"შავი ლომი" | პირველად ბურგოსში "იბერიანსთან"

AutoSharing Option
"შავი ლომი" 2024/25 წლების სეზონს იწყებს. თავდაპირველად ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხედ მოგებას ეცდება, რის შემდეგაც ჩელენჯ თასში ჩაერთვება.

ტიტულის დაცვას 15 სექტემბერს ესპანეთში, ბურგოსში ვიწყებთ, სადაც ჩვენი დროით 14 საათზე "იბერიანსს" ვერკინებით. ეს იქნება რიჩარდ კოკერილის ოფიციალური დებიუტი "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის რანგში. გაზაფხულზე მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისში ამხანაგური თამაში "ლესთერ თაიგერსთან" გამართა.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე "შავ ლომს" "იბერიანსის" წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია და ყველა მათგანში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე შეხვედრა თბილისში, "ავჭალაზე" გაიმართა და ესპანელებს სტუმრად პირველად ვერკინებით.

რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ სეზონში "იბერიანსს" ნახევარფინალში შევხვდით და 2022 წლის 17 აპრილს უხვქულიან მატჩში 43:40 ვძლიეთ.

ესპანელებს მეორე სეზონშიც ნახევარფინალში, 2022 წლის 4 დეკემბერს დავუხვდით და ამჯერად 41:9 მოვუგეთ.

ფორმატის შეცვლის შემდეგ "იბერიანსს" გასულ სეზონში უკვე ორჯერ ვეთამაშეთ. 2023 წლის 4 ნოემბერს ჯგუფურ ეტაპზე მას 39:19 მოვუგეთ, ხოლო 2 დეკემბერს ნახევარფინალში 41:0 დავამარცხეთ.

სუპერთასის წლევანდელი სეზონის გახსნით მატჩში "იბერიანსი" "ლუზიტანუშს" 7 სექტემბერს პორტუგალიაში ეწვია და 18:36 დამარცხდა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული