დიდი 10. XVIII ტური: ელიტაში "ხარები" "ბაგრატმა" შეცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება დასრულდა. გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის განაგრძობენ ბრძოლას. პირველ ლიგაში კი რუსთავის "ხარები" დაქვეითდება.

ბოლო ტურში ერთმანეთის პირისპირ ლიდერები, თბილისის "ლელო" და "ლოკომოტივი" დადგნენ. ამ მატჩის შედეგი სატურნირო ცხრილზე გავლენას ვერაფრით იქონიებდა და ამიტომ გუნდებმა ღია რაგბობა გააჩაღეს. თამაში უხვქულიანი გამოდგა და გამარჯვება ბოლო წუთზე ლაშა ხმალაძის მიერ გატანილი საჯარიმოს წყალობით "ლელოს" დარჩა - 34:31.

"ლელომ" რეგულარული გათამაშება დამაჯერებლად მოიგო. მან ცხრა ქულით გაუსწრო მეორეადგილოსან "ლოკომოტივს". ახლა ორივე მათგანი სამ კვირას იუქმებს და მერე შესარჩევ
ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

გასავარდნ ფინალში ასპარეზობის უფლებისთვის კი ოთხი გუნდი იასპარეზებს. გორის "ჯიქები", რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, თბილისში ეთამაშება მეექვსეადგილოსან "აიას". "ბათუმი" კი, რომელიც სატურნირო ცხრილში მეოთხეა, შინ დაუპირისპირდება ბოლნისის "ყოჩებს".

საკმაოდ მწვავე ბრძოლა გაჩაღდა რეგულარული გათამაშების მიწურულს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლთა შორის. "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" უშუალო კონკურენტები, თბილისის "არმაზი" და რუსთავის "ხარები" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რუსთავურ გუნდს 7 და ნაკლები ქულით წაგებაც ხელს აძლევდა, რადგან ერთ საპრემიო ქულას მიითვლიდა და მეტოქისგან მიუწვდომელი რჩებოდა.

რუსთაველებმა შეხვედრა 12 ქულის სხვაობით, 10:22 წააგეს. შედეგად "ხარებმა" და "არმაზმა" თანაბარი, 29-29 ქულა დააგროვეს და, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა არმაზელებს ჰქონდათ, ბოლო ადგილზე "ხარები" გავიდა.

უმაღლესი ლიგის დატოვება "არმიასაც" ემუქრებოდა, მაგრამ ამ გუნდმა ბოლო ტურში ბოლნისის "ყოჩების" დამარცხება შეძლო - 16:10 და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

რუსთავის "ხარებს" მომავალ სეზონში ქუთაისის "ბაგრატი" შეცვლის, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო პირველ ლიგაში. მეორე ადგილისთვის აქ თბილისის "დინამო" და "თიბისი" იბრძვიან. ბოლო ტურში, რომელიც 10 აპრილს გაიმართება, ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან.

მეორეადგილოსანი გადასასვლელ პლეი ოფში უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე გასულ "არმაზს" ეთამაშება.

დიდი 10. XVIII ტური
ლელო-ლოკომოტივი 34:31
არმაზი-ხარები 22:10
ჯიქი-ბათუმი 15:8
არმია-ყოჩები 16:10
აკადემია-აია 31:12

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 18 14 1 3 +88 61
2. ლოკომოტივი 18 11 1 6 +38 52
3. ჯიქი 18 10 1 7 +93 50
4. ბათუმი 18 9 2 7 +22 47
5. ყოჩები 18 10 0 8 +21 46
6. აია 18 8 2 8 -12 41
7. აკადემია 18 7 0 11 -43 35
8. არმია 18 5 2 11 -60 32
9. არმაზი 18 5 1 12 -63 29
10. ხარები 18 6 0 12 -84 29

ნახევარფინალის შესარჩევი
16 აპრილი
ჯიქი-აია
ბათუმი-ყოჩები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აკადემიას არასდროს ქონია 29 ქულა და არც გადათამაშებაში მოყოლილა და გთხოვთ დაააზუსტოდ ინფორმაცია და ისე დაწეროთ სტატია!!!!
ბესიიიკ ჯანგავაძეს!!
16:24 04-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული