U20. საქართველო-ურუგვაი 46:12 - რვა ლელო, ჩხუბი და ერთი წითელი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაწყებულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" წარმატებული სტარტი აიღო. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", რომლებიც A ჯგუფის ბინადარნი არიან, პირველ მატჩში ურუგვაის ნაკრებს სძლიეს - 46:12.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩვენმა მორაგბეებმა ანგარიში 45-ე წამზე გახსნეს. შეტევა საკუთარი 22-მეტრიანი ზონის ხაზიდან მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა წამოიწყო. მან ბურთი რაკიდან აიტაცა, მეტოქის ხაზი გაჭრა და ურუგვაელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზამდე იარა. მერე ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ რაკიდან ბურთი მგეზავ რეზო ჯინჭველაშვილს გაუტანა, რომელმაც ფეხით მარცხენა ფრთაზე ლელოსკენ გადაკიდა. იქ კი გარემარბმა იოსებ
კიკვაძემ
იყოჩაღა და ანგარიში გახსნა.

ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:0.

დასაწყისი შესანიშნავი გამოვიდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ხუთ წუთში კიდევ ერთი ლელო მიითვალეს. ჩვენი გუნდის მრავალფაზიანი შეტევა მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში შეჩერდა. შერკინება ურუგვაის ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა, თუმცა მეტოქე ამ კომპონენტში დავჯაბნეთ. შერკინებიდან ბურთი მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ აიტაცა და იქვე მიმყოლ ლობჟანიძეს გადააწოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცხრა ნომერს ხელი ვერავინ შეუშალა.

ჯინჭველაშვილმა ამჯერად გარდასახვის გატანა შეძლო - 12:0.

ექვს წუთში კი უკვე 19:0-ს ვიგებდით. ურუგვაელები საკუთარი ლელოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ და შერკინებით ჩათვლის მოედანში შევათრიეთ. ლელო გორგაძემ მიითვალა. ჯინჭველაშვილმა ესეც გარდასახა.

მე-20 წუთისთვის კი უკვე 26 ქულით დავწინაურდით. საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი ფულბეკმა ირაკლი სვანიძემ ამოიტანა. მოედნის ცენტრთან წარმოქმნილი რაკიდან ის ჯინჭველაშვილმა აიტაცა და შუამარბ ბადრი ლიპარტელიანთან ერთად ჩათვლის მოედნამდე ხელდახელ ბურთაობით ირბინეს. ლელო ამ უკანასკნელის ანგარიშზეა.

ჯიჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 26:0.

ცხადია, მოვლენათა ასეთ განვითარებას ურუგვაის ნაკრების მორაგბეები არ ელოდნენ და ნელ-ნელა პროვოკაციების მოწყობა დაიწყეს. პირველ ტაიმში, სანამ ანგარიშში სხვაობას 31 ქულამდე გავზრდიდით, მატჩის არბიტრმა სინბინში ჩვენი გარემარბი ანზორ სიჭინავა გაუშვა.

პირველ ტაიმში ბოლო ლელო სწორედ მან მიითვალა, რომელიც შერკინებიდან გათამაშებული შესანიშნავი კომბინაციის შედეგი იყო - 31:0.

მეორე ტაიმში ურუგვაელებმა ბინძურ თამაშს უმატეს და ჩვენი მორაგბეების პროვოცირება შეძლეს. შედეგად, მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არბიტრმა წითელი ბარათი ჩვენი ნაკრების კაპიტანს, ბადრი ალხაზაშვილს და მეტოქის მგეზავს უჩვენა.

მალე მოედანი კიდევ ერთმა ჩვენებურმა დატოვა. სინბინში ამჯერად მესამეხაზელი თორნიკე ბუბუტეიშვილი გაუშვეს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი მორაგბეებისთვის, მეტოქე კონტრშეტევაზე დაეჭირათ და მეექვსე ლელო მიეთვალათ. ამჯერად თავი ოთარ გიორგაძემ გამოიჩინა - 36:0.

ურუგვაელებმა პირველი ლელო 58-ე წუთზე გაგვიტანეს, რომლის გარდასახვაც მოახერხეს - 7:36. ცხადია, მეტოქის კადნიერება ჩვენს მორაგბეებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კიდევ ორი ლელო გაიტანეს. მეტოქის ჩათვლის მოედანში კიკვაძემ და სვანიძემ შეაღწიეს - 46:7.

თამაშის დასრულებას აღარაფერი აკლდა, მეტოქემ მეორე ლელო რომ გაგვიტანა, რომელიც ვერ გარდასახა - 12:46.

ტურნირის მეორე ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯის თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ჩვენი გუნდის მსგავსად, პრემიალური ქულით მოიგეს თავიანთი შეხვედრა მასპინძელ პორტუგალიელებთან.

16 მაისს, საქართველო-ფიჯის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

ნამატჩევს:
"ურუგვაი მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა ჩვენს პროვოცირებას და ბოლოს მოახერხა"

მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა 2015. A ჯგუფი. I ტური
საქართველო-ურუგვაი 46:12
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. ანზორ სიჭინავა (აკადემია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), 11. იოსებ კიკვაძე (აია), 10. რეზო ჯინჭველაშვილი (აია), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი). 1. ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), 2. ბადრი ალხაზაშვილი (ლელო), 3. გიორგი მელიქიძე (ხარები), 4. ოთარ გიორგაძე (აია), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (ტარბი), 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), 7. დავით პაპავაძე (ჯიქი), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი).
16. ლაშა საჯაია (ჯიქი), 17. ბექა კაკაბაძე (კლერმონი), 18. როლანდ კვაჭაძე (ორიაკი), 19. გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), 20. გიორგი კვესელაძე (იუნკრები), 21. თემურ თუთბერიძე (აია), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია).

8ლ: კიკვაძე (2), სიჭინავა, ლიპარტელიანი, ლობჟანიძე, გიორგაძე, გორგაძე, სვანიძე. 3გ: ჯინჭველაშვილი.
სინბინი: სიჭინავა, ბუბუტეიშვილი, კიკვაძე.
გაძევება: ალხაზაშვილი.

A ჯგუფი
პორტუგალია-ფიჯი 19:34

B ჯგუფი
კანადა-ნამიბია 35:20
ტონგა-ჰონკონგი 35:16

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
16 მაისი, 20:00 სთ (თბილისის დრო)
საქართველო - ფიჯი

20 მაისი, 20:00 სთ
საქართველო - პორტუგალია

24 მაისი, 20:00 სთ
ტურნირის ფინალური რაუნდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ!!! სულ მოგება!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული