ხარები-ლოკომოტივი 15:31 - "ლოკომოტივმა" რუსთაველ "ხარებს" ჩაუქროლა

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში განვლილი 6 ტურის შემდეგ რუსთავის "ხარებს" ერთადერთი ქულა ჰქონდათ მოპოვებული და სატურნირო ცხრილში უკანასკნელ, მეათე ადგილს იკავებდნენ. ზაზა ხუციშვილის გაწვრთნილ გუნდს საკუთარ მოედანზე წაგების უფლება აღარ ჰქონდა.

"ხარებმა" თბილისის "ლოკომოტივთან" საშინაო დაპირისპირება საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან მორკინალებმა აგრესიულად შეუტიეს.

რკინიგზელებმა მძიმე წნეხს გაუძლეს და საპასუხოდ მეცხრე წუთზე მშვენიერი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ჯაბა კიკვიძის გატანილი ლელოთი დასრულდა - 7:0.

რუსთაველებმა თავდადებით განაგრძეს თამაში, რამაც შედეგი მალევე მოიტანა - შუამარბმა რატი ღამბაშიძემ გადალახა მეტოქეთა წინააღმდეგობა და ბურთი მეტოქის
ჩათვლის მოედანში დაამიწა - 5:7.

"ლოკომოტივი" გაცილებით უფრო მრავალფეროვნად ირჯებოდა, რიგ ეპიზოდებში მისი უკანახაზელები მშვენიერ კომბინაციებს ათამაშებდნენ, ანდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდნენ ფონს. 29-ე წუთზე რკინიგზელთა გარემარბმა დავით ჟამუტაშვილმა გამოიჩინა თავი გატანილი ლელოთი, ამ მოვლენიდან 6 წუთში კი კიკვიძემ დუბლი გაიფორმა. ორივე ლელო წარმატებით გარდასახა ბექა წიკლაურმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა - 21:5.

მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა ჯერ მოპოვებული საჯარიმო გაიტანეს მეტოქის კარში, ხოლო 55-ე წუთზე "ხარების" კვაჭმა უჩა აღაშვილმა დადო ლელო, მიხეილ წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და რუსთაველები რკინიგზელებს 6-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდნენ - 15:21.

ამ მოვლენიდან 3 წუთში მატჩის მთავარმა არბიტრმა 10-წუთიან სინბინში გაუშვა მასპინძელთა ბურჯი შოთა მაჭარაშვილი. კაცნაკლული მეტოქე "ლოკომოტივმა" მალევე დასაჯა - ბორჯღალოსანმა გივი ბერიშვილმა თავისი გუნდის რიგით მეოთხე ლელო მიითვალა - 15:26.

მოედანზე სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. რუსთაველები ერთი გატანილი ლელოს შემთხვევაში სანუგეშო ქულას დაიმსახურებდნენ (7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის), ხოლო "ლოკომოტივი" თუ დადებდა ლელოს, ისინი ბონუს-ქულით დაჯილდოვდებოდნენ (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის).

საბოლოოდ მაინც რკინიგზელებმა იმძლავრეს. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გივი ბერიშვილმა მორიგი ლელო გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 31:15.

ხარები-ლოკომოტივი 15:31

ხარები: (15-9) მ. წიკლაური, თეგეთაშვილი, ბ. ბებიაშვილი, ღამბაშიძე (კიკნაძე 41), მელიქიშვილი, ბასილაია (ჭაავა 72), ხუციშვილი; (1-8) მაჭარაშვილი, აღაშვილი, წიკლაური, ხელია, ქარუხნიშვილი, ღამბარაშვილი, თედელური, ქვლივიძე;
ლ: ღამბაშიძე, აღაშვილი; გ: წიკლაური; ს: წიკლაური
სინბინი: მაჭარაშვილი (58)
ლოკომოტივი: (15-9) ბ. წიკლაური, ქავთარაძე (ბიწაძე 41), დ. ჭურღულია, კავთიძე (კობერიძე 72), ჟამუტაშვილი, ჭინჭარაული, ზაბახიძე; (1-8) ელოშვილი (გასვიანი 66), გენებაშვილი, ზარიძე, ხელუაშვილი, გეგია, ახვლედიანი, ბერიშვილი, კიკვიძე (ჩიტიძე 72)
ლ: კიკვიძე (2), ბერიშვილი (2), ჟამუტაშვილი; გ: წიკლაური (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული