სარაგბო სეზონის წინ. წარდგენა: თბილისის "არმაზი"

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ გასული ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ სიურპრიზს - მეოთხეადგილოსან თბილისის "არმაზს". კლუბს, რომელმაც თავდადებული თამაშის წყალობით დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი მოწინავე პოზიციებზე.

არმაზი
"არმაზი" ბოლო სეზონებია მეთოდურად მიიწევს წარმატებისაკენ და ყოველწლიურად აუმჯობესებს შედეგს. წინა ეროვნულ ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილი ნამდვილად მოულოდნელი გახლდათ, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

სეზონის წინა პერიოდში განხორციელებული ტრანსფერებით კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდა და თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი.

გუნდი ამჟამად წარმოადგენს გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა მშვენიერ ნაზავს, რომელსაც რეალურად ძალუძს მედლებისთვის ბრძოლა.

შერკინება
"არმაზმა" ეროვნული ჩემპიონატის წინ ახალგაზრდული ნაკრების 5 მორკინალი დაიმატა, რაც კიდევ უფრო მძლავრს და მობილურს გახდის მის თამაშს.

სავარაუდოდ, გუნდს არც სტატიკაში დადგომა უნდა გაუჭირდეს და ხელდახელ თამაშშიც არ იქნება მათი სუსტი მხარე. რაც მთავარია, სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად აქვს არჩევანის საშუალება და შეუძლია, კონკრეტულად მეტოქის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შედარებით მოძრავი (სწრაფი) ან "მძიმე" შემადგენლობა გაამწესოს სასტარტოში.

მწყობრშია გუნდის ლიდერი, შერკინების კვაჭი გიორგი სოსელია, მეორე ხაზში უდიდესი დახმარება შეუძლია გაუწიოს გუნდს ახალწვეულმა მიხეილ არჩუაშვილმა, რომელიც ტექნიკურადაც ძალიან ძლიერია და აუტში თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესოა.

მესამე ხაზში გამოცდილი ოთარ მინაშვილი შეეცდება ახალგაზრდა თანაგუნდელები ტაქტიკურად სწორ თამაშში აიყოლიოს.

უკანა ხაზი
ცხრა ნომრის პოზიციაზე საქართველოს ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე იასპარეზებს, რომელმაც ფრანგული "ოსერი" დატოვა და თბილისელთა შემადგენლობა შეავსო. "აბუს" შეუძლია უდიდესი დახმარება გაუწიოს "არმაზს" და, თუ გავითვალისწინებთ მის მაღალ სათამაშო კლასს და გამოცდილებას, გუნდისთვის ეს ნამდვილად უდიდესი შენაძენია.

მგეზავად საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კიკნაძე ითამაშებს, რომელსაც უცხოეთში მართლაც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. "კიკნას" აქვს უნარი, თამაშის მიმდინარეობისას მიღებული დროული და ჭკვიანური გადაწვეტილებებით გუნდის სათამაშო პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს.

მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება ბორჯღალოსანთა ამჟამინდელი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი - უნივერსალი მოთამაშე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უკანა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად წარმატებულად გარჯა შეუძლია.

შემადგენლობაშია გამოცდილი შუამარბი ვილი კაიფაჯიანი, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე 20 წლის საბა ნიკოლავა ითამაშებს.

სამწვრთნელო ჯგუფი
"არმაზის" მთავარი მწვრთნელი დავით ვართანიანია, რომლის წვლილიც უდიდესი გახლავთ კლუბის წარმატებაში. სამწვრთნელო შტაბშია უაღრესად გამოცდილი დავით პინაიშვილიც. ეს დუეტი დიდი ხანია რაც წარმატებით მუშაობს.

ტრადიციულად გუნდის მომავლისთვის ზრუნვას გააგრძელებს "არმაზის" პრეზიდენტი გია სოსელია, თუმცა მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება წარმოიშვას სეზონის მიმდინარეობისას, ეს გახლავთ სათადარიგო გუნდში მოთამაშეთა მცირე რაოდენობა. "არმაზს" ჯამში 45 კვალიფიციური მორაგბე ჰყავს, რაც ავტომატურად გამოიწვევს უმეტესი მათგანის ერთბაშად ორ ფრონტზე გამოყენებას, რაც ხანგრძლივი სეზონის მიმდინარეობისას ფიზიკურ კონდიციებზე უარყოფითად იმოქმედებს.

შემადგენლობა
პირველი ხაზი: არჩილ ბეჟიაშვილი, ირაკლი ბუკია, გიორგი სოსელია, ზვიად ესართია, თორნიკე ჯიბლაძე, გიორგი მარგველიანი, დავითი ფხაკაძე;
მეორე ხაზი: გიორგი ჭელიძე, მიხეილ არჩუაშვილი, ბესარიონ ბარბაქაძე, შოთა კანდელაკი;
მესამე ხაზი: ნიკოლოზ გიგაური, ვაჟა თაგაური, ოთარ მინაშვილი, ვახტანგ ამირანაშვილი;
#9: ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მჟავანაძე, გიორგი მისრიაშვილი;
#10: რევაზ ბროძელი, დავით კიკნაძე;
#12-13: ვილიამ კაიფაჯიანი, პაატა მაისურაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი მაჩხანელი;
#11-14: ნიკოლოზ პინაიშვილი, სირაძე ლაშა, ბადრი ლიპარტელიანი;
#15: ბაჩო ჩხაიძე, საბა ნიკოლავა;

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული