7-კაცა | სერგი ჩხაიძის ზებუნებრივი შესაძლებლობები – "ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება"

AutoSharing Option
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს 7-კაცას კაპიტანი სერგი ჩხაიძე რაგბი ევროპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"საქართველოს კაპიტანი, სხვანაირად ვერც უწოდებ, რადგან სერგი ჩხაიძე გასცდა ადამიანურ შესაძლებლობებს, რათა თავისი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური ეჩუქებინა. მე-5 ადგილის ფლეი ოფში ბელგიასთან გატანილი არეკნი მხოლოდ მწვერვალი იყო იმისა, რაც მან საქართველოს 7-კაცასთვის გააკეთა. სერგი ჩხაიძის ლიდერული თვისებები და მომაკვდინებელი ბოჭვები შთააგონებდა მის თანაგუნდელებს, რომ კაპიტანს ბოლომდე გაყოლოდნენ. მას შეეძლო არც ეთამაშა დასკვნით მატჩში იტალიის წინააღმდეგ,
მაგრამ რომ არა ის, საქართველო ასეთ მაღალ დონეზე ვერ დაასრულებდა რაგბი ევროპის გასულ სერიას", - წერია RugbyEurope-ს ოფიციალურ საიტზე.

"ძალიან სასიხარულოა მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებთან ერთად ასეთ სიაში რომ ხვდები. მარტო ირლანდიელი უგო კენანის ხსენება რად ღირს. ვარსკვლავური გუნდები ჰყავდა ირლანდიას და საფრანგეთს და არ ველოდი სიმბოლურ გუნდში თუ მოვხვდებოდი. გაკვირვებული ვიყავი. ეს ჩემი პირველი წარმატებაა საერთაშორისო დონეზე და მას ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელების გარეშე ვერ მივაღწევდი. არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ჩემი პირადი წარმატებაა. ესაა ჩვენი ქვეყნისა და გუნდის მიღწევა, რომლამდეც პატარ-პატარა ნაბიჯებით მივედით. ასეთ კამპანიაში ქართველის მოხვედრა სწორედაც რომ ქვეყნის წარმატებაა და ზუსტად ასე გამიხარდებოდა, ჩემს მაგივრად იქ რომელიმე თანაგუნდელი თუ მოხვდებოდა.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი მოტივაცია იმისათვის, რომ განვვითარდეთ. ყოველი შეკრებისა თუ ტურნირის დაწყების წინ ვამბობთ, რომ ის ბიჭები ვართ, რომლებიც საქართველოს 7-კაცას ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ. ჩვენი მიზანია, რომ წინსვლის დიაპაზონი კიდევ უფრო გავზარდოთ, უფრო დიდი ნაბიჯებით ვიაროთ წინ და შრომით, პროფესიონალიზმითა და თავდადებით ვითამაშოთ ჯერ მსოფლიო სერიაზე და მერე ოლიმპიადაზე".

"პროგრესი თვალსაჩინოა"

2024 წელს საქართველომ ჯერ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე ითამაშა, რომელიც სამ ეტაპად გაიმართა და მე-8 ადგილი დაიკავა, მერე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპის ჯამში მე-5 პოზიციაზე გავიდა და იანვრიდან კვლავ ჩაერთვება ჩელენჯერის სერიაზე.

"რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ერთ ადგილზე არ ვდგავართ, ვიზრდებით და ვვითარდებით", - ამბობს ჩხაიძე გასული სეზონის შეფასებისას – "შეიძლება იმხელა ნაბიჯებით წინ ჯერ ვერ მივდივართ, რა ჩანაფიქრიც გვაქვს, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა და ვინც ჩვენს თამაშებს უყურებს, ამას აუცილებლად შეამჩნევდა. ამაზე შედეგებიც მეტყველებს. ზედიზედ მეორედ მოვიპოვეთ ჩელენჯერის საგზური და კიდევ უფრო წინსვლის იმედი გვაქვს. აუცილებლად უნდა გავიდეთ მოწინავე პოზიციებზე და საბოლოოდ სერიაზე და ოლიმპიადაზე ვითამაშოთ.

რაც შეეხება ჩელენჯერის გასულ სერიას, 12 გუნდში მე-8 ადგილის დაკავება რა თქმა უნდა საამაყო შედეგი არაა, მაგრამ ამ ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა დამსახურებულად პირველად ითამაშა. მანამდე ერთხელ, რუსეთის ნაცვლად ვითამაშეთ ჩელენჯერის სერიაზე, რომელიც ერთ ეტაპად გაიმართა და ურუგვაისთან ფინალში დავმარცხდით (2022 წელს).

ჩელენჯერის სერია ბევრად მაღალი დონის ტურნირია, ვიდრე რაგბი ევროპის ჩემპიონატი, გნებავთ ორგანიზების და გნებავთ მონაწილე გუნდების ხარისხით. ამ ტურნირზე პირველად ვითამაშეთ და სტაბილურობა გვაკლდა, მაგრამ სამივე ეტაპზე გვქონდა ნათელი წერტილები და თამაშები, რომლებითაც მაყურებელი გავაკვირვეთ: სერიაზე ასულ ურუგვაის დუბაიში მოვუგეთ, დავამარცხეთ იაპონია და ტონგა, კენიას კი 17:0 ვაჯობეთ. 7-კაცას ვინც უყურებს ეცოდინება, რაოდენ რთულია კენიას ქულა არ ააღებინო.

ვინც მხოლოდ შედეგს შეხედა, მე-8 ადგილი მისთვის უარყოფითი შედეგი იქნება, მაგრამ ვინც თამაშებს უყურა, შეამჩნევდა იმ ნათელ წერტილებს, რომლებიც მომავალ ჩელენჯერის სერიაზე ბევრად უფრო კარგად გამოსვლის იმედს გვაძლევს".

ნაბიჯი პროფესიონალიზმისკენ

სერგი ჩხაიძე იმ საჭიროებებზე საუბრობს, რამაც ჩვენი 7-კაცა სტაბილურობამდე უნდა მიიყვანოს:

"სტაბილურობისთვის მოთამაშეებს გვჭირდება რეგულარულად 7-კაცას თამაში. ჩვენ ვთამაშობთ 15-კაცა ჩემპიონატს, საიდანაც როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, ძალიან რთულია 7-კაცაზე გადართვა. კი, ორივე რაგბია, მაგრამ 15-კაცასა და 7-კაცას ტემპი, სათამაშო წონა განსხვავებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 7-კაცაში დღეში რამდენიმე თამაში გვიწევს. თუ გვექნება სტაბილურად 7-კაცისკენ მიმართული მზადება, შედეგებიც დასტაბილურდება.

ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ისტორიაში პირველად 7-კაცას მოთამაშეებთან დაიდო კონტრაქტები. რაოდენობა ჯერჯერობით შეზღუდულია, სულ 7 მორაგბეს გვაქვს კონტრაქტი და ეს უკვე აისახა შედეგებზე. ვფიქრობ, 2027 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება. იმედი მაქვს მანამდე ჩვენი თამაშით დავაინტერესებთ სპონსორებს, გულშემატკივრებს, ჩამოვყალიბდებით პროფესიონალურ გუნდად და ჩვენს ქვეყანას ოლიმპიადაზე წარმოვაჩენთ".

ჩვენი 7-კაცა ახალი სეზონისთვის მზადებას მომავალი კვირიდან იწყებს. დიდი 10-ის გუნდებში თამაშის პარალელურად, მოთამაშეებს კვირაში რამდენჯერმე 7-კაცას ვარჯიშები ექნებათ, დეკემბრის დასაწყისში კი ტრადიციულად დუბაის მოსამზადებელი ტურნირი ელით.

"აგვისტოს ბოლოს დავიწყებთ ვარჯიშს დეტალებზე – პასის სიჩქარეზე, ტრაექტორიაზე. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს პროფესიონალი მოთამაშისთვის რა დროს პასზე მუშაობააო, მაგრამ დამიჯერეთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მის გარეშე არაფერი გამოვა. უკვე 3 წელია ერთად მოვდივართ, გუნდის მოთამაშეთა უმეტესობის ასაკი 25 წელზე ნაკლებია, გამოცდილებაც მივიღეთ, არც შეთამაშება გვაკლია და ვეცდებით ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან სასიამოვნოა ბიჭებო!!!...წინსვლა და წარმატებები არ მოგაკლოთ ღმერთმა!!!...
კობა
21:17 14-08-2024
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,ბიჭებო!
ბრაზი
10:18 15-08-2024
0

სიახლეები პოპულარული