ჩელენჯ თასი | ხუთი დებიუტანტი და ექვსი ცვლილება სასტარტოში

AutoSharing Option
ხვალ ღამით "შავი ლომი" ჩელენჯ თასზე თავის მეორე შეხვედრას გამართავს და ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში დებიუტი კიდევ ხუთ ქართველ მოთამაშეს ექნება.

არა მხოლოდ ჩელენჯ თასზე, არამედ ზოგადად "შავი ლომის" კვართით თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს კვაჭი გელა მახარაშვილი, რომელიც "სქარლეთსთან" მატჩს მაქრაფიდან იწყებს. მარქაფაშია მესამეხაზელი საბა კურტანიძე, რომელმაც "შავი ლომის" რიგებში ერთხელ, გაზაფხულზე, სამხრეთამერიკული ტურნეს დროს ითამაშა და ახლა გუნდს უფრო მაღალი დონის შეხვედრაში უბრუნდება.

"შავი ლომის" შემადგენლობაში დებიუტი 2 დეკემბერს, რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში, ესპანურ "იბერიანსთან" ჰქონდა და ახლა მეორე
თამაშს ატარებს გიორგი ჯობავა. ჩელენჯ თასზე ასევე დებიუტი ექნებათ ბორჯღალოსნებს - ოთარ ლაშხსა და გრიგორ ქერდიყოშვილს.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" უკვე უელსშია და ხვალ ღამით (15 დეკემბერი), ჩვენი დროით 23:55 საათზე, "სქარლეთს" ჰლანეჰლიში, Parc Y Scarlets-ზე ერკინება.

ექვსი ცვლილებით

"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასის სადებიუტო მატჩში ინგლისის 1,5-საუკუნოვანი ისტორიის მქონე კლუბ "გლოსთერს" „მიხეილ მესხზე“ წვიმიან, ინგლისურ ამინდში დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ახალ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა. სტუმრებმა 5 ჯარიმით 15 ქულა მოაგროვეს, ლუკა მატკავამ ლელო-გარდასახვა-ჯარიმით - 10 და "შავი ლომი" მცირედი მარცხისთვის ნუგეშს დასჯერდა – 10:15.

თავის მხრივ, "სქარლეთსი" საფრანგეთში "კასტრს" ეწვია და 16:34 დამარცხდა.

9 დეკემბრის მატჩის შემდეგ "შავი ლომის" სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა. მათი ნაწილი ტრავმებითაა განპირობებული. წინა მატჩში მარქაფაში იყო, ამჯერად კი სასტარტოშია ფულბეკი მირიან მოდებაძე. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, ფრთაზე კი თამაშს სანდრო თოდუას ნაცვლად ოთარ ლაშხი იწყებს.

უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე კვლავ ლუკა მატკავას შეუწყვილდება, რომელმაც უელსს 2022 წელს ისტორიული ჯარიმა გაუტანა (ბორჯღალოსნებმა უელსი კარდიფში 13:12 დაამარცხეს). მეორე ფრთაზეა "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე.

ხაზის მარქაფაში არიან გიორგი მარგალიტაძე, გიორგი ჯობავა და ლუკა ცირეკიძე.

შერკინების თითო ხაზში თითო ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა ბექა მამრიკიშვილი, ბურჯებმა კი ადგილი შეინარჩუნეს – დათო აბდუშელიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი.

მეორე ხაზში ტრავმირებული მიხეილ ბაბუნაშვილის ნაცვლად, ნოდარ ჭეიშვილს გრიგორ ქერდიყოშვილი შეუწყვილდება. წელს პირველად შეიცვალა მესამე ხაზი, რაც ილია სპანდერაშვილის ტრავმითაა განპირობებული. ლუკა ივანიშვილმა შემკვრელად გადაინაცვლა, ფლანკერად გიორგი კერვალიშვილი დაწინაურდა, ხოლო მეორე ფლანკერი სანდრო მამამთავრიშვილია.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან გელა მახარაშვილი, ალიკო შამილიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში - დემურ ეფრემიძე, მესამეში კი საბა კურტანიძე შევა.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი
ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets. 15 დეკემბერი. 23:55 (საქ. დრო)
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატება ბიჭებო!
გიორგი
19:33 14-12-2023
0
გამარჯობა,
ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რომელიმე არხი გააშუქებს თამაშს?
Dato
22:09 14-12-2023
2

სიახლეები პოპულარული