მესამე ტურის გამორჩეული შეხვედრა ვანში გაიმართა. ბეჟან ხურციძის სახელობის არენაზე მასპინძელმა "აიეტმა" სამტრედიის "ფენიქსს" ტაიმი 2 ქულის სხვაობით მოუგო.
მეორე ტაიმში მეტოქეებმა ლელოები კვლავ გაცვალეს. "სამტრედია" შუამარბ ნიკა ფანჩულიძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, თუმცა ვანელთა ბურჯ ზურა ლორთქიფანიძის გარდაუსახავმა ლელომ შეხვედრას ანგარიშში თანაფარდობა მატჩის მიწურულამდე შეუნარჩუნა. ბოლო წუთებმა "ფენიქსის" უპირატესობით ჩაიარა და მარქაფიდან ჩართულმა ფრთა აკაკი კვიჟინაძემ თანაგუნდელთა მრავალსვლიანი კომბინაცია გამარჯვების მომტანი ლელოთი დააგვირგვინა. სამტრედიელებმა 19:12 მოიგეს, "აიეტი" ნუგეშს დააჯერეს და ვანელებს სეზონში პირველი მარცხი აგემეს.
ბათუმში "მეკობრეებმა" ფოთის "კოლხ რაინდებს" დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მხოლოდ ნუგეშს გამორჩა. აჭარელთა შუამარბ აშოტ ოგენასიანის ლელოსა და 3 გატანილ ჯარიმას კოლხებმა 3 დადებული ლელო (კვაჭი მურთაზ ლაშხია, მღლეტელი გიორგი ტიკარაძე) დაუპირისპირეს, რომელთა შორის ერთი მათგანი ტექნიკური გახლდათ. შეხვედრის მიწურულს მგეზავ ვიტალი კირინის მიერ გატანილი ჯარიმით "მეკობრეებმა" ზღვისპირულ დერბიში 1 საცხრილო ქულა აიღო – 22:16.
ჩოხატაურის "ჯანმა" მეორე საშინაო შეხვედრაც პოზიტიური შედეგით დაასრულა და პლეი-ოფის საგზურისათვის მებრძოლ გუნდებს შეუერთდა. ჯგუფის აუტსაიდერ ზუგდიდის "რაგბის კლუბს" გურულებმა 11 ლელო დაუდეს და სტუმრები მგეზავ რეზი მამულიას მიერ გატანილ ეულ ლელოს დააჯერეს. "ჯანის" რიგებში ფულბეკი გიგა ასამბაძე „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა, მგეზავმა საბა გოლიაძემ კი „დუბლი“ შეასრულა – 61:5.
აღმოსავლეთში კი პირველმა ჯგუფურმა ეტაპმა ეკვატორი გადალახა. 5 ტურის თავს, ყველა მოგებითა და მაქსიმალური 25-25 ქულით ლიდერობას "წიქარა" და "რუსთავი" აგრძელებენ. ლიდერთა დუეტს მესამე ადგილზე ანაცვლებული "პატარძეული" 10 ქულით ჩამორჩება. გარეკახელებს 1 ქულით "სოხუმი" და "ბორჯომი" ჩამორჩებიან. "ჭადარმა" 11 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებზე გაცილებით უკეთესი დარჩენილი კალენდრის გამო თელაველები სასურველ, ზედა ხუთეულში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებენ. სეზონში განცდილი მესამე მარცხის მიუხედავად, მოწინავე კვინტეტში მოხვედრის შანსს 10 ქულის მქონე "ლაშარიც" ინარჩუნებს.
"წიქარამ" „მშრალი“ ანგარიშით მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო და ამ ჯერზე „რაგბი პლატოზე“ ნომინალური მასპინძელი "სოხუმი" უშანსოდ დატოვა. პაატა რიკაძის ბიჭებმა მეტოქეს 11 ლელო დაუდეს. "წიქარას" ფრთა ნიკოლოზ ნოქარაშვილმა „პენტა-თრიკი“ (5 ლელო) შეასრულა. მარბიელმა გიორგი მანჯიკაშვილმა და შუამარბმა ფრიდონ ვეშაგურმა „დუბლი“ გაიფორმეს – 65:0.
კიდევ ერთმა ლიდერმა "რუსთავმა" კი მიმდინარე პირველობაზე ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა. „ავჭალა არენაზე“ ძმები აქუბარდიების შეგირდებმა უთანასწორო ბრძოლაში, სეზონის წინ შემადგენლობა დასუსტებულ "გარდასახვას" 26 უპასუხო ლელო დაუდეს და მათგან 20 ზუსტად გარდასახეს. ქვემოქართლელთა ფრთებმა: ლაშა მჟავანაძემ და მარქაფადან ჩართულმა ფრიდონ კილაძემ, „პოკერი“ (4 ლელო) გაახერხეს – 170:0.
"პატარძეულმა" პრინციპულ მეტოქე "ბორჯომს" უმასპინძლა და თორელები მარქაფადან ჩართული შახო ჯავახიას ერთადერთ გატანილ ლელოს დააჯერა. საკუთრივ კი, გარეკახელებმა ხელდახელ თამაშში სტუმრებს 6 ლელო დაუდეს, თუმცა მხოლოდ 1 გარდასახვა გამოიყენეს. გარეკახელთა წარმატებას სათავე ფრთა გიორგი ჭინჭარაძის ლელომ დაუდო, წერტილი კი ბურჯ ლევან ნაკვეთაურის გატანილმა ლელომ დაუსვა – 32:5.
ტურის დასკვნითი მატჩი თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა. ადგილობრივმა "ჭადარმა" სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით – 36:15 მოიგო. თელაველთა წარმატებას სათავე ფრთა ლუკა ღოღელიშვილის გატანილმა ლელომ დაუდო, რასაც შემდგომში თანაგუნდელთა დადებული კიდევ 5 ლელო მოჰყვა. "ლაშარი" უფრო სოლიდური სხვაობით მარცხს მარბიელ თემურ ბაიაშვილის დადებული წყვილი ლელოთი გადაურჩა. თენგო ცისკარიშვილის შეგირდთაგან კი „დუბლი“ სამხრეთაფრიკელმა მარბიელმა მალქოლმ დე იონგმა გაიფორმა.
წყარო: Rugby.ge