საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: სამიდან ორმა მოწინავე გუნდმა წაიფორხილა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. პირველი წრის შემდეგ გამოვლენილი სამი მოწინავე გუნდიდან მორიგ, მე-10 ტურში ორმა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ლელომ" და ყველაზე ტიტულოვანმა "ლოკომოტივმა", მარცხი განიცადა.

მეორე წრის პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ქუთაისის "აია" მოექცა, რომელმაც სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ რუსთავის "ხარებს" მოუგო.

ქუთათურები ამისკენ დიდი ხნის განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ. ნათლად ჩანს, რომ წლეულს "აია" უფრო გაზრდილი, დაღვინებულია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია.

"აიას" თამაშში ყველაზე დადებითი ტენდენცია უკანა ხაზის გააქტიურებაა, სადაც ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე მორაგბე
ირჯება. მათ ახლახან დუბაიში გამართულ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზეს.

სატურნირო ცხრილში ლიდერობას ქუთათურები, სავარაუდოდ, მომდევნო ტურის შემდეგაც შეინარჩუნებენ, რადგან შინ აუტსაიდერ "ბათუმს" უმასპინძლებენ.

* * *
"აიას" სატურნირო ცხრილში ორი ქულით ჩამორჩება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის "ლელო", რომელმაც დრამატულ მატჩში წააგო ბოლნისის "ყოჩებთან". აღსანიშნავია, რომ ლელოელებმა სამი მატჩიდან ორი სწორედ "ყოჩებთან" წააგეს.

ამჯერად თამაში ისე წარიმართა, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ "ლელო" დამარცხდებოდა. თავად განსაჯეთ, თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე "ლელო" 17 ქულით იგებდა - 27:10. დარჩენილ დროში "ყოჩებმა" კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა მისთვის დამახასიათებელი ბოლომდე მებრძოლი სული და სამი ლელოს გატანა მოახერხა.

ამასთან ერთად, გამოსარჩევია გუნდის მგეზავის, თემურ სოხაძის წვლილი. ეს მორაგბე ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და, ვფიქრობთ, თავისი პოტენციალის რეალიზებას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ სოხაძე ეროვნულ ნაკრებში 2007 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირზე თამაშობდა. მერე სამსოფლიოთასო განაცხადში ვერ მოხვდა და ნელ-ნელა მისმა კარიერამ უკანსვლა დაიწყო.

ამჟამად ნიჭიერი მორაგბე მშობლიურ კლუბში ძალებს იკრებს და გასაკვირი არ იქნება, მალე ნაკრების წევრებსაც თუ გაუწევს კონკურენციას.

ცალკე განხილვის თემაა მატჩისას მომხდარი ჩხუბი. საგულისხმოა, რომ მსგავსი ინციდენტი "ლელოსთვის" წლეულს პირველი არ არის, რაც გუნდის თამაშზეც აისახება. მომხდარზე უახლოეს დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

* * *
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარცხი განიცადა მოწინავე სამეულის კიდევ ერთმა წევრმა, თბილისის "ლოკომოტივმა". რკინიგზელები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის შესვენების შემდეგ მათ რიგებში ბობა კვინიხიძე გამოჩნდა, თბილისის "ჯიქებთან" ვერაფერს გახდნენ.

ვერ ვიტყვით, რომ "ლოკომოტივს" ცდა არ დაუკლია, მაგრამ უდრეკ მეტოქეს ვერაფერი დააკლო.

ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფულბეკმა ბექა წიკლაურმა შუამარბის პოზიციაზე ითამაშა. ბობამ მისთვის უჩვეულო, ფულბეკის პოზიცია დაიკავა და უკნიდან გუნდს უნარიანად ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რკინიგზელებს დაცვაში ბევრი შეცდომა არ დაუშვიათ, მაგრამ რაც დაუშვეს, "ჯიქებმა" მაქსიმალურად გამოიყენეს, რაც ამ გუნდის სათამაშო კლასის ზრდაზე მეტყველებს. თუ აქამდე "ჯიქები" მორკინალების მძლავრი თამაშით გამოირჩეოდა, ამჟამად მათ უკანახაზელებიც უბამენ მხარს. შესაბამისად, გუნდის თამაში უფრო მწყობრი და ყველა მეტოქისთვის სახიფათო გახდა.

* * *
ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს "არმია", რომელსაც პირველ წრეში მცირეოდენი ჩავარდნა ჰქონდა. არმიელებმა მე-10 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "აკადემიას" სძლიეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა.

"არმია" ახლა 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "აიას" ხუთი ქულით ჩამორჩება.

* * *
კიდევ ერთი ფავორიტის, თბილისის "არმაზის" მატჩი აუტსაიდერ "ბათუმთან" უამინდობის გამო გადაიდო.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 10 8 0 2 +86 36
2. ლელო 10 7 0 3 +109 34
3. ლოკომოტივი 10 7 0 3 +49 32
4. არმია 10 6 1 3 +82 31
5. ჯიქები 10 5 2 3 +64 28
6. არმაზი 9 6 0 3 -2 26
7. ყოჩები 10 5 1 4 +27 26
8. ხარები 10 1 0 9 -122 7
9. აკადემია 10 1 0 9 -145 7
10. ბათუმი 9 1 0 8 -148 6

XI ტური
არმაზი-ლოკომოტივი, არმია-ხარები, აია-ბათუმი, ყოჩები-ჯიქები, ლელო-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული