სუპერთასი - "შავი ლომის" შემადგენლობა წლის ბოლო მატჩისთვის

AutoSharing Option
ხვალ, "შავი ლომი" 2021 წელს ბოლო თამაშს ისრაელში, ფეთაჰ თიქვაში "თელ-ავივ ჰითთან" გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის შედეგს მასპინძლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

განვლილი ხუთი მატჩიდან "ჰითმა" სამი მოიგო – ორჯერ "ლოკომოტივ-პენზასთან" და ერთხელ "ენისეისთან", "შავ ლომთან" და იმავე "ენისეისთან" კი თითო მარცხი განიცადა. ამრიგად, "თელ-ავივი" 14 ქულით მე-3 ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება "შავ ლომს", ორით კი "ენისეის". ფლეი ოფში გასასვლელად მასპინძლებს უცილობლად გამარჯვება ესაჭიროებათ და მერე ჯგუფური ეტაპის დასკვნით, გადადებულ შეხვედრას უნდა დაელოდნონ, რომელშიც "ენისეი"
"შავ ლომს" უმასპინძლებს.

თავის მხრივ, გამარჯვება პირველ ადგილზე დააბრუნებს და ფლეი ოფში გასვლას დაუბევებს "შავ ლომს" და დასკვნით მატჩში ის ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ესპანურ "იბერიანსს" მასპინძლობს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა; ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში ეწვევა.

საგულისხმოა, რომ როგორც "შავმა ლომმა", ასევე "თელ-ავივ ჰითმა", პირველი, ისტორიული შეხვედრა 16 ოქტომბერს თბილისში, "ავჭალაზე" გამართეს. იმ მატჩში ჩვენმა ფრენჩაიზმა საუკეთესო თამაში აჩვენა და სამხრეთაფრიკელი და კუნძულელი ლეგიონერებით დაკომპლექტებული მეტოქე ბონუსით, 33:10 დაამარცხა. სულ "შავმა ლომმა" ოთხიდან სამი თამაში მოიგო და სამი ბონუს-ქულა აიღო.

გასულ შაბათს ჩვენმა გუნდმა "ავჭალაზე" რუსეთის ჩემპიონ "ენისეის" 27:20 მოუგო. "თელ-ავივ ჰითმა"კვირის განმავლობაში ორი შეხვედრა ჩაატარა და რუსთავში "ლოკომოტივ-პენზას" ბონუსით, 33:14 სძლია, ხოლო 15 დეკემბერს თბილისში, "ავჭალაზე" "ენისეისთან" მხოლოდ ქულას გამორჩა – 31:34.

ხუთი ცვლილება "შავი ლომის" ძირითადში

"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა წლის ბოლო მატჩისთვის შემადგენლობა უკვე შეარჩია. "ენისეისთან" მოგებული მატჩის შემდეგ სასტარტო 15-ში ხუთი ცვლილებაა - ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.

ხაზში ცვლილებები ტრავმებითაა განპირობებული. სანდრო თოდუამ კუნთი "ენისეისთან" გაიწყვიტა და სასტარტოში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ ვერ ითამაშებს კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მის ნაცვლად გურამ ქანდაურაშვილს ვიხილავთ, გუნდს კი შალვა მამუკაშვილი წაუძღვება.

შეიცვალა ორივე ბურჯი. შემადგენლობაში ბრუნდება ნიკა აბულაძე, მეორე ბურჯად გიორგი პერტაია დაწინაურდა, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. ნიკოლოზ აფციაურის ნაცვლად ფლანკერად თამაშს ლუკა ივანიშვილი იწყებს, შერკინების შემკვრელად კი თორნიკე აქუბარდიას ვიხილავთ.

"ცუდია, რომ კაპიტანი ვერ დაგვეხმარება. "ენისეისთან" მატჩის შემდეგ, მას პრობლემები ჰქონდა, 100% არც ახლაა მზად და აღარ გავრისკეთ. ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ნიკო აფციაური და სანდრო თოდუა. არაერთხელ მითქვამს, ეს გუნდი იმისთვის შეიქმნა, რომ რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და იმედი მაქვს ყველა მათგანი თავს კარგად წარმოაჩენს. ესაა წლის ბოლო შეხვედრა, სადაც გამარჯვება მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველოდებით მის დაწყებას", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მეტოქე დაახასიათა:

"ამ გუნდს ძალიან ბევრი მაღალი დონის ინდივიდუალისტი ჰყავს. თუ ტურნირზე მათ მიერ გატანილ ლელოებს გადავხედავთ, მათი 60-65% მოწინააღმდეგის შეცდომის შედეგად გავიდა. არეული თამაში მათი კოზირი იქნება, რასაც სისტემური თამაში და ძლიერი, ხისტი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ. მნიშვნელოვანი იქნება თამაშის გონივრულად მართვა და დომინირება შეჯგუფებებში“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია

II ტური. 18 დეკემბერი. ფეთაჰ’თიქვა. 22:00 საათი (საქ. დრო)

თელავივ ჰით (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი


ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლევან, მართალი ხართ, არეული თამაში მეტოქეს აწყობს... ხისტი დაცვა და დომინაცია შეჯგუფებებში... თუ ვაჯობებთ შერკინებაში და მოლში, მოვიგებთ თამაშს... დაახლოებით, ისეთი სტრატეგია გვინდა, როგორც ფიჯისთან... წარმატებები ბიჭებს... ისრაელში ჩვენი თანამემამულენი მძიმე შრომას ეწვევიან და ბიჭების გამარჯვება მათ სიამაყეს მოჰგვრით...
გიორგი 50
22:13 17-12-2021
0
ეს სახელი ვის მოუვიდა აზრად რომ დაერქმია? შავ ლომს ვგულისხმობ...
ზურა
22:31 17-12-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული