ქართულ სამსაჯო ბრიგადას, შოთა თევზაძის ხელმძღვანელობით, მიწვევა პირველსავე ტურში ჰქონდა და პორტუგალიაში უნდა ემსაჯა, მაგრამ ქართველი რეფერი ორმაგი დოზით აცრას ვერ ასწრებდა და ის მეორე ტურში, ესპანეთში იმსაჯებს.
26 სექტემბერს "იბერიანზი" ვალიადოლიდში "ლუსიტანოსს" უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი თევზაძე იქნება. კიდეებიდან მას გელა ლემონჯავა და სოსო ჯაფარიძე დაეხმარებიან. 27 წლის რეფერი ამბობს, რომ მისი მიზანი სუპერ თასის ფინალური შეხვედრის მსაჯობაა:
„კარგია, რომ ახალი ტურნირის დასაწყისშივე რაგბი ევროპის ყურადღების
„უმნიშვნელოვანესია, რომ ესპანეთში ქართველი ასისტენტები მეყოლება, რომლებიც საერთაშორისო რაგბში პირველ ნაბიჯებს დგამენ. სოსო ჯაფარიძე დებიუტანტია. ის ცოტა ხნის წინ შემოუერთდა სამსაჯო კორპუსს და უმოკლეს დროში ისეთი პროგრესი განიცადა, პირველსავე წელს დიდი 10-ის ფინალში იმსაჯა (გვერდითი). გელა ლემონჯავა დიდი ხანია მსაჯობს, თუმცა ასაკით პატარაა და მნიშვნელოვანია, რომ ასე ნაადრევად იღებს საერთაშორისო გამოცდილებას“.
24 წლის გელა ლემონჯავამ გვერდით მსაჯად რაგბი ევროპის „ალაფაზე“, გერმანიისა და შვეიცარიის ნაკრებების შეხვედრაში იმუშავა, ახლა კი უფრო მაღალი დონის შეხვედრას მოემსახურება:
„უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ამ დანიშვნის შესახებ გავიგე. მთელი ეს პერიოდი დიდი შემართებით ვვარჯიშობდი, ვემზადებოდი და შრომა დამიფასდა, რამაც სამომავლო პერსპექტივები კიდევ უფრო ნათლად დამანახა. საერთაშორისო თამაშებით განებივრებული არ ვარ და ამ დონის შეხვედრასაც პირველად ვიმსაჯებ. ესპანელებისა და პორტუგალიელების შეხვედრა ყველა დონეზე კარგი საყურებელია და იმედია, ამჯერადაც სანახაობრივი მატჩი იქნება“.
„საზღვრებს გარეთ მსაჯობა განსაკუთრებული წნეხია, თუმცა შოთას გამოცდილება არ აკლია და ეს დაგვეხმარება. ამ სამეულს ერთად არაერთხელ გვიმუშავია და ვფიქრობ, დასახულ ამოცანას თავს კარგად გავართმევთ. მინდა მადლობა გადავუხადო შოთას და ნიკა ამაშუკელს, რომლებიც განვითარებაში გვეხმარებიან. ასევე დევიდ მაკქიუს, რომელსაც ჩვენთან მუშაობა ლოკდაუნის დროსაც არ შეუწყვეტია და ახლაც აქტიურად გვეხმარება. ასევე ოლეგ კასოევს. მისი დამსახურებით ფიზიკურად საუკეთესოდ ვართ მომზადებული“.
25 წლის იოსებ ჯაფარიძემ მსაჯობა ორი წლის წინ დაიწყო და მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ამ მცირე მონაკვეთში უდიდესი პროგრესი განიცადა. შედეგად, დიდ 10-ში გამოჩენიდან რამდენიმე თვეში, მას ფინალურ შეხვედრაში გვერდითი მსაჯობა ანდეს, ახლა კი საერთაშორისო დებიუტის მოლოდინშია:
„პირველ რიგში მინდა სამსაჯო კორპუსის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მისვლის დღიდან ასე მენდობიან და მეხმარებიან განვითარებაში. სულ ორი წელია რაც მსაჯობა დავიწყე და ამ პერიოდში, დიდი 10-ის ფინალთან ერთად, ეს დანიშვნა ჩემს კარიერაში საუკეთესოა. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ვერც კი დავიჯერე აღნიშნული ფაქტი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მადრიდში გასამართ შეხვედრაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ქვეყნის სახელით გავდივართ, რაც ორმაგი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა“.
„ისტორიას თუ გადავხედავთ, ესპანელებს და პორტუგალიელებს არცთუ მშვიდობიანი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და ნებისმიერ დონეზე, ამ ქვეყნის გუნდების დაპირისპირება საინტერესო გამოდის. ორივე გუნდი სწრაფი, ხელდახელ რაგბის მიმდევარია. სავარაუდოდ, მსაჯებზე დიდი წნეხი იქნება, მაგრამ შოთასნაირ გამოცდილ და მაღალი დონის მსაჯთან ერთად, ვფიქრობ, ნაკისრ ვალდებულებას თავს იოლად გავართმევთ“.
rugby.ge