დიდი 10. VIII ტური: "ბათუმმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერმა გორის "ჯიქმა" მორიგი მარცხი განიცადა, სატურნირო ცხრილში, ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა.

"ჯიქს" მჭიდროდ მიუახლოვდა "ბათუმი", რომელმაც "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" დამაჯერებლად მოუგო "არმიას" - 36:15. თუმცა მატჩის პირველი ტაიმი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა და ბათუმელთა 21-ქულიანი სხვაობით გამარჯვებას ცოტა თუ ვინმე იფიქრებდა. მეტიც, შესვენებაზე გუნდები მასპინძელთა ერთქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 9:8.

ანგარიში ბათუმელებმა მატჩის მე-9 წუთზე გახსნეს. მეტოქის ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა ცრუ მანევრით გაჭრა ხაზი. შეტევა მარჯვენა მოკლე ფრთაზე
გაგრძელდა და ლელოში შუამარბმა ლაშა დონაძემ შეაღწია. გარდასახვა ბახვა კობახიძემ ვერ გაიტანა, თუმცა მერე მანვე საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა თავისიანები.

"არმია", ცხადია, გულზე ხელდაკრეფილი არ იდგა. მართალია, მეტოქეს სალელოვე საფრთხეს ვერ უქმნიდნენ, მაგრამ მათმა მგეზავმა გიგი გაბუნიამ სამი საჯარიმო გაიტანა და, როგორც უკვე ვთქვით, პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს.

მეორე ტაიმში არმიელებმა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ გიორგი თხილაიშვილისა და ბათუმელთა მეორეხაზელ ლაშა აზალაძის აქტიურ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირეს. ორივე მათგანმა მატჩის მეორე ნახევარში ორ-ორი ლელო მიითვალა. კობახიძემ ყველა გარდასახა.

არმიელებმა მეტოქეს მხოლო ორი საჯარიმოთი უპასუხეს და ისევ სატურნირო ცხრილის სახიფათო ზონაში იმყოფებიან. "ბათუმი" კი ლიდერ "ჯიქს" ერთი ქულით ჩამორჩება, რომელმაც მოულოდნელად შინ წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ რუსთავის "ხარებთან" - 5:6.

დიდი 10. VIII ტური
არმია-ბათუმი 15:36
არმია (15-9): ჯინაშვილი, მახარაშვილი, აფციაური, ჩხიკვაძე, მესხი, გაბუნია (ჯიმუხაძე 70), როხვაძე. (1-8) ქორიძე (ყირიმლიშვილი 47), მეკოკიშვილი, დონაძე, სურგულაძე, ქარუხნიშვილი, გოგლიძე, დაუშვილი, ნიბლაძე.
5ს: გაბუნია.
ბათუმი (15-9): კობახიძე, ტრაპაიძე, ჯიმშელაძე, დონაძე, ევგენიძე, ჭინჭარაული, თუთბერიძე. (1-8) ერისთავი (თედორაძე 41, კელენჯერიძე 61), კვანტიძე (ხოჭოლავა 61), ბაღაშვილი, აზალაძე, ბეჟანიძე (კვაჭაძე 69), ალიქაძე, შაშიაშვილი, თხილაიშვილი.
5ლ: აზალაძე (2), თხილაიშვილი (2), დონაძე. 4გ,ს: კობახიძე.
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

ლელო-ყოჩები 28:24
არმაზი-აია 18:24
აკადემია-ლოკომოტივი 9:10
ჯიქი-ხარები 5:6

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 8 6 0 2 +64 28
2. ბათუმი 8 6 0 2 +36 27
3. აია 8 5 1 2 +25 24
4. ლელო 8 5 1 2 +22 23
5. ლოკომოტივი 8 5 0 3 +16 23
6. ყოჩები 7 4 0 3 +20 19
7. აკადემია 8 3 0 5 -32 15
8. ხარები 8 2 0 6 -60 10
9. არმია 8 1 1 6 -47 10
10. არმაზი 7 0 1 6 -44 6

IX ტური
აია-აკადემია, ლოკომოტივი-ლელო, ყოჩები-არმია, ბათუმი-ჯიქი, ხარები-არმაზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული