ყოჩები-აკადემია 16:9 - "ყოჩები" ლიდერებში გაერია

AutoSharing Option
"ყოჩები" და "აკადემია" ბოლო ორი სეზონის განმავლობაში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ. ამჟამად ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. "ყოჩები" ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეიფარა, გუნდი მოღონიერდა, თავისი აღზრდილი მორაგბეები დაიბრუნა და წლევანდელი ჩემპიონატის სტარტზევე შარშანდელი ტრიუმფატორი "ლელო" დაამარცხა.

"აკადემიას" მდგომარეობა კი ისევ მძიმეა. გუნდმა მესამე ტურში "ყოჩებთან" ზედიზედ მესამედ წააგო - 9:16 და, როგორც ჩანს, ამჯერადაც დარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა. თუმცა გათამაშება ეს-ესაა დაიწყო და დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ყველაფერი შესაძლებელია შეიცვალოს.

აკადემიელები მუდამ მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდნენ. ტრადიციისთვის მათ არც ამჯერად უღალატიათ, ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს,
მაგრამ...

თამაში "აკადემიას" აქტიური შეტევებით დაიწყო და ათი წუთის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა. დროის ამ მონაკვეთში აკადემიელებს ორჯერ ჰქონდათ ანგარიშის გახსნის საშუალება, მაგრამ მგეზავმა ივანე დავითაშვილმა ორჯერ ვერ შეძლო საჯარიმოს გატანა.

"ყოჩებმა" დროულად მოახერხეს გონს მოსვლა, ძალები მოიკრიბეს და მეტოქეს საკუთარი თამაში თავს მოახვიეს. ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს. მე-16 წუთზე ბოლნისელებმა იერიში მორკინალების მიძალებით "აკადემიას" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მიიტანეს.

რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ იყოჩაღა. მან წარმოქმნილი რაკიდან ბურთი აიტაცა და ლელოში შეაღწია. მგეზავმა თემურ სოხაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

ოთხ წუთში აკადემიელთა მგეზავმა ანგარიშის შემცირება შეძლო. დავითაშვილმა საჯარიმო ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7.

ვერ ვიტყვით, რომ პირველი ტაიმის დარჩენილ 20 წუთში "ყოჩები" სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ფაქტია, რომ თავის მონაგარს ის მხოლოდ ზრდიდა და შესვენებაზე ათქულიანი უპირატესობით წავიდა - 13:3. ორი საჯარიმო სოხაძის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარში მოედანზე ბევრი არაფერი შეცვლილა. "აკადემია" თავს კარგად იცავდა და მეტოქეს ლელოს გატანის საშულებას არ აძლევდა. შედეგად, "ყოჩების" დამრტყმელმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლო, რაზეც დავითაშვილმა ორით უპასუხა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი პრემიალური ქულის აღებისთვის აღმოჩნდა საკმარისი - 9:16.

"ყოჩებმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა და ლიდერებში გაერია.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
ყოჩები-აკადემია 16:9
ყოჩები (15-9) გაბუნია, ხარშილაძე, ხუციშვილი, აბდუშელიშვილი (ქუშაშვილი 41), კვარაცხელია (მახარაშვილი 41), სოხაძე, ბეგაძე. (1-8) გოგიშვილი (ესაკია 49), ხიდეშელი (ცუცქირიძე 49), შენგელია, მეტრეველი (ტვილდიანი 54), გრძელიშვილი, აფციაური (ჯინჭარაძე 73), ტყეშელიაძე, ჩხიკვაძე.
ლ: ბეგაძე. 3ს,გ: სოხაძე.
სინბინი: ხუციშვილი, შენგელია.
აკადემია (15-9) მელაძე, ჭუაძე (მაკაროვი 56), წასიძე, ილურიძე, სიჭინავა, ი. დავითაშვილი, ჯ. ღამბაშიძე. (1-8) გ. ღამბაშიძე, წვერავა, წაქაძე (მაზმიშვილი 51), ნებულიშვილი, ბერიკაშვილი, ნიბლაძე, გოგოლაძე, ლუარსაბიშვილი.
3ს: დავითაშვილი.
სინბინი: წაქაძე, მაზმიშვილი.
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

ლელო-ხარები 37:16
ლელო: 5ლ - მძინარიშვილი, კოლელიშვილი (2), ჭყოიძე, ქოიავა. 3გ,2ს - ყიასაშვილი.
სინბინი: კოპაძე.
ხარები: 2ლ - მღებრიშვილი, ბ. ბებიაშვილი. 2ს - ხუციშვილი.
სინბინი: ღამბაშიძე, ბასილაია.
გაძევება: ქვლივიძე.

აია-ლოკომოტივი 12:15 (იხილეთ ვრცლად)
არმაზი-ჯიქები 23:25 (იხილეთ ვრცლად)
არმია-ბათუმი (გადაიდო)

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული