არმია-აია 18:24 - "აიამ" ლიდერობა განიმტკიცა

AutoSharing Option
ტურის ცენტრალურ მატჩში "არმია" ავჭალის სარაგბო ბაზაზე სატურნირო ცხრილის ლიდერ "აიას" მასპინძლობდა.

თბილისელებს მატჩის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების გამო შემადგენლობაში არ იყვნენ გიორგი შკინინი და შალვა მამუკაშვილი, გიორგი აფციაური ახალგაზრდულ ნაკრებში გახლდათ გამოძახებული, ხოლო მგეზავი გიორგი ელიზბარაშვილი დისკვალიფიკაციას იხდიდა.

ქუთაისელებს მშვენიერი შანსი ეძლეოდათ, გასული სეზონის წინასწარ ფინალში ნაწვნევი დასანანი მარცხის (17:31) გამო რევანში აეღოთ.

მატჩი "აიამ" საკმაოდ აქტიურად დაიწყო - ქუთაისელთა მიერ აგორებულ მოლს უეცრად მოწყდა გელა შალამბერიძე, რომელმაც გაჭრა მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი და გადამწყვეტ
მომენტში დროულად უპასა გიორგი როხვაძეს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ბურთის ძელებს შუა დამიწება. გარდასახვის შესრულებისას ზუსტი გახლდათ გაგა სინაურიძე - 7:0.

მატჩის მეშვიდე წუთზე ფეხის ტრავმა მიიღო და შეხვედრა ნაადრევად დატოვა "არმიას" კაპიტანმა ლაშა თავართქილაძემ, რამაც კიდევ უფრო გაართულა თბილისელთა მდგომარეობა, თუმცა ნიკო ჭავჭავაძის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა სრული მობილიზება და მეტოქე საკუთარ 22-მეტრიან ზონას მიაჯაჭვა.

ისინი უარს ამბობდნენ მოპოვებული საჯარიმოების ხელსაყრელი მდგომარეობიდან კარში დარტყმაზე და ჯიქურად ლელოზე მიიწევდნენ, რაც მალევე დაუფასდათ კიდეც - შუამარბმა გიორგი ჯიმშელაძემ რაკიდან ბურთი დროულად აიტაცა და დაამიწა ჩათვლის მოედანში - 5:7.

პირველი ტაიმის დარჩენილ 25 წუთში "აიას" ფეხჩუბინმა მგეზავმა სინაურიძემ 4 საჯარიმო გაიტანა მეტოქის კარის ძელებს შუა, "არმიამ" ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ტაიმი 19:8 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ.

მატჩის მეორე ნახევარი მასპინძლებმა აგრესიული შეტევებით დაიწყეს და ბახვა კობახიძის ახლო დისტანციიდან გატანილი საჯარიმოთი მეტოქესთან სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს - 11:19. 47-ე წუთზე "არმიამ" ლელოს დადების ასპროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან: გიორგი თხილაიშვილმა ქუთაისელთა ფეხით მოგერიებულ ბურთს დააფარა, თვითონვე დაეუფლა და მეტოქის ჩათვლის მოედანში მარცხენა მხრიდან შეიჭრა.

ბურთის დამიწების ნაცვლად, მარბიელმა ცენტრისკენ გადაიწია, თუმცა "აიას" მორაგბეებმა დროულად ჩამოასწრეს და მოწინააღმდეგე აუტში გადაიყვანეს. სტუმრებმა თბილისელებს დაშვებული შეცდომა არ აპატიეს - 65-ე წუთზე გიორგი ფრუიძის მიერ მეტოქის ზურგში დაკიდებული ბურთი "არმიას" უკანახაზელებს წინ გადაუვარდათ, "აიას" გარემარბმა შაკო შაშიაშვილმა დროულად აიტაცა ბურთი და ჩათვლის მოედნამდე უპრობლემოდ ირბინა - 24:11.

მასპინძლებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და თავგანწირულ იერიშებზე გადავიდნენ. რაკში არასწორი თამაშისთვის მთავარმა არბიტრმა ქუთაისელთა მხრიდან ჯერ ირაკლი რევიშვილი დასაჯა ყვითელი ბარათით, ხოლო მოგვიანებით - გიორგი ჩიტეიშვილი.

"არმიამ" რიცხობრივი უპირატესობით მშვენივრად ისარგებლა: მე-80 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან დარასელიამ ლელო გაიტანა, რომელიც კობახიძემ ადვილად გარდასახა - 18:24. "არმიამ" 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის ბონუს-ქულა მიიღო, ქუთაისელებს კი განვლილი შვიდი ტურის შემდეგ 28 ქულა დაუგროვდათ და კიდევ უფრო განიმტკიცეს სატურნირო ცხრილში ლიდერობა.

არმია - აია 18:24
არმია: (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, ჯიმშელაძე, ჩხიკვაძე, გაგოშვილი, ბაირამაშვილი, ღვინჯილია (ჯინაშვილი)ა; (1-8) კაკოვინი (ზაქაშვილი), მეკოკიშვილი (დარასელია), დონაძე (ქორიძე), ცხადაძე (სურგულაძე), ჩიტიძე, თხილაიშვილი, თავართქილაძე (კალმახელიძე), ბიწაძე;
ლ: ჯიმშელაძე, დარასელია; გ: კობახიძე ს: კობახიძე (3)
აია: (15-9) ძნელაძე, შაშიაშვილი, ფრუიძე, კვერნაძე, აბრამიძე, სინაურიძე (ბაბუნაშვილი), როხვაძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (სალდაძე), ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე), ძაგნიძე (ცირეკიძე), ჩიტეიშვილი, რევიშვილი, შალამბერიძე, ყურაშვილი (ლოსაბერიძე);
ლ: როხვაძე, აბრამიძე; გ: სინაურიძე; ს: სინაურიძე (4)
სინბინი: ჩიტეიშვილი, რევიშვილი

აკადემია - ჯიქები 3:33
აკადემია: ს: მელაძე;
სინბინი: ლუარსაბიშვილი, მაღლაკელიძე, ჭუაძე (წბ)
ჯიქები: ლ: შენგელია, კალანდაძე, მამრიკიშვილი, გიორგაძე; გ: გიორგაძე; ს: გიორგაძე (3)

ლელო - არმაზი გადაიდო

ხარები-ლოკომოტივი 15:31 - "ლოკომოტივმა" რუსთაველ "ხარებს" ჩაუქროლა

ყოჩები-ბათუმი 59:27 - "ყოჩების" იოლი გამარჯვება "ბათუმთან"

სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 28 ქულა; 2. ლელო - 23; 3. ლოკომოტივი - 23; 4. ბოლნისი ყოჩები - 20; 5. არმაზი - 18; 6. ჯიქები - 15; 7. არმია - 13; 8. აკადემია - 5; 9. ბათუმი - 5; 10. რუსთავის ხარები - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული