.

‘ხაგუარესთან’ დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ, ფეიქრიშვილს გონსალო კესადასთან გასაუბრების შანსი ჰქონდა და მას კითხა – რატომ დაინტერესდა საქართველოსთან თამაშით?:

„კესადას კარგად ვიცნობ და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. მან ამიხსნა რას როგორ აკეთებს და მერე მიპასუხა – ფიზიკურად ძლიერები ხართ, ამ კომპონენტში ბევრი გუნდის დაჩაგვრა შეგიძლიათ, მსგავსი მოწინააღმდეგეები ზე-რაგბშიც გვყავს და ამიტომ გვსურდა თქვენთან თამაშიო. მან აღნიშნა, რომ რის გამოც გვაინტერესებდა თქვენთან თამაში იმაში გვაჯობეთო. როდესაც ‘ხაგუარესის’ მწვრთნელი ამბობს, რომ მის გუნდს შერკინებაში, მოლსა და რაქში აჯობე, ეს რაღაცას ნიშნავს“.

„სამწუხაროდ, ანგარიშის ნახვის შემდეგ ბევრი ისეთი კომენტარი წავიკითხე, გული დამწყდა. ბევრმა არ იცის რა ხდება მოედანს მიღმა. ამ თამაშის შემდეგ ბიჭები ოთახებიდან არ გამოდიოდნენ. საფრანგეთში მყავდა თანაგუნდელი, რომელსაც მსგავსი კომენტარების შემდეგ ისეთი დეპრესია დაეწყო, წამალიც აღარ შველოდა. გულის ტკენა ადვილია, მაგრამ ერთმანეთის გვერდში დგომით და პატივისცემით, უფრო დიდი საქმეების გაკეთება შეიძლება. ჩვენ შეიძლება დიდი მაჯა და კუნთი გვაქვს, მაგრამ ყველას გული მგრძნობიარეა და კარგი იქნება, თუ მსგავს შემთხვევებში ლანძღვის ნაცვლად გამხნევებას და თანადგომას ვიგრძნობთ“.

გუნდის კაპიტანი დარწმუნებულია, რომ საქართველო XV შედარებით სუსტ მეტოქესთან უკეთს თამაშს აჩვენებდა:

„საქართველოს ნაკრებში გვყავდა კაპიტნები, რომლებიც ურთიერთობებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ისინი გეკითხებოდნენ როგორ იყავი, რამე ხომ არ გჭირდებოდა. მეც მაგალითი მათგან ავიღე. ბესო ხამაშურიძესთან ერთად მითამაშია და მასთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. იგივე გადამქონდა გუნდში. მოსამზადებლად 1 თვე ძალიან მცირე დროა, რთულ სქემებს ვერ დავალაგებდით, თუმცა დარწმუნებული ვარ, შედარებით სუსტ მეტოქესთან ყველაფერი კარგად გამოგვივიდოდა“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარი ხარ, ანტონ! გული არ გაიტეხო! გვიყვარხართ და გვეამაყებით, ძმებო. დღს სამწუხაროდ ყველა აბდალისთვის თავისუფალია ტრიბუნა და რასაც უნდათ იმას ამბობენ. ეგ ცუდია, მაგრამ არა უშავს. უფალმა დაგლოცოთ! ისე, კი გამიკვირდა, ასეთ გუნდთან არ მითამაშიაოა)) ზელანდიასთანაც აქვს ჩვედნ ანტონს მსოფლიოზე ნათამაშები.
ზურა
03:23 21-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული