მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" და "არმაზის" უაღრესად საინტერესო დაპირისპირება მომავლისთვის გადაიდო, ვინაიდან ორივე გუნდის შემადგენლობაში ტრავმათა ეპიდემიაა.
ტურის დარჩენილ ოთხ შეხვედრაში კი რამდენიმე საყურადღებო და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. წარმოგიდგენთ გასული ტურის შვიდ საუკეთესო მოვლენას.
86 ქულა ერთ მატჩში
"ბოლნისი ყოჩების" და "ბათუმის" დაპირისპირება საკმაოდ თვალსასეირო გამოდგა და სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა მშვენიერი სანახაობა იხილა.
ბოლნისელებმა ზღვისპირელები 59:27 გაანადგურეს - ორივე გუნდმა ჯამში 10 ლელოს გატანა მოახერხა და 86-ქულიანი მატჩიც შედგა. მიმდინარე ჩემპიონატში, უხვქულიანობის მხრივ,
თუ სტატისტიკასაც გადავავლებთ თვალს, გასულ სეზონში ყველაზე მეტი ქულა რეგულარული გათამაშების XVII რაუნდის მატჩში დაფიქსირდა - "აკადემია" ქუთაისის "აიასთან" 64-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 10:74.
თემურ სოხაძის 30 ქულა
"ბოლნისი ყოჩების" მგეზავმა თემურ სოხაძემ ბენეფისი მოიწყო "ბათუმთან" დაპირისპირებისას. იგი მთელი შეხვედრის განმავლობაში უნარიანად ხელმძღვანელობდა საკუთარი გუნდის შეტევებს და ტრადიციულად, ფეხჩუბინობითაც გამოირჩა.
სოხაძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწებული 2 ლელოს გარდა, 4-4 გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა, რამაც ჯამში 30 ქულა შეადგინა.
გაცუდებული შანსი
ტურის ცენტრალურ მატჩში "არმიამ" სატურნირო ცხრილის ლიდერ "აიას" უმასპინძლა. 47 წუთისთვის ქუთათურები 8 ქულის სხვაობით იყვნენ წინ - 19:11, როდესაც მათმა ჰავბეკმა გიორგი როხვაძემ რაკიდან ბურთის ფეხით მოგერიება განიზრახა, მაგრამ მასპინძელთა მარბიელებმა მოულოდნელად დააფარეს. გიორგი თხილაიშვილი იოლად დაეუფლა ბურთს და მეტოქის ჩათვლის მოედანში მარცხენა კუთხიდან შეიჭრა, თუმცა დამიწების ნაცვლად ცენტრისაკენ გადაწევა განიზრახა, რათა გარდასახვა გაცილებით უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან შეესრულებინა "არმიას"...
მის ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა, ქუთაისელმა მორაგბეებმა დროულად ჩამოასწრეს დაცვაში და მეტოქე აუტის ხაზს მიღმა გადადენეს.
"არმია" საპლეიოფო ექვსეულს მიღმა
სარაგბო სეზონის წინ ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შერაცხილმა თბილისის "არმიამ" ეროვნული პირველობა საკმაოდ ცუდად დაიწყო.
ნიკო ჭავჭავაძის გაწვრთნილმა გუნდმა 6 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, სამჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრე ითამაშა. უკანასკნელ ტურში საკუთარ კედლებში ნაწვნევი მარცხი ქუთაისის "აიასთან" არმიელებს ძვირად დაუჯდათ - მათ პირველად დატოვეს საპლეიოფო ზონა და 13 მოპოვებული ქულით მეშვიდე საფეხურამდე დადაბლდნენ.
მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ კლუბის შემადგენლობაში თავმოყრილ მოთამაშეთა მაღალ სათამაშო პოტენციალს და სამწვრთნელო შტაბის პროფესიონალიზმს, უახლოეს ტურებში უნდა ველოდოთ "არმიელთა" წარმატებულ დაბრუნებას მოწინავე პოზიციებზე.
ბრძოლა ბონუს-ქულისთვის
გასულ ტურში ორმა გუნდმა მოახერხა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბონუს-ქულის მომტანი ლელოს დადება, რაც მათ მებრძოლ სულისკვეთებასა და პროფესიონალიზმზე მიუთითებს.
"ლოკომოტივის" მარბიელმა გივი ბერიშვილმა 83-ე წუთზე დაამიწა ბურთი რუსთავის "ხარების" ჩათვლის მოედანში და რკინიგზელებს ბონუს-ქულა მოუტანა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის, ხოლო "არმიას" მარბიელმა ლევან დარასელიამ, რომელიც "აიასთან" მატჩში 54 წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში, 81-ე წუთზე ქუთაისელთა ძელებს შუა ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს სანუგეშო ქულა მოუპოვა 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის.
აუტსაიდერთა სამეული
"აკადემიას" და "ჯიქების" დაპირისპირება თითქოს საინტერესო და დაძაბული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ერთმანეთის წინააღმდეგ სატურნირო ცხრილის მეზობლები - მერვე და მეშვიდე პოზიციებზე მყოფი გუნდები უპირისპირდებოდნენ, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა.
"ჯიქებმა" ყველა სარაგბო ასპექტში დაჩაგრეს აკადემიკოსები, 30-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ის ფაქტი, რომ უმაღლეს ლიგაში აუტსაიდერი სამი გუნდია: "აკადემია", რუსთავის "ხარები" და "ბათუმი".
გაგა სინაურიძე
ქუთაისის "აიას" მგეზავმა გაგა სინაურიძემ კიდევ ერთი მშვენიერი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ჩემპიონატში.
"არმიასთან" დაპირისპირებისას იგი ყველაზე გამორჩეული გახლდათ მოედანზე, უნარიანად ხელმძღვანელობდა გუნდს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და მასზე დაკისრებულ უმთავრეს მოვალეობასაც არ ივიწყებდა - ქარიანი ამინდის მიუხედავად, 4 საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა მეტოქის კარში რთული პოზიციებიდან (14 ქულა).
შეხვედრის მიწურულს სინაურიძემ ფეხის ტრავმა მიიღო და თანაგუნდელთა დახმარებით დატოვა მოედანი - გულშემატკივართა ტრიბუნამ იგი ტაშით გააცილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"