საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XI ტური: მუშტი-კრივი და უჩვეულო შედეგი "ლელო"-"ბათუმის" მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლელო" გასულ უქმეებზე, ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში "ბათუმთან" რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით დამარცხდა - 0:3.

ასეთი შედეგი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში ბოლოს, ალბათ, მაშინ დაფიქსირდა, როცა ლელო ჯერ კიდევ ერთ ქულად ფასობდა. მთელ მატჩში მხოლოდ ერთადერთი საჯარიმო გავიდა. ის ბათუმელთა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გაიტანა. მანვე ხუთი საჯარიმო და ორი არეკნი ააცილა მიზანს. არადა, ყველა მათგანი ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა.

სიზუსტით არც ლელოელთა ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი გამოირჩა. მან ორჯერ ვერ გაიტანა საჯარიმოდან. აქედან ერთი კარის პირდაპირ, 22 მეტრიდან დაარტყა.

სწორედ
რომ სასწაულების მატჩი იყო. ყველაფერი ლაზათიანმა მუშტი-კრივმაც დაამშვენა, რის გამოც სამხრეთაფრიკელმა არბიტრმა "ლელოს" შუამარბ თორნიკე ცერცვაძეს და "ბათუმის" მესამეხაზელ ლევან თხელიძეს წითელი ბარათი უჩვენა.

მეტი დასაწერიც არაფერია. "ბათუმი" მედგრად იბრძოდა და ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ლელოს დასაცავად, რაც მშვენივრად მოახერხა კიდეც. ზღვისპირელებს, "ლელოს" მსგავსად, 30 ქულა დაუგროვდათ, თუმცა სატურნირო ცხრილში მაინც მასზე უკან, მესამე ადგილზე არიან, რადგან პირველ წრეში თბილისურმა გუნდმა მეტოქე სტუმრად 20:0 დაამარცხა.

და კიდევ, "ლელოს" ანდორიდან დაუბრუნდა მისი აღზრდილი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მგეზავი ოთარ ბარკალაია, რომელმაც ამ შეხვედრაში შუამარბის პოზიციაზე ითამაშა.

ლელო-ბათუმი 0:3
ლელო (15-8) ყიასაშვილი, ხეცოიძე, ცერცვაძე, ბარკალაია, ნიჟარაძე, ხმალაძე, მინდიაშვილი. (1-8) ჯულაყიძე, ლომთაძე, სანიკიძე (სუჯაშვილი 49), ხორბალაძე, ქოიავა, კოლელიშვილი, ბუბუტეიშვილი, მაისურაძე.
სინბინი: მინდიაშვილი
გაძევება: ცერცვაძე
ბათუმი (15-8) კობახიძე, მიმინოშვილი, ჯიმშელაძე, გ. თუთბერიძე, კვერნაძე, გიორგაძე, ზ. თუთბერიძე. (1-8) ერისთავი, გიგაშვილი, კელენჯერიძე, ბერიძე, აზალაძე, თხილაიშვილი, კორტავა, თხელიძე.
ს: კობახიძე.
გაძევება: თხელიძე.
მსაჯი: ტაჰია ნტშაკაზა (სამხრეთი აფრიკა)

* * *
პირველი გამარჯვება მოიპოვა უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა თბილისის "თიბიესმა". აუტსაიდერი "ავჭალის სარაგბო სტადიონის" სათადარიგო მოედანზე ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდა და 15:8 დაამარცხა.

ქუთათურების წაგება, ცხადია, მოულოდნელი იყო. თუმცა, როგორც არაერთხელ ვწერდით, გუნდი ძირითადად ძალიან პერსპექტიული, მაგრამ ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და მის თამაშს სტაბილურობა აკლია. "თიბიესმა" ბოლომდე თავდადებით ითამაშა, ყველა ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-5 წუთზე გახსნეს. "თიბიესის" კაპიტანმა და ფულბეკმა უჩა მჭედლიშვილმა საჯარიმო 50 მეტრიდან გაიტანა.

ცხადია, ამას "აია" არ შეუშინებია. მალე ქუთათურთა მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 3:3. მე-12 წუთზე კი სტუმრებმა შესანიშნავი იერიში განავითარეს მარცხენა ფრთაზე, ხელდახელ ბურთაობით მეტოქის დაცვა გაიარეს და ლელო შუამარბმა გაგა სინაურიძემ მიითვალა. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 8:3.

ვერ ვიტყვით, რომ ამის შემდეგ თამაშის ხასიათში რამე შეიცვალა. "აია" მრავალფაზიანი შეტევების ორგანიზებას ცდილობდა. მასპინძლები კი უფრო პრაგმატულად ირჯებოდნენ და ტაიმის დასრულებამდე მჭედლიშვილმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა - 9:8. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ "აია" კიდევ უფრო გააქტიურდა, თითქმის მთელი მეორე ტაიმი მეტოქის მოედანზე გაატარა, მაგრამ მონაგრის გაზრდა ვერაფრით შეძლო. ერთი საჯარიმო ჯინჭველაშვილს გაუცუდდა, მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში დერეფანი ქუთათურებმა ოთხჯერ წააგეს. ტაიმის შუაწელში გუნდური ჩხუბიც ატყდა. არბიტრმა მოედნიდან თბილისელთა მესამეხაზელი ბექა არველაძე და "აიას" შერკინების ბურჯი გიორგი ტორაძე გააძევა, გარემარბი ბექა ტორაძე კი სინბინში გაუშვა.

მასპინძელთა ფულბეკი მჭედლიშვილი კი მეტოქის კარის დალაშქვრას განაგრძობდა. მან 65-ე და 76-ე წუთებზე კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და თავისიანებს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა - 15:8.

თიბიესი-აია 15:8
თიბიესი (15-8) მჭედლიშვილი, სამაშვილი, ლაზარიშვილი (ელბაქიძე 75), კორკელია, ჩაჩავა, ჯინაშვილი (შალიკაშვილი 58), ნასრულაევი (ღამბაშიძე 60). (1-8) ორაგველიძე, თედორაძე, ფსუტური, ნიშნიანიძე, მახარაძე, გოგლიძე, არველაძე, ხიზანიშვილი.
5ს: მჭედლიშვილი
გაძევება: არველაძე.
აია (15-8) მოდებაძე, ბ. ტორაძე, კიკვაძე, სინაურიძე, აბრამიძე, ჯინჭველაშვილი, თ. თუთბერიძე. (1-8) მატარაძე (უფრ. ტორაძე 41), მატკავა (ლომსიანიძე 41), უმც. ტორაძე, ჩიტეიშვილი, კუხიანიძე (გიორგაძე 41), შალამბერიძე, დ.ლოსაბერიძე, ყურაშვილი.
ლ: სინაურიძე. ს: ჯინჭველაშვილი.
სინბინი: ბ. ტორაძე
გაძევება: უმც. ტორაძე.
მსაჯი: საბა აბულაშვილი

* * *
მე-11 ტურში გათამაშების ლიდერმა ბოლნისის "ყოჩებმა" შინ თბილისის "ჯიქს" 12:3 მოუგო და ზამთრის არდადეგებზე დაუმარცხებელი წავიდა. ბოლნისელები "ლელოსა" და "ბათუმს" 14 ქულით უსწრებენ.

კიდევ ორი მატჩი, "ლოკომოტივი"-"არმაზი" და "არმია"-"ხარები" გადაიდო. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელებს "არმაზთან" პირველი წრის მატჩიც გამოტოვებული აქვთ.

XI ტური
ყოჩები-ჯიქი 12:3

ლოკომოტივი-არმაზი გადაიდო
არმია-ხარები გადაიდო


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 11 10 1 0 +123 44
2. ლელო 11 6 2 3 +58 30
3. ბათუმი 11 6 1 4 +30 30
4. ხარები 10 5 2 3 +30 26
5. აია 11 5 0 6 -3 24
6. ჯიქი 10 4 1 4 -9 20
7. არმია 10 4 0 6 -48 19
8. ლოკომოტივი 9 3 1 5 -14 18
9. არმაზი 8 3 0 5 -19 14
10. თიბიესი 10 1 0 10 -148 7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული