საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მეშვიდე თვეა ემზადება. სელექციისა და ვარჯიშების პარალელურად, გუნდმა ექვსი ამხანაგური თამაში ჩაატარა. შარშან, ნოემბერში, ჩვენი 20-წლამდელები რუსთავის "ხარებს" შეხვდნენ. შემდეგ ტურნეში გაემგზავრნენ და ირლანდიური "ალსტერის" ახალგაზრდული გუნდი და შოტლანდიის თანატოლთა ნაკრები დაამარცხეს. იანვარში სამი თამაში შედგა ქართულ კლუბებთან - "ხარებთან", გორის "ჯიქთან" და თბილისის "ლელოსთან".
მარტიდან
მომავალი საკონტროლო მატჩებისთვის "უმცროს ბორჯღალოსნებს" ლეგიონერებიც დაემატებიან, რომლებიც გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდნენ და მწვრთნელებს ტაქტიკაზე სრულფასოვნად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.
ლეგიონერების გარდა, "უმცროს ბორჯღალოსნებს" 18-წლამდელთა ნაკრებიდან ორი მორაგბე დაემატება.
ზურა ამონაშვილი (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელი):
"შემდეგ კვირაში ლეგიონერების დამატებას ველოდებით, რომელთა ნაწილს, სამწუხაროდ, საკონტროლო თამაშების დასრულების შემდეგ კვლავ კლუბებში მოუწევთ დაბრუნება. ჩვენი მიზანი იქნება, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მათი გუნდთან ადაპტირება და დავიწყოთ ტაქტიკური და ტექნიკური მომზადება.
სამწუხაროდ, დაშავდა და ვერ დაგვეხმარება ჯაბა შათირიშვილი, ხოლო ომარ ოდიშვილს "ვესტერნ პროვინსთან" თამაშებისთვის კლუბი არ ათავისუფლებს. თბილისში ჩამოვლენ ლაშა ტაბიძე, გურამ პაპიძე, გიორგი გოგოლაძე, ლუკა იურინი, უჩა ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი.
მომავალი კვირიდან დაგვიბრუნდება მგეზავი თედო აბჟანდაძე. მან მომზადება ჩვენთან ერთად გაიარა, რის შემდეგაც 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საფრანგეთში, "რაგბი ევროპის ღია" ჩემპიონატზე გაემგზავრა და ძალიან კარგად ითამაშა. თედოს რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით.
18-წლამდელთა ნაკრებში თავი გამოიჩინა ოთარ ძაგნიძემ, რომელიც უნივერსალია და უკანა ხაზში სხვადასხვა პოზიციის დაფარვა შეუძლია. ჩვენ მასაც დავუძახეთ და მომავალი კვირიდან დავაკვირდებით.
"ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან ძალიან საინტერესო თამაშენი გველის. ისინი ისეთ ტემპს შემოგვთავაზებენ, რასაც ჩვენს ჩემპიონატში ნათამაშები ბიჭები შეჩვეულები არ არიან. მწვრთნელებს მოგვეცემა საშუალება, რომ რეალური წნეხის ქვეშ დავინახოთ იმ შრომის შედეგები, რაზეც მოსამზადებელ ეტაპებზე ვმუშაობდით.
ეს ისეთი მეტოქეა, რომელიც აუცილებლად დაგვანახებს ჩვენს სუსტ მხარეებს, რომელთა გამოსწორებაზე მსოფლიო თასამდე უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.
ვიცით, რომ "ვესტერნ პროვინსი" ჩვენთან თამაშებისთვის პირველ ხაზს უფროსი ასაკის მოთამაშეებით გააძლიერებს, ხაზში კი, აკადემიის უძლიერესი მოთამაშეები ეყოლება. ტრადიციულად, ამ გუნდის შემადგენლობაში ფიზიკურად ძლიერი ბიჭები მაქსიმალურ სისწრაფეებზე თამაშობენ და ეს ზუსტად ისაა, რასაც მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ველოდოთ".
სამხრეთ აფრიკაში "ნატალ შარქსის" აკადემიაში თამაშობს "უმცროსი ბორჯღალოსნების" უკანახაზელი საბა სვიმონიშვილი, რომელიც მოწინააღმდეგისგან განსაკუთრებულ თამაშს ელოდება:
"ჩვენი გუნდის მზადება კარგ ტემპში მიმდინარეობს. გავიარეთ ფიზმომზადების ეტაპი, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და ვემზადებით "ვესტერნ პროვინსთან""თამაშებისთვის. ამ გუნდის წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ ის ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიაა სამხრეთ აფრიკაში. გუნდში ამ პროვინციის ნარჩევი ბიჭები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი თამაშები გვექნება.
"ვესტერნ პროვინსი", სხვა აფრიკული გუნდების მსგავსად, სწრაფი რაგბის მიმდევარია და ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. ვფიქრობ, მეორე კომპონენტში არაფერს დავთმობთ და ვეცდებით, მათ სისწრაფეებსაც ავუბათ მხარი. ამ გუნდთან შეხვედრა დიდ გამოცდილებას შეგვძენს და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კარგ სამსახურს გაგვიწევს".
წყარო: rugby.ge