სტადიონზე მყოფი ორიათასამდე გულშემატკივრის მხარდაჭერით გულმოცემულმა ქუთაისურმა გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და სტუმრებს ჯარიმა გამოსტყუა. გაგა სინაურიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ძელებს შორის გაატარა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 3:0.
ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ანგარიში მალევე ირაკლი ყიასაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრეს. ყიასაშვილს ორიოდე წუთში ლელოელთა დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა და საჯარიმო ვერ გამოიყენა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, ხან ერთი გუნდი უახლოვდებოდა მეტოქის ჩათვლის მოედანს, ხან მეორე, თუმცა გადამწყვეტ
31-ე წუთზე გაგა სინაურიძეს საჯარიმო დარტყმით "აიას" წინ გაყვანა შეეძლო, მაგრამ ვერ გაიტანა. ცოტა ხანში ქუთაისელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ხელდახელ ბურთაობით მეტოქის 22-მეტრიან ხაზს მიუახლოვდნენ. მოწინააღმდეგესთან შედარებით რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა თემურ თუთბერიძეს ბურთი ცუდ დროს გაუვარდა ხელიდან და მწვავე შეტევა ჩაიშალა.
ტაიმის ბოლოს "ლელოს" მიეცა სალელოვე შანსი, ქუთაისელები საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ, ოთარ ბარკალაიამ ბურთი კიდეზე გადააგდო, ლელოელებმა 22-მეტრიან ხაზთან აუტი მოიგეს და მასპინძლებს მოლით მიაწვნენ, მაგრამ "აიამ" თავი კარგად დაიცვა, ლელოელები წინ თამაშისთვის დაჯარიმდნენ და მატჩის პირველი ნახევარი 3:3 დასრულდა.
მეორე ტაიმი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. 50-ე წუთზე ქუთათურებმა მარცხენა ფლანგზე გაშალეს შეტევა, სადაც ბექა ტორაძემ ითამაშა კარგად, ცრუ მოძრაობით ლელოელებს ხაზი გაუჭრა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. სინაურიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა.
მასპინძლების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, სტუმრებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და მწვავედ შეუტიეს, ბოლო ფაზაში მოლით მიაწვნენ და ზედახორაში ზურაბ ხორბალაძემ ბურთი ლელოში დაამიწა. ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა.
გაგა სინაურიძემ ცოტა ხანში საჯარიმო დარტყმით ისევ "აია" გაიყვანა წინ - 11:8, რასაც კვლავ სტუმრების გააქტიურება მოჰყვა. მატჩის ბოლო წუთები ძალზედ დაძაბული გამოდგა. 77-ე წუთზე ამირან წაქაძე გაასინბინეს, ლელოელები კი თითქმის ჩათვლის მოედნამდე მივიდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა შეტევა მოიგერიეს.
ბოლო წამზე ბურთს მასპინძლები ფლობდნენ და რომ მოეხერხებინათ კიდეზე გადატანა, შეხვედრა დასრულდებოდა, მაგრამ არბიტრმა თორნიკე მანაგაძე შეტევაში დააჯარიმა, თან ყვითელიც აუფრიალა, რასაც ქუთაისელთა განაწყენება მოჰყვა, ისინი მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ...
ყიასაშვილმა კი გადამწყვეტი საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა - 11:11.
დიდი 10. V ტური
აია (ქუთაისი)-ლელო 11:11
აია (15-9) მოდებაძე, ბ. ტორაძე, მანაგაძე, სინაურიძე, აბრამიძე, ბაბუნაშვილი, თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 47); (1-8) რატიაშვილი, მატკავა (გ. ტორაძე 45), უშხვანი (წაქაძე 55.), ა. ჩიტეიშვილი (ხანთაძე 62.), გ. ჩიტეიშვილი, რევიშვილი (გორგასლიძე 47), დ. ლოსაბერიძე, სალდაძე.
ლ: ბ. ტორაძე. 2ს: სინაურიძე
სინბინი: წაქაძე, მანაგაძე.
ლელო (15-10) ყიასაშვილი, ზაალიშვილი (ფაფიაშვილი 67), ხეცოიძე, ლომინაძე (ხეცურიანი 59), შანიძე, ბარკალაია, მინდიაშვილი; (1-8) ჯულაყიძე, ჭყოიძე, პატარაია (მჭედლიძე 67), ხორბალაძე (კოპაძე 68), ქოიავა, ბუბუტეიშვილი, სურგულაძე, მაისურაძე (ლომთაძე 59)
ლ: ხორაბალაძე. 2ს: ყიასაშვილი
მსაჯი: თ. გვირჯიშვილი
სხვა მატჩები
ბათუმი-ყოჩები 3:9
ჯიქი-აკადემია 40:3
ხარები-ლოკომოტივი 17:31
არმაზი-არმია 24:24
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 5 5 0 0 +62 22
2. ბათუმი 5 4 0 1 +20 17
3. აია 5 3 1 1 +21 15
4. ლელო 5 3 1 1 +13 14
5. ლოკომოტივი 4 2 0 2 +11 10
6. ყოჩები 4 2 0 2 +7 10
7. აკადემია 4 2 0 2 +2 10
8. არმია 5 0 1 4 -27 5
9. არმაზი 3 0 1 2 -13 3
10. ხარები 5 0 0 5 -59 1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"