ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურის მატჩში, სტუმრად, მედინა დელ კამპოში ესპანეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - 20:10.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მძიმე თამაში გამოდგა. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. მეტოქე აგრესიულად, თამამად გვეთამაშებოდა. მეორე ტაიმში ტაქტიკა შევცვალეთ, ვფიქრობ, ამან გაამართლა" - თქვა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა.

ესპანელებს, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, უელსელი არბიტრის უცნაურმა გარჯამაც შეუწყო ხელი. რეფერიმ ორჯერ ჯარიმის უპირატესობა არ დაგვიბრუნა. შედეგად, ბურთი მეტოქეს გადაეცა, რაც სათამაშო უპირატესობის მოპოვებაში ხელს უწყობდა. მერე, მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა
ხმალაძის
მიერ გატანილი ლელო არ ჩათვალა. არადა, იმ დროს 3:10-ს ვაგებდით. აღარაფერს ვამბობთ რაკში თამაშისას, არათუ ჯარიმის ზღვარზე, არამედ წესის დარღვევით ჩვენი იერიშების შეფერხებაზე.

ეს რაც მსაჯს ეხება. ახლა ჩვენი გუნდის ხარვეზებზეც ვთქვათ. ბურთი წინ საკმარისზე მეტად გვივარდებოდა, ხშირად, სრულიად უხიფათო ვითარებაში. მართალია, ყველა საკუთარი დერეფანი მოვიგეთ, მაგრამ მეტოქის მხოლოდ ერთი წამოვიღეთ. ისევ არ იყო სათანადო დონეზე ხაზის გამჭრელ მოთამაშეზე მიყოლა. გვიჭირდა რაკის შენარჩუნება და მეტოქისთვის ბურთის ართმევა. ამდენად, მეორე ტაიმში, რომელიც 17:0 მოვიგეთ, ბურთი მეტწილად მეტოქეს ჰქონდა და შესაბამისად, უპირატესობასაც ფლობდა.

კარგი იყო დაცვა. თუ რამდენიმე წვრილ-წვრილ შეცდომას არ ჩავთვლით, ამ კომპონენტში ცუდად არ გამოვიყურებოდით. აღარაფერს ვამბობ შერკინებაზე სტატიკურ მდგომარეობაში. დერეფნის აგდების შემდეგ მოლის დაყენების ნაცვლად გუნდი ხელდახელ კომბინაციურ თამაშს ცდილობდა და ორი ლელოც სწორედ ასე გავიტანეთ.

შესანიშნავი იყო ნაკრების დებიუტანტის, თბილისის "აკადემიის" გარემარბის, იოსებ მათიაშვილის ლელო, რომელიც ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახალგაზრდა აკადემიელს არც მატჩის სხვა ეპიზოდებში შეურცხვენია თავი და დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. შესაბამისად, მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

აუცილებლად უნდა ვთქვათ კიდევ ერთ დებიუტანტზე. თბილისის "არმაზის" შუამარბი ბადრი ლიპარტელიანი თამაშში პირველივე ტაიმში, დაშავებული კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ნაცვლად ჩაერთო. მართალია, მას ლელო არ გაუტანია, მაგრამ დაცვაში კარგი თამაშისთვის უნდა შევაქოთ.

ერთი სიტყვით, განვლილმა სამმა ტურმა რამდენიმე კარგი ახალგაზრდა მორაგბე წარმოაჩინა, რომლებსაც ყველა მონაცემი აქვთ, რათა ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ. ყველაფერი მათ მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

ესპანელებმა თამაში პროვინციაში, ვალიადოლიდთან ახლოს მდებარე დაბა მედინა დელ კამპოში რომ დანიშნეს, უმალ სტადიონის რეკონსტრუქცია წამოიწყეს და ათასხუთასიანი ტრიბუნა ახლა 7 500 მაყურებელს იტევს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ყველაზე მეტად თვალში საცემი დამსწრე აუდიტორიის რაგბიში გაცნობიერებულობა იყო. უცნაურია, მაგრამ საჯარიმოს დარტყმისას სტადიონი დუმდა. ისე, როგორც ეს ირლანდიაშია მიღებული, ჩვენს სტადიონებზე ასე არაა.

პირველ ტაიმში ესპანელები ჩვენს 22-მეტრიან ზონაში სულ სამჯერ შევიდნენ. აქედან უქულოდ უკან მხოლოდ ერთხელ გავუშვით. ანგარიში მასპინძლებმა მე-2 წუთზე ფულბეკის, ბრედ ლინქლეითერის საჯარიმოთი გახსნეს - 3:0.

სამ წუთში მერაბ კვირიკაშვილს შეეძლო გაეთანაბრებინა, მაგრამ საჯარიმო გაუცუდდა. გათანაბრება ფულბეკმა მხოლოდ 24-ე წუთზე შეძლო. თუმცა, იქამდე ორი საჯარიმო კარში არ დავარტყით. ბურთი ორივეჯერ აუტში გადავიტანეთ, მაგრამ ვერაფერი ვიხეირეთ.

26-ე წუთზე ესპანელები ისევ დაწინაურდნენ. ამჯერად, ჩვენს 22-მეტრიან ზონაში მეორედ სტუმრობისას მორკინალებმა იყოჩაღეს. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ლელო წარმოშობით ფიჯელმა ილაიტია ნგავინდიმ გაგვიტანა. ლინქლეითერმა გარდასახა - 10:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები საგრძნობლად გააქტიურდა. საწყის ათ წუთში ორი ლელო გავიტანეთ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ხმალაძის ლელო არბიტრმა არ ჩათვალა. ეს 47-ე წუთზე მოხდა. ერთ წუთში კი სამართალი აღდგა. დერეფნიდან დაწყებული კომბინაცია თითქოს მარცხნივ, გრძელ ფრთაზე უნდა განვითარებულიყო, მაგრამ ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ შეტევის მიმართულება შეცვალა და მარჯვნივ, კიდესკენ გიორგი თხილაიშვილს გადააწოდა. ის მეტოქის ორ მორაგბეს ხელიდან დაუსხლტა და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:10.

ესპანელები მეორე ტაიმში ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ. თუმცა, 58-ე წუთზე ისევ დერეფნიდან დაწყებული კომბინაცია მარცხენა, მოკლე ფრთაზე გავაგრძელეთ. კვირიკაშვილმა ბურთი მეტოქის ზურგს უკან ფეხით შეაცურა. ყველას გარემარბმა იოსებ მათიაშვილმა დაასწრო და დებიუტი ლელოთი აღნიშნა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა.

მერე თამაშის დასრულებამდე ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოც გაიტანა და "ბორჯღალოსნებმა" 20:10 გაიმარჯვეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური
ესპანეთი-საქართველო 10:20
ესპანეთი (15-9) ლინქლეითერი, კასტილიონი, მენგიონი, სნი, ალვარესი, ხორბა, ბელი (ხიმენო 54), რუე (რამოს 69), (1-8) ლოპესი (ბლანკო 41), ბარნსი (აუსკი 41), ბლანკო (საბალა 41), ნგავინდი (გიომი 55-61, ბლანკო 77-79), სანჩესი (გიომი 62), ვიანუევა, კანოსა (ფოულდსი 51) ჟიბუენი.
ლ: ნგავინდი; გ,ს: ლინქლეითერი
სინბინი: საბალა
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მათიაშვილი, კაჭარავა, შარიქაძე (ლიპარტელიანი 20), თოდუა (წიკლაური 78), ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 63) (1-8) თეთრაშვილი (მატარაძე 54), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 54), ბეკოშვილი (ტაბიძე 61), ნემსაძე, მიქაუტაძე (შუბითიძე 77), გიორგაძე (ცუცქირიძე 55), თხილაიშვილი, ლომიძე.
2ლ: თხილაიშვილი, მათიაშვილი. 2ს, 2გ: კვირიკაშვილი
მსაჯი: კრეიგ ევანსი (უელსი).

სხვა მატჩები
რუსეთი-რუმინეთი 10:30
გერმანია-ბელგია 34:29


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 3 0 0 3 +79 14 2
2. რუმინეთი 3 2 0 1 +27 10 2
3. გერმანია 3 2 0 1 -36 8 0
4. ესპანეთი 3 1 0 2 -10 4 0
5. რუსეთი 3 1 0 2 -23 4 0
6. ბელგია 3 0 0 3 -37 2 2

IV ტური
11 მარტი
ბელგია-რუმინეთი
გერმანია-ესპანეთი

12 მარტი
საქართველო-რუსეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
კომენტატორების ცუდობა, მაშინაც შესამჩნევია, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს!!!

ერთხელ მახსოვს, მსოფლიოს თასზე რადიოში ვუსმენდი რაგბის და 2 ლელო რომ დადო რომელიღაც ევროპულმა გუნდმა დიდი ხნის შემდეგ გავიგე!!!
ვაღიაროთ, რომ ცუდი კომენტატორები გვყავს.
gela
11:35 07-03-2017
0
ნუ იტყვით და მთავარი პრობლემა ამ შეხვედრაში არა გუნდის დაულაგებელი თამაში, არამედ კომენტატორების ცუდი "კომენტატორობა" ყოფილა. სასაცილოა ზოგიერთი მეგობრის ამაზე აპელირება. თუმცა ქართველებში ყველაფერი მოსულა. ისინი ხომ ყველაფერში ერკვევიან და სუპერ სპეციალისტები არიან ნებისმიერ სფეროში (ეს ხომ ქვეყანასაც ეტყობა). მათ შორის რა თქმა უნდა არიან სუპერ კომენტატორები. "ასე რატომ თქვა", "ისე რატომ არ თქვა" და ა.შ. თუმცა როგორ უნდა ეთქვა, იმას არ ამბობენ. მოკლედ.....
giorgi saakadze-teiranidan
09:47 07-03-2017
0

სიახლეები პოპულარული