“რომ არა ის დიდი დაფასება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა, სრულიად ქართულმა რაგბიმ აღმომიჩინა, ცხადია, ამ უმაღლეს ჯილდოს მე ვერ მივიღებდი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას; ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული რაგბი, მიყვარს ჩემი სამუშაო საქართველოში, – ამბობს დევიდ მაკქიუ.
დევიდ მაკქიუს თქმით, საქართველოს რაგბის კავშირი საუკეთესო პირობებს ქმნის სამსაჯო სფეროს განვითარებისთვის, ყოველ კვირაში განვლილი მატჩების ერთობლივი ანალიზი ტარდება – მსაჯების, მწრთნელების და მოთამაშეების მონაწილეობით; იხვეწება თამაშის წესები, რის შედეგადაც სათამაშო დრო საშუალოდ 3 წუთით, თითქმის 10%-ით გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შიდა ჩემპიონატების ყველა თამაში ტელევიზიით გადაიცემა, რაგბი ფართოდ შუქდება სოციალურ პლატფორმებზე – ეს ყველაფერი ამ სპორტის განვითარებას ეხმარება. “ჩემს სამშობლოში, ირლანდიაში, მაგალითად, ეროვნული ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქება საერთოდ არ გვაქვს. შიდა ჩემპიონატის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, ამით ნაკრებიც იღებს ბიძგს და "შავი ლომიც" და მაღალკვალიფიციურ მსაჯთა ზრდაც ამის ნაწილია. ახლა 22 წლის მსაჯს ვზრდით, რომელსაც ძალიან კარგი მონაცემები აქვს და დიდ იმედებს იძლევა.
ნიკა ამაშუკელი ქართული რაგბის ნამდვილი ვარსკვლავია, მსოფლიო ჩემპიონატზეც გამორჩეულად წარდგა, სადაც 3 მატჩი ჰქონდა და მსოფლიო რაგბისგან ძალიან კარგი შეფასება მიიღო. დიდ იმედს იძლევიან გოგონებიც, იზრდება მსაჯობისადმი ინტერესი ქალთა შორის, რაც აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებაზე და არამხოლოდ 7-ქალას ფორმატში”, – დასძენს დევიდ მაკქიუ.
საქართველოში ის ნოემბერში ჩამოდის და ამბობს, რომ საახალწლოდაც აუცილებლად თბილისში იქნება.
Rugby.ge
ხარისხიანი მსაჯობა,ხარისხიან რაგბისაც უზრუნველჰყოფს.