‘შავი ლომი’ 18 აპრილს შოტლანდიაში გაემგზავრა, ერთი კვირა იქ გაატარა და ‘ედინბურგისა’ და ‘გლაზგოს’ გაერთიანებულ გუნდთან გასახურებელი თამაში გამართა, ბოლო ერთი კვირაა კი ისტ-მიდლენდში ემზადება. ‘თაიგერსთან’ შეხვედრა „უელფორდ როუდზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.
რაგბი ევროპის სუპერთასის სამგზის მფლობელი ინგლისურ გუნდს აქამდე ერთხელ ეთამაშა. მიმდინარე სეზონში EPCR-მა ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე მიიწვია და სადებიუტო შეხვედრა 9 დეკემბერს, „მიხეილ მესხზე“ ‘გლოსთერთან’ ჰქონდა.
2021 წელს დაარსებული ‘შავი ლომი’ ორი წლის წინ ტურნეზე სამხრეთ აფრიკაში, შარშან კი სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა. წელს ის ინგლისში პირველად გაემგზავრა და რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, მეორე თამაშს გამართავენ.
‘ლესტერ თაიგერსთან’ პირველ ხაზში თამაშს დავით აბდუშელიშვილი, თენგიზ ზამთარაძე და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. მარქაფაში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და დემურ ეფრემიძე შეწყვილდებიან. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება გრიგორ ქერდიყოშვილი. მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილს, სანდრო მამამთავრიშვილსა და ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ, შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა.
ხაზში ლუკა მატკავასა და გიორგი მარგალიტაძის დუეტს ვიხილავთ. ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე შალვა აფციაური და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძე იქნება. ხაზის შეცვლაზე არიან თენგიზ პერანიძე, გიორგი კვესელაძე და ლუკა ცირეკიძე.
წყარო: Rugby.ge